in

იაპონიის ეკონომიკა

იაპონია კუნძულოვანი სახელმწიფოა წყნარ ოკეანეში. მისი დედაქალაქი ტოკიოა. ქვეყნის მოსახლეობა 125 მლნს აღემატება და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია მსოფლიოში. იაპონიაში საკონსტიტუციო მონარქიაა – იმპერატორს ცერემონიალური როლი აქვს, ქვეყანას კი პრემიერ მინისტრი და მისი კაბინეტი მართავენ.

იაპონია მსოფლიოში მესამე ადგილზეა მშპ-ით. ქვეყნის ნომინალური მშპ 4.8 ტრილიონ აშშ დოლარია. თუმცა მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 38 000 დოლარია და ამ მაჩვენებლით ის 28-ე ადგილზეა. 

1960-იანებიდან 1980-იან წლებამდე იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იყო ეკონომიკური ზრდის ტემპით. ამის მიზეზები ინდუსტრიალიზაცია, განათლების მაღალი დონე, კვლევებში და განვითარებაში ინვესტიცია, კარგი სამუშაო ბაზარი და ღია ვაჭრობა გახდა.

წარმოება იაპონიის ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. დღესდღეობით, იგი მსოფლიო ლიდერია ელექტრო მოწყობილობების, ავტომობილების, გემების, მანქანა-დანადგარებისა და ქიმიკატების წარმოებაში. იაპონური ბრენდებია შენთვის ნაცნობი ტოიოტა, ჰონდა, სონი, იამაჰა და ნინტენდო და უამრავი სხვა. 

წარმოება იაპონიის მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 29%-ია. ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი სექტორი ისევე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყენებში, მომსახურების სფეროა და მშპ-ს 69%-ზე მეტს შეადგენს. მომსახურების სფეროს წამყვანი მიმართულებებია საბანკო, სადაღზღვეო და სავაჭრო სექტორები, ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაცია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ის იაპონიის ეკონომიკის მხოლოდ 1 %-ია.

იაპონიის ეკონომიკისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობა. იგი მსოფლიოს მე-4 ყველაზე დიდი ექსპორტიორია. იაპონიის ექსპორტის უდიდეს ნაწილს შეადგენს ავტომობილები და მათი ნაწილები, ელექტრო მოწყობილობები და მანქანა-დანადგარები. ქვეყანას პროდუქციის ყველზე დიდი ნაწილი ჩინეთში, აშშ-სა და სამხრეთ კორეაში გააქვს. იაპონია მე-4 ადგილზეა იმპორტის რაოდენობითაც და პროდუქცია ძირითადად ჩინეთიდან, აშშ-დან, ტაივანიდან და ჰონგ-კონგიდან შემოაქვს. მისი იმპორტის უდიდეს ნაწილს საწვავი და ნავთობი შეადგენს. 

ჯინის კოეფიციენტი, რომელიც შემოსავლის გადანაწილებას ზომავს, თითქმის 40 %-ია, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში. მოსახლეობის ყველაზე ღარიბი 20 % მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 6.5%-ს იღებს. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 3%-ია.

იაპონიის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 69.9-ია, რითიც ის მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. 

2019 წელს იაპონიის ეკონომიკური ზრდა 0 გახდა, 2020 წელს კი 4.8%-ით დაიკლო. თუმცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი იმატებს, 2021 წელს მშპ-ს ზრდა 1.6% იყო და ვარაუდობენ, რომ წელს კიდევ 1.7%-ით, ხოლო მომავალ წელს 1.8%-ით გაიზრდება.

What do you think?

-1 points
Upvote Downvote

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

შეამოწმე შენი ეკონომიკური ცოდნა

მოგება პროდუქტიულობის მაჩვენებელია