in

ჯინის ინდექსი

ჯინის ინდექსი მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილებას ზომავს, აჩვენებს რამდენად თანაბრად ან არათანაბრად ნაწილდება ქვეყანაში მთლიანი შემოსავალი. შევძლებთ თუ ვერა მხოლოდ ჯინის ინდექსით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრას?  მოკლე პასუხია - ვერა, ვერ შევძლებთ. ვრცლად თუ გაინტერესებს, განაგრძე კითხვა.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო უმჯობესდება მსოფლიოში ცხოვრების საერთო დონე:

  • მე-19 საუკუნეში მშპ 1 სულ მოსახლეზე დაახლოებით $600, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 45 წელი იყო
  • მე-20 საუკუნეში მშპ 1 სულ მოსახლეზე $1300, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 50 წელი იყო 
  • 2020 წელს კი მშპ 1 სულ მოსახლეზე $18381, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 79 წელი იყო. 

თუმცა, ბოლო წლებში იზრდება მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების უთანაბრობა. დღეს მთელი მსოფლიო სიმდიდრის ნახევარი მოსახლეობის 1%-ზე, 85% კი - მოსახლეობის 10%-ზე მოდის. 

სწორედ ამ გადანაწილებას ზომავს ჯინის ინდექსი. ჯინი შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი 0-დან 1-მდე. რაც უფრო ახლოსაა ქვეყნის ინდექსი 0-თან, მით უფრო თანაბრად ნაწილდება შემოსავლები. უხეშად რომ ვთქვათ, 0 - კარგია, 1 -ცუდი. 

სოციოლოგები ზღვარს 0.4-იან ინდექსზე ავლებენ და ამბობენ, რომ თუ მაჩვენებელი 0.4-ს სცდება, მოსახლეობა უთანასწორობას გრძნობს და საქმე პროტესტამდე, სოციალურ აჯანყებამდე მიდის. 

 

ახლა ავხსნით ჯინის ინდექსის დათვლის პრინციპს, თუ არ გაინტერესებს გადაახტი ნახაზებს, იპოვე თევზის გიფი და გააგრძელე: 

რომ გავიგოთ როგორ ითვლება ჯინის ინდექსი, ამისთვის უნდა ვახსენოთ ლორენსის მრუდი. წარმოვიდგინოთ, რომ Y ღერძზე ნაჩვენებია ქვეყნის მთელი შემოსავლის წილი, X-ზე კი მთელი მოსახლეობის წილი.

მრუდი გვიჩვენებს მოსახლეობის რამდენ %-ს, რამდენი % აქვს მთელი შემოსავლიდან. სრული თანაბრობის შემთხვევაში მოსახლეობის 5%-ს მთელი შემოსავლის 5% ექნება, 20-ს 20, 100-ს 100. მრუდი კი 45 გრადუსიან კუთხეს შექმნის. სრული უთანაბრო განაწილების შემთხვევაში მთელი შემოსავალი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს ექნება. თუმცა რეალურ სამყაროში არც ერთი შემთხვევა არ გვხვდება და დაახლოებით ისეთი მაჩვენებელია ხოლმე, როგორსაც მე-3 ნახაზში ხედავთ:

ჯინის ინდექსი სწორედ ლოურენსის მრუდიდან ითვლება. იღებენ იდეალური თანაბრობის და რეალურ მრუდებს. ითვლიან მათ შორის სივრცეს (A) და სივრცეს რეალურ მრუდსა და X ღერძს შორის (B). ჯინის ინდექსი = A/(A+B), რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი რიცხვი 0-სა და 1-ს შორის. 

თევზის გიფი (შეგიძლია განაგრძო კითხვა)

იმის გამო რომ მონაცემები სხვადასხვა წელსაა შეგროვებული და ზოგიერთი ქვეყანა შემოსავლების დათვლის განსხვავებულ პრინციპს იყენებს, შესაძლოა ქვემოთ სიაში მცირე ცდომილება იყოს, თუმცა საერთო სურათი ქვეყნებს შორის ჯინის ინდექსების შედარებისას ასე გამოიყურება:

 

როგორც ვხედავთ, ტოპ 10 მაღალი და დაბალი ჯინის ინდექსის მქონე ქვეყნების სიიდან დასკვნის გაკეთება რთულია.  თუმცა ჩანს, რომ ჯინის მაღალი ინდექსი ძირითადად ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებს აქვთ, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 0.35-ზე დაბალია. თუმცა ევროპის განვითარებული ქვეყნების გარდა დაბალი ინდექსი ჯერ კიდევ ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებში, მაგალითად ეგვიპტეში, ბელორუსიაში, ყაზახეთსა და მოლდოვაშიც გვხვდება. აქვე უნდა ითქვას, რომ ეკონომიკურად განვითარებულ ამერიკაში საკმაოდ მაღალი, 0.41-იანი ჯინის ინდექსი გვხვდება. 

