ფულის დაზოგვა ერთი შეხედვით შეიძლება რთული სულაც არ ჩანს – არ დახარჯო და შეინახე. თუმცა საქმე ასე მარტივად არაა, როცა ამდენი საჭიროება და სურვილებია მის დასახარჯად. იმისთვის, რომ თანხის დაზოგვა დაიწყო, პირველ რიგში უნდა შეაფასო შენი შემოსავალი, დაახლოებით გამოთვალო აუცილებელი და ნაკლებად საჭირო ხარჯები. შეგიძლია დარჩენილი თანხა შენს დანაზოგს შემატო, თუმცა ამისთვის საჭიროა შეამცირო შენი ხარჯები, რაშიც შემდეგი რჩევები დაგეხმარება.
- გადაწყვიტე რამდენის დაზოგვა გსურს შენი ყოველთვიური შემოსავლიდან – ასე კონკრეტული მიზანიც გექნება და მოტივაციაც. თავიდან მცირე თანხით დაიწყე და როცა ჩვევა გამოგიმუშავდება, უფრო მეტის დაზოგვას შეძლებ.
- აღრიცხე შენი ხარჯები – თუ იცი რაში ხარჯავ ფულს, უფრო გაგიმარტივდება ცვლილებების გაკეთება და დაზოგვა. აღრიცხვისთვის შეგიძლია უბრალოდ რვეული ან სპეციალურად ხარჯთახრიცხვისთვის შექმნილი აპლიკაციები გამოიყენო.
- გახსენი შემნახველი ანგარიში – დაზოგილი თანხა შეგიძლია ამ ანგარიშზე შეიტანო. როცა დაზოგილი ფულისთვის ცალკე ანგარიში გექნება, ნაკლებად გექნება ცდუნება, რომ ეს თანხა დახარჯო. თანაც ანაბარზე ბანკი პროცენტსაც ჩაგირიცხავს.
- განასხვავე საჭიროებები და სურვილები – თუ ყოველთვიურად სწავლის საფასური ან ბინის ქირა გაქვს გადასახადი, ცხადია, ამ ხარჯებს ვერ შეამცირებ, თუმცა შეგიძლია შეამცირო არააუცილებელი ხარჯები. იქნებ არ გჭირდება გაზიანი სასმელი ან ახალი ფეხსაცმელი და გირჩევნია ეს თანხა დაზოგო?
- გააკეთე საყიდლების სია – თუ სურსათის ან სხვა პროდუქტების შესაძენად მიდიხარ, წინასწარ გაამზადე იმ ნივთების სია, რომელთა შეძენაც გინდა. ასე თავიდან აიცილებ იმპულსურ შენაძენებს. ბევრი რამ, რასაც ვყიდულობთ ხოლმე, სულაც არ გვჭირდება.
- მიმართე ბარტერს – ამ მეთოდს ადამიანები სასურველი პროდუქტის ან სერვისის მისაღებად იქამდე მიმართავდნენ, ვიდრე ფულის ხმარებას დაიწყებდნენ. შენც შეგიძლია ნივთები ან მომსახურება სხვას გაუცვალო. მაგალითად, თუ რაიმე წიგნის წაკითხვა გინდა შეგიძლია ყიდვის მაგივრად უკვე წაკითხულ წიგნში მეგობარს გაუცვალო.
- მოიწყვე დაზოგვის კვირა ან თვე – აირჩიე დროის პერიოდი და ეცადე თანხა დაზოგო. მაგალითად, გამოძახების ნაცვლად სახლში მოამზადე საჭმელი ან ტაქსის მაგივრად საზოგადოებრივი ტრანპორტით იმგზავრე. თუ ამას სისტემატიურ სახეს მისცემ, შენი დანაზოგი კიდევ უფრო გაიზრდება.
- შეაგროვე კონკრეტული ვალუტა – შეგიძლია 5 ლარიანების შეგროვება დაიწყო და ყოველ ჯერზე, როცა მოლარე ხურდად 5 ლარიანს დაგიბრუნებს ეს ფული შენს დანაზოგებს მიამატო.
- შეადარე ალტერნატივები – ფულის დაზოგვა იაფი ალტერნატივების არჩევითაც შეგიძლია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტი უნდა შეიძინო – ზოგჯერ იაფი პროდუქტის შეძენა უფრო ხარჯიანია ხოლმე. თუ შენს უბანში რამდენიმე მაღაზიაა, შეადარე ფასები და პროდუქტი შეიძინე იქ, სადაც ფასი ნაკლებია.
- გამოიყენე კაკეიბო – იაპონური დაზოგვის მეთოდი. კაკეიბოს შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ამ ვიდეოში ნახო.
თუ ყველა პუნქტის ერთდროულად შესრულება არ გამოგივა, არაუშავს. დაიწყე იმით, რაც შენთვის უფრო მარტივია, ნელ-ნელა ჩვევას გამოიმუშავებ და დაზოგვაც უფრო გაგიმარტივდება.
GIPHY App Key not set. Please check settings