ჩრდილოვან ეკონომიკას არაფორმალური საქმიანობები ქმნიან. და კი, თუ ახლა წარმოიდგინე მიწისქვეშა, არალეგალური ბიზნესები, მაფია და კლანები – მართალი ხარ, ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილია, თუმცა მხოლოდ ეს არა. ჩრდილოვან ეკონომიკას ის ადამიანებიც ქმნიან, რომელთა სამუშაო ლეგალურია, თუმცა საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან: მაგალითად თვითდასაქმებული ფერმერები, კერძო რეპეტიტორები, მუშები და ა.შ.
ძნელი, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს წარმოდგენა ქვეყანაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტ-ეკონომიკური გადაწყვეტილება შესაძლოა არაეფექტიანი ან პირიქით, წამგებიანიც კი აღმოჩნდეს. ასე სახელმწიფოს არ ექნება ინფორმაცია ქვეყანაში უმუშევრობის, ხარჯების, შემოსავლების და სხვა მაჩვენებლების შესახებ.
თუმცა, ჩრდილოვანი ეკონომიკის დაახლოებით 2/3 იხარჯება ოფიციალურ ეკონომიკაში, რაც მის ზრდას უწყობს ხელს, შესაბამისად გადაჭრით იმის თქმა, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას მხოლოდ ცუდი შედეგი მოაქვს, არ იქნება სწორი.
ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა და ტიპი ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. 90-იანი წლებიდან დღემდე, მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკით ხასიათდებიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები, განსაკუთრებით უკრაინა, საქართველო და ბელორუსია. როგორც უკვე ვთქვით, ეს არ ნიშნავს რომ სრულიად უკანონო საქმიანობაზე მოდის ეს მონაცემი. IMF-ის მიხედვით, 1991 წლიდან 2015-მდე საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკა საშუალოდ 64.87%-ს შეადგენდა, ჩვენზე მეტი ვის აქვს? არავის. ყოველ შემთხვევაში IMF-ს მიხედვით. იმის გამო, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დათვლა რთულია, სხვადასხვა კვლევის მონაცემები განსხვავდება, თუმცა პირველ ხუთეულში თითქმის ყველგან ვართ.
ჩრდილოვან ეკონომიკას სხვადასხვა მეთოდით ზომავენ. პირველი არის “პირდაპირი” გამოკითხვა, როდესაც ადამიანებს ავსებინებენ კითხვარს, რომლის საშუალებითაც ადგენენ აქვს თუ არა მას რაიმე “ჩრდილოვანი” საქმიანობა, თუმცა ადამიანთა დიდი ნაწილი უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე ან არ აძლევს სწორ ინფორმაციას, ამიტომ ასეთ მეთოდს დიდი ცდომილება აქვს.
ერთ-ერთი მეთოდია ქვეყანაში დახარჯული ელექტროენერგიისა და მშპ-ს შედარება. არსებობს პროპორციული კავშირი – რაც უფრო მეტად აქტიურია ეკონომიკა, მით მეტი ელექტროენერგია სჭიდება, ამიტომ თუ ბევრი იხარჯება და ეს ოფიციალურ ეკონომიკაზე არ აისახება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩრდილოვან საქმიანობებს ხმარდება.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველო მაინინგის კუთხითაც ლიდერობს მსოფლიოში, შესაძლოა ასე დათვლამაც ცდომილება მოგვცეს. მაინინგი ვახსენეთ და ბარემ ვიტყვით, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომას ქვეყნის მიმოქცევაში ქაღალდის ფულის რაოდენობითაც ადგენდნენ – რაც უფრო მეტია, მით უფრო დიდია შანსი, რომ “ჩუმად” იხდიან რამეში ფულს; თუმცა, კრიპტოვალუტების გააქტიურების შემდეგ, სავარაუდოა, რომ ეს მეთოდიც მოძველდა.
ბევრი კვლევაა ჩატარებული, თუ რა იწვევს ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის გაზრდას. ძირითადად კავშირი ვლინდება რეგულაციების მატებასთან – რაც უფრო მეტ რეგულაციას უწესებ ბაზარს, მასში მომუშავეებს (როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის მხრიდან) უჩნდებათ მოტივაცია, რომ “დახლქვეშ” დაიწყონ მუშაობა.
გადასახადების ზრდა კი მათგან თავის არიდების სურვილს ზრდის.
ჯონსონის, კაუფმანისა და შლაიფერის 1997 წლის მოდელის მიხედვით თუ რეგულაციებს 1-5 შკალამდე შევაფასებთ, რეგულაციების 1 ერთეულით მატება, მშპ-ში ჩრდილოვანი ეკონომიკის 8.1%-ით ზრდას იწვევს. თუმცა, არის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკაში ჩრდილოვანის წილი ცოტაა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მაღალი გადასახადები აქვთ, ამის მიზეზად გამართული საკანონმდებლო სტრუქტურა და საზოგადოების “დიდი საგადასახადო მორალი” მიაჩნიათ. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე მცირე ჩრდილოვანი ეკონომიკა აქვს შვეიცარიას 7.2%, მას კი მოჰყვება ავსტრია 8.9%-ით. ზოგადად, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაღალი დონე კი მდიდარ ქვეყნებზე მეტად, ღარიბ ან განვითარებად ქვეყნებს ახასიათებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings