in

ბანკის ისტორია

ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდნენ ვაჭრები, რომლებიც მიწათმოქმედებსა და სხვა ვაჭრებს მარცვლეულს სესხად აძლევდნენ. ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ისინი იყვნენ დღევანდელი ბანკების პირველი პროტოტიპები.

ბანკების ჩამოყალიბება იმპერიებს შორის ვაჭრობის დაწყებასა და ვალუტის შემოღებას უკავშირდება. ქვეყნებს სხვა ქვეყნებთან სავაჭროდ უნდა მოეძებნათ გზა, რომლითაც მარტივად გაცვლიდნენ ერთმანეთში პროდუქტებსა და მომსახურებას.

სხვადასხვა ზომის და ღირებულების მონეტები გადახდის პოპულარული საშუალება გახდა. მონეტების შესანახად საჭირო იყო დაცული ადგილი. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით გადასახადების შესაგროვებლად და სიმდიდრის გადასანაწილებლად ფუნქციური სისტემაც დასჭირდათ. ეს დაცული ადგილი და ფუნქციური სისტემა სწორედ ბანკი იყო.

თავდაპირველად ბანკის მოვალეობას ტაძარი ასრულებდა – ტაძარი წარმოადგენდა ფინანსურ ცენტრს, სადაც ინახებოდა ფული და გასცემდა სესხებს. მალე ბანკი დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. რაც უფრო ძლიერდებოდა ქვეყანა თუ იმპერია და იზრდებოდა ეკონომიკა, ბანკებს უფრო მეტი სესხის გაცემა შეეძლოთ.

ბანკი, როგორც დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუცია, პირველად იტალიის ჩრდილოეთში 1407 წელს გაჩნდა.

ბანკის გაჩენასთან ერთად საჭირო გახდა კანონების ცვლილება ან შემოღება. თავდაპირველად სესხის ვალდებულება შთამომავლებს გადაეცემოდათ. ვალი ზოგჯერ იქამდე გადადიოდა თაობებზე, ვიდრე გამსესხებელს ან მევალეს შთამომავალი აღარ დარჩებოდა. იულიუს კეისრის დროს, რომის იმპერიაში ეს კანონი შეიცვალა – გამსესხებელს უფლება მიეცა მიწის კონფისკაცია მოეხდინა, თუ მევალე სესხს არ დააბრუნებდა.

დროთა განმავლობაში კანონები მრავალჯერ შეიცვალა და მივიღეთ ისეთი ფინანსური ინსტიტუცია, როგორიც დღეს გვაქვს. მარცვლეულის გაცემა საუკუნეების განმავლობაში თანამედროვე საბანკო სისტემად გარდაიქმნა.

თანამედროვე ბანკსაც შემორჩენილი აქვს ის ფუნქცია, რაც პირველ ბანკს ჰქონდა – დაცული ადგილია ფულის შესანახად, დეპოზიტზე ირიცხება პროცენტი, გასცემენ სესხებს.

ბანკის შექმნა საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებამ განაპირობა. ბანკი სასარგებლოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ზოგადად ეკონომიკისთვისაც. ადამიანები ხშირად მიმართავენ ბანკს, რათა დაიკმაყოფილონ სხვადასხვა საჭიროება თუ სურვილი – იყიდონ სახლი ან მანქანა, დაიფინანსონ განათლება, წამოიწყონ ბიზნესი.

ბანკის არსებობა ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის “აფინანსებს” სხვადასხვა საქმიანობას, სფეროს, წამოწყებას, რომლებიც აფართოებენ და აძლიერებენ ეკონომიკას.

გარდა ამისა, ბანკის არსებობამ შესაძლებელი გახადა სესხის უფრო იაფად გაცემა, შესაბამისად სესხი ხელმისაწვდომი გახდა უფრო მეტი ადამიანისთვის. ბანკის ამ დადებითი მხარეების შესახებ იცოდა ილიამაც, როდესაც 1867 წელს საქართველოში პირველი ბანკი გახსნა. იგი აქტიურად მოუწოდებდა ხალხს ბანკიდან გამოტანილი ფული არ გაეფლანგათ და ეკონომიკური მოგებისთვის გამოეყენებინათ. როცა ბანკი ფულს აძლევს მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, მცირე ბიზნესებსა და სხვადასხვა სერვისის მომწოდებლებს, ამით ის ეკონომიკის ზრდასაც ეხმარება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდისაა ერთი ჭიქა წყალი ძვირი?

ფეხბურთის ეკონომიკა