in

ინსტიტუციების როლი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის განვითარებაში

იმისათვის, რომ ვნახოთ რა გავლენა აქვს ინსტიტუციებს ქვეყნის განვითარებაზე განვიხილოთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკების მაგალითი. თავდაპირველად, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა კარგად ვითარდებოდა, რადგან გეოგრაფიული ელემენტები ეხმარებოდათ – მოიპოვებდნენ ვერცხლს და აწარმოებდნენ შაქარს, ეს კი იმ დროს ქვეყანის გამდიდრებას უწყობდა ხელს. ვერცხლისა და შაქრის წარმოებისთვის ინსტიტუციები სჭირდებოდათ. თუმცა ამ ინსტიტუეციებმა არასწორი მოწყობის გამო მოგვიანებით, მე-19-20 საუკუნეებში შეაფერხა განვითარება და შეანელა ის პროცესები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ქვეყნის გამდიდრებისთვის მნიშვნელოვანია.

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას შესანიშნავი კლიმატი ჰქონდა შაქრის, ყავის, თამბაქოსა და ბამბის მოსაყვანად, მაღაროებში მოიპოვებდნენ ოქროსა და ვერცხლს. თუმცა ამ ყველაფერს პატარა საოჯახო ფერმებში არ აწარმოებდნენ. მაგალითად, შაქრის უზარმაზარი პლანტაციები ჰქონდა და დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას იყენებდნენ, ასევე ხდებოდა მაღაროებშიც – იერარქიის თავში ერთი ადამიანი იყო, ბოლოში კი უამრავი მუშა, ხშირად მონებიც კი. ინსტიტუციები დაბალკვალიფიციურ მუშახელზე იყო დაფუძნებული.

ჩრდილოეთ ამერიკაში მცირემასშტაბიანი ეკონომიკები ჰქონდათ – ოჯახებს თავად მოჰყავდათ მარცვლეული. თუ სამხრეთში უზარმაზარი ფერმები იყო, ჩრდილოეთში საოჯახო ფერმები ჰქონდათ. ასეთი ფერმები დამოუკიდებლები იყვნენ, რამაც ჩრდილოეთ ამერიკა სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებულად განავითარა.

ჩრდილოეთში შედარებით თანასწორობა იყო, სამხრეთში კი – იერარქია. ფართომასშტაბიანმა ეკონომიკამ და დაბალკვალიფიციურ მუშახელზე მაღალმა მოთხოვნამ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში უთანასწორო საზოგადოებები გააჩინა – ძირითადად რამდენიმე მდიდარი ევროპელი იმიგრანტი იყო, რომლებიც დიდ მიწას და ბევრ მონას ფლობდნენ. უთანასწოროდ გაჩენილი საზოგადოებები ასეთივე დარჩა, რამაც მომავალში ეკონომიკური ზრდა შეაფერხა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საზოგადოებებს შორის სხვაობა კარგად ჩანს 1900 წლის მონაცემებით წერა-კითხვის დონეში.

წერა-კითხვის დონეს შორის მსგავსი განსხვავება იმან განაპირობა, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ელიტა ფლობდა მიწებს და ხალხს ამუშავებდა, დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე იყო მოთხოვნა – ასეთ მუშახელს თითქმის არ ჰქონდა განათლება და უნარები. მიწის მფლობელებს აწყობდათ გაუნათლებელი, დაბალკვალიფიციური მოსახლეობა, რადგან მათ მიწაზე ან მაღაროებში ამუშავებდნენ. ასეთი მუშების კონტროლი უფრო მარტივი იყო.

1910 წელს მექსიკაში სოფელში მაცხოვრებელი ოჯახების მხოლოდ 5%-ს ჰქონდა საკუთარი მიწა, არგენტინაში – 20%-ს, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი 80%, კანადაში კი 90% იყო.

ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში შემოსავლები არათანაბრადაა გადანაწილებული. მოსახლეობაში შემოსავლის გადანაწილებას ჯინის ინდექსი ზომავს, რაც უფრო დიდია ის, მით უფრო არათანაბარია შემოსავლის განაწილება. ცხრილში შეგიძლიათ ნახოთ ჯინის ინდექსი 2020 წლის მონაცემებით სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.

ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული რევოლუციისთვის. მე-19-20 საუკუნეებში ეკონომიკურ ზრდას ახალი იდეები, ადამიანური კაპიტალი, ინოვაციები, პროდუქტიულობა და ტექნოლოგიები განაპირობებდა, რომლებსაც, თავის მხრივ, განათლება ქმნიდა. ხოლო ქვეყნებს, სადაც უთანასწორობა იყო, გაუჭირდათ ამ ტემპებით განვითარება.

რომ შევაჯამოთ, სამხრეთ ამერიკის თანდაყოლილი ფაქტორები შაქარი, ვერცხლი და მონები იყო, რომლებმაც მომხვეჭელი ეკონომიკური ინსტიტუციები წარმოქმნა – დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიციური მუშახელის, ხშირად მონების შრომა. ამას შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუციები მოჰყვა – დემოკრატიის შეფერხება და ოლიგარქიის წარმოქმნა. ელიტას კი არ სურდა ამ სისტემის შეცვლა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინათ – ინოვაციები მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ მათი პოლიტიკა ტექნოლოგიებს, მეწარმეობას და ახალ იდეებს ხელს უშლიდა და ნაკლებად განათლებული, დაბალკვალიფიციური მუშახელის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.

ამის მსგავსად, პატარა ფაქტორებს, მათ შორის ისტორიას ან სხვადასხვა მოვლენას, გავლენა აქვს ინსტიტუციების ჩამოყალიბებასა და ქვეყნის განვითარებაზე. უკვე არსებული ინსტიტუციების შეცვლას კი ხშირად ასობით წელი ჭირდება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი

როგორ უშველა ინდოეთში ქალებს საკაბელო ტელევიზიამ?