in

გადასახადები

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, გიწევს თუ არა საგადასახადო დეკლარაციების შევსება, ყოველ დღე როცა რაიმე პროდუქტს ყიდულობ სუპერმარკეტში, იღებ ხელფასს თვის ბოლოს ან ასხამ საწვავს მანქანაში – შენ იხდი გადასახადებს. 

სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მცირე რაოდენობის და მარტივად დასათვლელი საგადასახადო სისტემა აქვს, ამას დადებით მხარესთან ერთად უარყოფითიც აქვს – ადამიანები გადასახადის გადახდის პროცესს შეიძლება ვერც აღიქვამდნენ. ამის გამო ზოგჯერ ადამიანები გადასახადებს, კომუნალურ გადასახდელებს და მოსაკრებლებს ერთმანეთში ურევენ. ამ სამ ცნებას შორის განსხვავება დიდია, თუმცა ყველაზე ფუნდამენტური მათი მიზნობრიობიდან მოდის.

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რა არის გადასახადები. 

გადასახადზე შეგვიძლია ვიფიქროთ, როგორც საფასურზე, რომელსაც ვიხდით სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და მისი ზოგადი მომსახურების ე.წ. საზოგადოებრივი საქონლის მისაღებად. ასეთებია თავდაცვა, პოლიცია, საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და ა.შ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადასახადებს არა რაიმე კონკრეტული მომსახურებისთვის, არამედ სახელმწიფო ხაზინის შესავსებად ვიხდით, რათა იქიდან დაფინანსდეს საზოგადოებრივი საქონელი.

არსებობს გადასახადები ცენტრალური მთავრობისთვის, მაგალითად დღგ, აქციზი, საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის, მაგალითად ქონების გადასახადი. საქართველოში მოქმედებს ბიუჯეტის ცენტრალიზაციის პრინციპი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა გადასახადის მოკრეფა ერთიან ხაზინაში ხდება, ხოლო შემდგომ ის ნაწილდება დანიშნულებების მიხედვით. ეს ყველგან ასე არაა და ზოგიერთ ქვეყანაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ცალ-ცალკე კრეფს გადასახადებს, მაგალითად აშშ-ში.

გადახადები ტიპების მიხედვით განსხვავდება. ის შეიძლება დაწესდეს პროდუქციის ღირებულების წილის მიხედვით, ან ფიქსირებული ღირებულებით პროდუქციის ერთეულზე. მაგალითად, მაღაზიაში პურის ან კვერცხის შეძენისას თქვენ დაუფიქრებლად ამ პროდუქტის ფასში შემავალ დღგ-ს, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადს, იხდით, რომელიც მისი ფასის 18%-ს შეადგენს. როდესაც ლევანი ხელფასს იღებს, მისი დამსაქმებელი ხელფასის 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდის ცენტრალურ ბიუჯეტში ლევანის სახელით. ხოლო ყოველი ლიტრი დიზელის ჩასხმისას 40 თეთრს აქციზური გადასახადის სახით იხდის. 

თავისი ტიპების გარდა, გადასახადები აგრეთვე შეიძლება იყოს: ფიქსირებული განაკვეთით ან პროგრესული განაკვეთით. ფიქსირებული განაკვეთი გულისხმობს ერთსა და იმავე გადასახადის პროცენტულ ზომას მიუხედავად მისი გადამხდელისა. ანუ როცა ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანი თანაბარ პროცენტს იხდის საშემოსავლო გადასახადის სახით, ეს ფიქსირებული გადასახადია. პროგრესული გადასახადები კი იზრდება გადამხდელის  შემოსავლის მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, შეიძლება თქვენი საშემოსავლო გადასახადი უფრო მეტი იყოს, იმ შემთხვევაში თუ წლიურად გარკვეულ თანხაზე მეტი შემოსავალი გექნებათ. 

ფიქსირებული და პროგრესული გადასახადების ავკარგიანობაზე ბევრი მსჯელობა მიდის მსოფლიოში. პროგრესული გადასახადის მომხრეები ამტკიცებენ, რომ გადასახადის ზრდა შემოსავლის ზრდასთან ერთად სამართლიანია, რადგან დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ყველა თეთრი უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო ფიქსირებული გადასახადების მომხრეები მიუთითებენ მისი ადმინისტრირების სიმარტივეზე და იმაზე, რომ პროგრესული გადასახადი ადამიანებში გამდიდრების სტიმულს ამცირებს. 

ქართულ ენაში დამაბნევლადაა და ყველა ხარჯს „გადასახადს“ ვეძახით, თუმცა სახელმწიფო გადასახადი და დავუშვათ ელექტროენერგიის გადასახადი შინაარსობრივად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც წესი, ასეთ გადასახდელებსა და მოსაკრებლებს კონკრეტული მომსახურებისთვის ვიხდით. თანაც ხშირ შემთხვევაში ამ გადასახდელების გადახდა სულაც არ უკავშირდება სახელმწიფოს და მათ კერძო კომპანიებს ვუხდით. სახელმწიფო აგრეთვე იღებს სხვადასხვა ტიპის მოსაკრებლებს. ისინი როგორც წესი გადაიხდება სახელმწიფოსგან კონკრეტული მომსახურების ყიდვისას. მაგალითად, პასპორტის აღებისას, ან რაიმე დოკუმენტის მისაღებად სახელმწიფოსგან ჩვენ ხშირად ვიხდით სხვადასხვა ტიპის მოსაკრებლებს. განსხვავებით გადასახადებისგან, ასეთი ტიპის მოსაკრებელი კონკრეტული მომსახურებისთვის გადაიხდება, როგორც პროდუქტის ყიდვისას ვიხდით მის საფასურს. 

სწორედ აქედან მოდის სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება გადასახადის გადამხდელების მიმართ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამოიცნობ ეკონომისტს გამონათქვამის მიხედვით?

ცენტრალური დაგეგმვა