მხოლოდ ჯინის ინდექსით რომ ვერ განვსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკას,  მარტივი კითხვით ჩანს -  “ამერიკაში ცხოვრება გირჩევნია თუ მოლდოვაში?”. ჯინის ინდექსთან ერთად მნიშვნელოვანია გავიგოთ ქვეყნის მშპ 1 სულ მოსახლეზე და საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი. 

 

სტატიის ძირითადი ნაწილი აქ მთავრდება და შეგიძლია შეწყვიტო კითხვა. მაგრამ თუ გაინტერესებს რა იწვევს შემოსავლების უთანასწორობას და რამდენად სამართლიანი ან უსამართლოა ეს სიტუაცია - განაგრძე კითხვა (თუმცა, ვერ შეგპირდებით, რომ პასუხს იპოვი) 

ინდუსტრიალიზაციამ, გლობალიზაციამ, ტექნოლოგიურმა განვითარებამ - გაზრდილი შემოსავლები, სიცოცხლის ხანგრძლოვობა, ინტერნეტი, ეკოლოგიური ცვლილებები, საცობები და ბევრი სხვა კარგი და ცუდი რამ მოგვიტანა. მათ შორის საშემოსავლო განსხვავებაც, რომელიც 1980 წლიდან დღემდე 20-25%-ითაა გაზრდილი. 
ბლუმბერგის მიხედვით ამერიკაში მხოლოდ 50 ადამიანს აქვს იმდენი სიმდიდრე, რამდენიც ამერიკის ყველაზე ღარიბი ფენის 165 000 000 ადამიანს.
რამდენადაა ეს სამართლიანი? სამართლიანობა სუბიექტური ცნებაა და დავაკონკრეტოთ - თუ ადამიანები თანაბარ პირობებში, თანაბარ შრომაში სხვადასხვა ანზღაურებას მიიღებენ ეწყინებათ? პასუხი მარტივია - კი, ეწყინებათ. ბავშვებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ დროს მხოლოდ ერთი კი არა,  ორივე მხარე  სევდიანდება და ბრაზდება. თუმცა, რეალურ სამყაროში ყველას არ აქვს ერთნაირი მუშაობის არც დრო, არც უნარები და არც სურვილი. ასეთ შემთხვევაში როგორი განაწილება იქნება სამართლიანი?
მე-20 საუკუნის ფილოსოფოსისს ჯონ როელსისს “უცოდინრობის საბურველის” თეორიის მიხედვით, თუ ადამიანებმა წინასწარ არ იციან რამდენად შეესაბამებიან ამა თუ იმ სამუშაოს და შეძლებენ თუ არა სხვებს კონკურენცია გაუწიონ, თანახმა არიან ყველას, განურჩევლად კონტრიბუციისა, ჰქონდეს თანაბარი ანაზღაურება. თუმცა, როგორც კი იგებენ, რომ თვითონ სხვებთან შედარებით მეტი ცოდნა აქვთ, ისინი მეტ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსამართლობის განცდა უჩნდებათ.

თანაბარი ანაზღაურება და კოლექტივიზმი ინდივიდებს მოტივაციას უქრობს და უსამართლობის შეგრძნებასთან ერთად, საქმეც ფუჭდება. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც სსრკ-მ არ გაამართლა. 
ჩნდება კითხვა, შეუძლია თუ არა ადამიანს ღარიბი ოჯახიდან შემოსავლების უთანასწორობის დაძლევა მხოლოდ ნიჭითა და მონდომებით? ერთეულებს კი, თუმცა ძირითადად, ასეთ შემთხვევაში ადამიანები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას, ვერ იძენენ სასარგებლო უნარებსა და კონტაქტებს. არა იმიტომ რომ სურვილი ან ნიჭი აკლიათ, არამედ არ აქვთ 2 მნიშვნელოვანი რესურსი: დრო და ფული.
ასე რომ გამოთქმა “ფულმა ფული იცის” მართლდება.
არის თუ არა უთანასწორობის ზრდა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის საშუალო შემოსავლის რაოდენობა მაინც იზრდება? ხომ არ შევუშლით საერთო ეკონომიკური ზრდის განვითარებას ხელს იმ შემთხვევაში თუ უთანასწორობის შემცირებას ვეცდებით? სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის? შეუშლის თუ არა ეს უთანასწორობა მსოფლიო მოსხლეობის ძირითად ნაწილს ხელს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში? ეს ის კითხვებია, რომელზეც სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები განსხვავებულ პასუხს გაგვცემენ.

What do you think?

10 Points
Upvote Downvote

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტესტი: ერკვევი თუ არა საქართველოში არსებულ გადასახადებში?

სიღარიბის დონის ცვლილება მსოფლიოში