in

სიყვარულის ეკონომიკა

როცა ამბობენ, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა და ის ეხება ყველას და ყველაფერს – სიყვარულსაც გულისხმობენ. სიყვარული არც მეტი, არც ნაკლები ეკონომიკური პერსპექტივიდანაც შეგვიძლია დავინახოთ. საერთოდ არ უხდება, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის სიყვარულზე მორგებას თუ შევეცდებით, რაღაცას მოვახერხებთ.

რისი გადახდა უწევდა ავთანდილს, თინათინის სიყვარულის მოსაპოვებლად? როცა თინათინი ავთანდილს თავისთან იბარებს, რათა “უცხო ყმის” მოსაძებნად გაუშვას, ეუბნება “სამსახური ჩემი გმართებს” იმიტომ რომ “ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად”. მიჯნურობისთვის ავთანდილს უნდა გადაეხადა ის დრო და ძალისხმევა, რაც ტარიელის მოსაძებნად დასჭირდებოდა. რადგან წავიდა და ძებნა დაუწყო, ნიშნავს რომ სარგებელი, რომელსაც უცხო ყმის მოძებნის შედეგად ელოდა, უფრო მეტად უღირდა, ვიდრე ამ ძებნისას გაღებული დანახარჯი.

ამ გადმოსახედიდან ადამიანის სიყვარული ემოციურთან ერთად, რაციონალურადაც შეიძლება შეფასდეს. “პოტენციური მიჯნურის ბაზარს” კი ბევრი ფაქტორი: სოციალური და კულტურული ნორმები და ღირებულებები, გემოვნება, ტრადიციები და შეზღუდვები განაპირობებს. არსებობს სამეცნიერო ნაშრომები, რომელიც სიყვარულს და მსგავსი ტიპის ურთიერთობებს სწავლობს.

ხშირად სიყვარულის ეკონომიკური ასპექტის გასაანალიზებლად თამაშთა თეორია, მიკროეკონომიკა და ეკონომეტრიკა გამოიყენება. მაგალითად, ეკონომისტი გარი ბეკერი ამბობს, რომ ინდივიდები რაციონალურ გადაწყვეტილებებს სარგებლიანობის მაქსიმიზაციით იღებენ სიყვარულსა და ქორწინებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ის ამტკიცებს, რომ ადამიანები ურთიერთობაში დროით, მატერიალურ და ენერგიულ რესურსებს დებენ სამომავლო პერსპექტივების იმედით და რაც უფრო მეტია ინვესტიცია ორივე მხრიდან, მით მეტია მყარი ურთიერთობის შენარჩუნების შანსი.

შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულს ალტერნატიული ღირებულებაც აქვს. შეგიძლია იყო ვინმეს შეყვარებული, ან სხვისი შეყვარებული, ან არავის შეყვარებული. სამივე მოცემულობას შესაძლოა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდეს. ადამიანს ასევე უწევს არჩევანის გაკეთება, დახარჯოს დრო საყვარელ ადამიანთან თუ სხვა რამეში, მაგალითად საყვარელი კომპიუტერული თამაშის თამაშში.

ეკონომეტრიკა ეკონომიკის მიმართულებაა, რომელიც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პროგნოზებს აკეთებს. ხშირად ეკონომისტები სხვადასხვა მონაცემის: ასაკის, განათლების დონის, შემოსავლის ოდენობის, შვილების რაოდენობის, გეოგრაფიული მდებარეობის და ა.შ. მიხედვით პროგნოზირებენ რა არის ამა თუ იმ ადამიანის დაოჯახების ალბათობა და შემდეგ რა სავარაუდო ხანგრძლივობა ექნება ამ ოჯახს. თუმცა, ერთი ხუმრობის მიხედვით წინასწარმეტყველებსა და ეკონომისტებს შორის ის სხვაობაა, რომ წინასწარმეტყველები ხანდახან სწორ პროგნოზსაც აკეთებენ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადასახადები

დავით აღმაშენებელი – ეკონომისტი