in

გონივრული და შეზღუდული რეგულაცია

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 2.3. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

სამთავრობო რეგულაციები, რომლებსაც ხშირად ბიზნესები უჭერენ მხარს, სავაჭრო ბარიერებსა და ბაზარზე შესვლის შეზღუდვებს განაპირობებს. რეგულაციები ძირითადად შემდეგი სამი გზით ზღუდავს გაცვლასა და ბაზრების კონკურენტუნარიანობას.

  1. რეგულაციები ხშირად ზღუდავს ბაზარზე შესვლას. ბევრ ქვეყანაში გვხვდება რეგულაციები, რომლებიც ბიზნესებისთვის ბაზარზე შესვლასა თუ კონკურენციის გაწევას ართულებს. ასეთ ქვეყნებში ხშირად საჭიროა ლიცენზიის მიღება და სხვადასხვა დოკუმენტის შევსება. შეიძლება უარიც კი გითხრან ნებართვაზე, თუ ქრთამს არ გაიღებთ ან მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ დაუჭერთ მხარს. გარდა ამისა, ძლიერ და პოლიტიკურად გავლენიან ბიზნესებს შეუძლიათ ნებართვის მოპოვებაში ხელი შეგიშალონ.

ბოლო დროს შემსუბუქდა ეს ბიუროკრატიული ბარიერები. მსოფლიო ბანკის მიხედვით, თუ 2015 წელს ბიზნესის დაფუძნებისთვის საშუალოდ 51 დღე იყო საჭირო, 2018 წლისთვის ეს რიცხვი 20 დღემდე შემცირდა. რეიტინგში პირველ ადგილს ვენესუელასთან ერთად საქართველო იყოფდა, სადაც ბიზნესის დაწყებას ნახევარი დღე სჭირდებოდა.

  1. რეგულაციები ხელს უშლის ვაჭრობით მიღებულ სარგებელს – ზოგიერთი ქვეყნის კანონი პოლიტიკურ ადმინისტრაციას მნიშვნელოვან დისკრეციულ უფლებას ანიჭებს. მაგალითად, 1980-იან წლებში გვატემალას საბაჟო მოხელეებს შეეძლოთ ტარიფების გაუქმება, თუ ეს „ეროვნულ ინტერესებს“ ემსახურებოდა. მსგავსი კანონი ქმნის ბუნდოვანებას და აჩენს ქრთამის აღების მოტივაციას. 

რეგულაციები ხშირად კონკურენტების შეზღუდვით ზოგიერთ ბიზნესს ეხმარება. ზოგიერთი ამ დაბრკოლებების შექმნას, ხოლო მეორე ნაწილი კი მათგან თავის დაღწევას ცდილობს, იმის მაგივრად რომ ორივემ სიმდიდრის გამომუშავებაზე იმუშაოს. ამ პროცესში კი საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა იდება. ეს დახარჯული რესურსები შესაძლოა მომგებიანი იყოს ინდივიდის ან ბიზნესისთვის, თუმცა არა საზოგადოებისთვის. ამ ძალისხმევას გამორჩევის ძიება ეწოდება და ძირითადად რეგულაციების შედეგია.

  1. ვაჭრობას ფასის კონტროლის დაწესებაც უშლის ხელს. ზოგჯერ მთავრობა საბაზრო დონეზე მაღალ ფასებს აწესებს. მაღალი ფასის გამო მყიდველები იმაზე ნაკლებს მოიხმარენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძენდნენ. ზოგიერთი მთავრობა პირიქით – საბაზროზე დაბალ ფასს აწესებს. ასეთ დროს მწარმოებელს ნაკლების წარმოების მოტივაცია აქვთ. ორივე შემთხვევაში ფასის კონტროლი ვაჭრობის მოცულობასა და მიღებულ მოგებას ამცირებს.

ფასის კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მინიმალური ხელფასია. მინიმალური ხელფასის ტარიფი ადგენს ფასის ქვედა ზღვარს, რომელიც ზოგიერთი მუშახელის საათობრივ ანაზღაურებას საბაზრო დონეზე მაღლა სწევს.

შეიძლება რეგულაციები ზოგჯერ პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას მოგეჩვენოთ, თუმცა რეალობაში ეს ყოველთვის ასე არაა. მინიმალური ხელფასი, დემპინგური კომპანიების შეზღუდვა თუ სხვა რეგულაციები არ აძლიერებს წარმოებას და არ ითვალისწინებს მეორად ეფექტებს. რესურსების ეფექტურ გამოყენებას ხელს უწყობს ვაჭრობა და კონკურენცია. ასე რომ რეგულაციები, რომლებიც დაბრკოლებას ქმნის ვაჭრობისა და ბაზარზე შესვლისთვის, უმეტეს შემთხვევაში პროდუქტიული ვერ იქნება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეამციროს რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ვაჭრობას და ხელს უშლის კონკურენციას.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

კონკურენტული ბაზრები

სახალისო ეკონომიკური ტესტი