in

აშშ-ს ეკონომიკა

რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი, შენი ნება რომ იყოს? აშშ მრავალი ადამიანისთვის საოცნებო ქვეყანაა. ამას 2 მიზეზი აქვს: ამერიკის იდეალები და ძლიერი ეკონომიკა.

თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია – “ამერიკული ოცნების” კრედო ფართო საზოგადოებებს ხიბლავს. აშშ ასოცირდება კეთილდღეობის, თავისუფალი და წარმატებული ცხოვრების ახალ შესაძლებლობასთან.

ეკონომიკით კი ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 50 შტატისგან შემდგარი სახელმწიფოს მშპ 22 ტრილიონი დოლარია.

ამერიკული დოლარი საერთაშორისო ტრანზაქციებში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ვალუტაა. ნიუ იორკის საფონდო ბირჟა კი მსოფლიოში ყველაზე დიდია.

აშშ-მ ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა 1776 წელს მოიპოვა. ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს ეკონომიკურად ევროპის ქვეყნები უსწრებდნენ, რადგან იქ ამ დროს ინდუსტრიული რევოლუცია იყო.  

თუმცა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა ჰქონდა. ქვეყნის ეკონომიკა ინდუსტრიულმა ზრდამ და ტექნიკურმა ინოვაციებმა გააძლიერა.

ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა აქვს. აქაური ფირმები ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ადგილზე არიან, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერების, ფარმაციის, სამედიცინო, კოსმოსური და სამხედრო აღჭურვილობის მიმართულებით.

ყველასათვის ცნობილი ეფლი, მაიკროსოფტი, გუგლი, ამაზონი, ფეისბუკი, ნეტფლიქსი სწორედ ამერიკული კომპანიებია. 

აშშ-ს მშპ 1 სულ მოსახლეზე – 57 664$-ია, რომლითაც მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. თუმცა მისი ერთ-ერთი რეგიონი ჩრდ კალიფორნიაში – სილიკონ ველი, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციის გლობალურ ცენტრს წარმოადგენს, მშპ 1 სულ მოსახლეზე მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. აქ, ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა მილიონის მეოთხედს შეადგენს.

აშშ მსოფლიოს პროდუქტის დაახლოებით 18%-ს აწარმოებს. წამყვანი ინდუსტრიებია საწვავი, ფოლადი, საკვები, ავტომანქანები, სამშენებლო დანადგარები, კოსმოსური ხომალდები, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობა, ტელეკომუნიკაციები და ელექტრონიკა. 

აშშ მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპორტიორია, ექსპორტით კი მეორე ადგილზეა. ჩინეთის პროდუქტის ყველაზე დიდი იმპორტიორი სწორედ ამერიკაა.

აშშ-მ არაერთი ეკონომიკური კრიზისი გამოიარა. 1929 წელს საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის დაცემით ქვეყანაში დიდი დეპრესია დაიწყო. 1929-32 წლებში მსოფლიოში მშპ საშუალოდ 15%-ით შემცირდა. დიდმა დეპრესიამ აშშ-ში უმუშევრობის, დეფლაციის, სიღარიბისა და დაბალი მოგების დეკადა გამოიწვია. რეცესიის შედეგად აშშ-ს მშპ 30%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონემ 20%-ს მიაღწია. 

დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი რეცესია აშშ-ში პანდემიის შედეგად დაფიქსირდა. 2020 წლის მეორე მეოთხედში აშსს მშპ-მ 32.9%-ით იკლო, თუმცა მესამე მეოთხედში გაიზარდა და წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდა 4.3% იყო.

2021 წელს აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 6.4%-ია. პანდემიის შედეგად შემცირდა სამუშაო ადგილებიც, თუმცა 2021 წლიდან სიტუაცია უმჯობესდება და უმუშევრობის დონე 6%-ია. 

აშშ-ს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი გადასახადებით ივსება. სახელმწიფო ბიუჯეტს ძირითადად სოციალურ უსაფრთხოების, სამხედრო და ჯანდაცვის სფეროებზე ხარჯავს.

აშშ-ში შერეული ეკონომიკური მოდელია – თავისუფალ ბაზართან ერთად ვხვდებით სახელმწიფოს დაწესებულ რეგულაციებსაც. რეგულაციები ძირითადად თავდაცვას, საპენსიო და სამედიცინო დახმარებას ეხება. 

ფედერალურ ხელისუფლებასთან ერთად თითოეულ შტატს თავისი მთავრობა ჰყავს. შტატების მთავრობას შეუძლია მიიღოს საკუთარი კანონები, თუ ის ამერიკის კონსტიტუაციას არ ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა შტატში განსხვავებული წესებია, მაგალითად, განსხვავებულია გადასახადები ან რეგულაციები. 

შტატების ინდივიდუალური კონსტიტუციები საშუალებას აძლევს ამერიკის მოქალაქეებს მათზე მორგებულ ადგილას დასახლდნენ, დასაქმდნენ, წარმოიწყონ ბიზნესი, შექმნან ოჯახი და ა.შ. არჩევნის მრავალფეროვნება ერთ-ერთი მიზეზია, რომელიც ხალხს ხიბლავს. 

“ამერიკული ოცნების” მიხედვით თითოეულ ადამიანს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, იცხოვროს თავისუფლად, წარმატებულად და ბედნიერად. ცალკე საკითხია, რამდენად რეალისტური და განხორციელებადია “ამერიკული ოცნება”, რომელიც ყველას, სოციალური კლასის, დაბადების ადგილის, რასისა თუ გენდერის განურჩევლად, თანასწორობას და თავისუფლებას პირდება. 

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა არის ₾არი-ზაცია? 🤔

ეკონომიკის ანბანური ტესტი | დ