როგორ ფიქრობ, როლექსის საათებში ბევრ ფულს იმიტომ იხდიან რომ დროს უკეთ აჩვენებს? არა, მფლობელი ცდილობს თავისი სტატუსი აჩვენოს სხვებს.
კიდევ 1 კითხვა: ორიგინალ ნახატს, მაგალითად მალევიჩის შავ კვადრატს ხარისხიანად შესრულებული რეპროდუქციისგან მარტივად გაარჩევ? ალბათ ვერა.
ეს კითხვები დაიმახსოვრე და გადავიდეთ NFT-იზე.
ადამიანები ქონებას ვაგროვებთ. აქამდე ეს რეალურ სამყაროში ხდებოდა, ახლა კი ნელ-ნელა ვირტუალურშიც ვიწყებთ იგივეს. “კი, მაგრამ ციფრულ პროდუქტებს რეალური ღირებულება ხომ არ აქვს?” იკითხავს ვინმე. კი, მაგრამ რას აქვს?
ნებისმიერ ნივთს: ფულს, ნახატს, ტელეფონს… ღირებულება ადამიანების შეთანხმების გამო აქვს. თუ ერთ დღეს მთელი დედამიწა გადავწყვეტთ, რომ ვან გოგი აღარ მოგვწონს, მისი ნახატების ღირებულებაც ძალიან დაიკლებს.
აქ ვხედავთ მკაფიო განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სივრცეს შორის. ვან გოგის ტილო, მაგალითად მზესუმზირები, ერთდროულად ორ სახლში ვერ ეკიდება. ნებისმიერი დიჯიტალ ნახატი კი შეგვიძლია ყველამ გადმოვწეროთ ჩვენ-ჩვენს კომპიუტერში, ყველას ორიგინალი გვექნება. მაგრამ გვექნება რომ? სწორედ აქ შემოდის NFT- ციფრული აქტივის ვერიფიკაცია.
ეს ვერიფიკაცია ბლოკჩეინის საშუალებით ხდება. წარმოიდგინე ჯაჭვი, რომლის ყველა რგოლი დაკავშირებულია ერთმანეთთან და როგორც კი რაიმე ინფორმაცია ამ ჯაჭვის ერთ რგოლში გაჟღერდება, მაგალითად “დათუნამ კატოს NFT ნახატების კოლექცია 1000 ლარად იყიდა”, ეს ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება და დათუნას ნებისმიერ მომენტში შეეძლება დაადასტუროს, რომ კატოს ნახატის მფლობელია.
“კი, მაგრამ რად უნდა? ხომ შემიძლია მეც მქონდეს კატოს ნახატი? რა აზრი აქვს ორიგინალი იქნება თუ არა?” კარგი კითხვაა, თუმცა ეს კითხვა ვან-გოგის მზესუმზირებზეც ვრცელდება. რად მინდა ორიგინალი, თუ ვერ გავარჩევ რეპროდუქციისგან?
რამოდენიმე მიზეზია: შენ იცი, რომ ხალხი ამ ნახატის ღირებულებას აღიარებს, შეგიძლია ნებისმიერ დროს გაყიდო და ფული მიიღო; პრესტიჟია – ციფრული ნახატის ორიგინალის და როლექსის საათის მფლობელები თავიანთ სტატუსს უსვამენ ხაზს.
NFT აბრევიატურაა და ნიშნავს Non-Fungible Token-ს, ანუ იმას რასაც ვერ ჩაანაცვლებ. აქამდე სულ ნახატებზე ვლაპარაკობდით, თუმცა NFT შეიძლება იყოს საერთოდ ყველაფერი. მაგალითად პოსტი სოციალურ ქსელში, სიმღერა, მოთხრობა, კალიგრაფია, მათემატიკური ფორმულა და ა.შ.
დავუშვათ ანამ დაწერა ლექსი, რომელიც ერთ-ერთ ბლოკჩეინში განათავსა, მიუთითა რამდენ ეგზემპლარად სურს ამ ლექსის არსებობა და რამდენად გაყიდის. მისი ეს NFT არის შეუცვლელი, ანას ლექსის ორიგინალის მფლობელი მხოლოდ მყიდველი იქნება (გინდა თუ არ გინდა შექსპირის სონეტები რომ გეკუთვნოდეს, საკითხავი აი ეს არის).
იმის გამო, რომ ბლოკჩეინი მფლობელების ისტორიას ინახავს, თუ მომდევნო მფლობელები ანას ლექსს კიდევ გაყიდიან, ანას შეეძლება ყველა ახალი გაყიდვიდან წილი მიიღოს.
რაც ახლა ხდება მსოფლიოში ბევრისთვის სასაცილოა, ბევრს აფიორა ჰგონია და ალბათ ფულის გასათეთრებლადაც ბევრი იყენებს. წარმოუდგენელ ფასად იყიდება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი NFT-ები. მაგალითად კატის გიფში $690 000 გადაიხადეს. ტვიტერის CEO-მ კი თავისი პირველი ტვიტი $2.9 მილიონ დოლარად გაყიდა. წარმოიდგინე, შენი ფეისბუქ სტატუსით რომ მილიონერი გახდე 🙄
ზოგიერთი NFT ნაკრების მფლობელები გარკვეული სოციუმის წევრებიც ხდებიან, შეუძლიათ ეკონტაქტონ საყვარელ არტისტებს, მიიღონ რაიმე ღონისძიებაზე დასწრების უფლება და ა.შ.
ახლა მსოფლიო NFT ეიფორიაშია, რომელიც სავარაუდოდ დიდხანს არ შენარჩუნება. თუმცა NFT ჩვენს ცხოვრებაში დარჩება. შეიძლება შეამციროს ბიუროკრატია. მაგალითად წარმოიდგინე, რომ სახლის გაყიდვა გინდა და იმის მაგივრად რომ საბუთების რიგი დაიკავო, მიხვიდე სადმე გადასაფორმებლად, მოაწერო ხელი და ა.შ. უბრალოდ გადარიცხავ თანხას და სახლის NFT შენი გახდება. აქამდე შეიძლება შორია, თუმცა ძალიან შორიც არა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ვირტუალური სამყარო თანდათან უფრო რეალური ხდება.
GIPHY App Key not set. Please check settings