ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნობელიანტმა გარი ბეკერმა პოპულარული გახადა ფრაზა “ეკონომიკური მიდგომა”.
ბეკერი სოციოლოგიც იყო და სწავლობდა ისეთ თემებს, როგორიცაა ქორწინების ხარჯები და მოგება, დროის გადანაწილება, ნარკოდამოკიდებულება, კრიმინალი და ა.შ. ამიტომ თუ “ეკონომიკური მიდგომის” ხსენებისას თვალწინ მხოლოდ გრაფიკები და რიცხვები დაგიდგება – სწორი არ იქნება.
ბეკერი ამბობდა რომ ეკონომიკური მიდგომა არის არა დაშვებები, არამედ უკვე მომხდარი ფაქტების ანალიზი, თან არამხოლოდ მათემატიკური გამოთვლებით, არამედ შინაგანი თანხმობით, შეხედო სამყაროს სხვა თვალით. ეკონომიკური მიდგომა აღწერს როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას და როგორ იცვლება მათი გონება, როგორ უყვარდებათ ვინმე, როგორ ირჩევენ პროფესიას, რატომ სძულთ რომელიმე სპორტი და როგორ ამინდში გრძნობენ თავს კარგად.
ასეთი ინფორმაციის ანალიზისთვის ეკონომისტები აგროვებენ მონაცემებს, შემდეგ კი იკვლევენ.
ზოგჯერ ჩვენი წარმოდგენები სამყაროზე ცრურწმენებითაა სავსე, თუმცა ეს რწმენები იმდენად მტკიცეა, რომ რეალობის დაჯერება გვიჭირს. მაგალითად, რომელი უფრო საშიშია ზვიგენი თუ ქოქოსის პალმა? მედიისა და ფილმების გავლენით ზვიგენის თითქმის ყველას გვეშინია, თუმცა წელიწადში დაახლოებით 10 ადამიანი კვდება ზვიგენის თავდასხმით, ქოქოსის თავში დაცემით კი საშუალოდ 150. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ოკეანეში მყოფი ზვიგენს დავინახავთ მშვიდად ვიყოთ, თუმცა შიშები და სხვა ტიპის ემოცია-წარმოდგენები ხშირად არა რეალობისგან, არამედ სხვა მოვლენისგანაა გამოწვეული.
ხშირად მარტივი სტატისტიკა არაფერს გვაძლევს, თუმცა საშუალო მოლოდინის შეფასება ამა თუ იმ მოვლენაზე ფიქრის კარგ საწყის წერტილს გვაძლევს, ასე შეიძლება ყოველდღიური გადაწყვეტილებები: რომელ სკოლაში შეიყვანო შვილი, რომელი პროფესია აირჩიო, რომელ ბანკში გახსნა ანაბარი და ა.შ. გაცილებით უფრო მომგებიანი გახადო.
ეკონომიკური აზროვნების მაგალითია დანახარჯებისა და სარგებლიანობის შედარება. მაგალითად, თუ მეცადინეობის მაგივრად კიდევ 1 სერია სერიალს უყურებ, ამით რას დაკარგავ და რამდენად გიღირს ეს დანაკარგი? შესაძლოა სერიალის ყურებისგან მიღებული სიამოვნება გამოცდაზე დაკლებული ქულების ხარჯზე მეტი იყოს და “ეკონომიკურად” სწორი იყოს სერიალის ყურების გაგრძელება.
თუ ქალაქში რომელიმე უბანი პოპულარულია, დამატებითი კორპუსის აშენება სარგებლიანია, თუმცა რამდენად შეძლებს გზა გაატაროს მანქანების დამატებითი ნაკადები? აჯობებს საცობით გამოწვეული დანახარჯი, ახალი მაცხოვრებლების სარგებელს?
ეკონომიკური აზროვნებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ალტერნატიული დანახარჯების შეფასება. დავუშვათ 2 ლარი გაქვს, თუ ნაყინს იყიდი, ამ ნაყინის ალტერნატიული დანახარჯია ის, რისი ყიდვაც ამ 2 ლარით შეგეძლო, მაგალითად შოკოლადი. თუ ქვეყნის ბიუჯეტს კონკრეტულ პროექტში დავხარჯავთ, მაგალითად გზის აშენებაში, ალტერნატიული დანახარჯი იქნება ის სხვა პროექტი, რომელიც შეგვეძლო ამ ფულით გაგვეკეთებინა, მაგალითად გარე განათების დამონტაჟება.
ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი გვერდითი მოვლენები. ეკონომიკური მიდგომა გვეუბნება, რომ სამყაროს შევხედოთ ღიად, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა (ან გვწამს) რომ დავინახოთ, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით.
GIPHY App Key not set. Please check settings