in

მოთხოვნა-მიწოდება, ეკონომიკის “აი ია”

“მოთხოვნა-მიწოდების მრუდი” ეკონომიკის “აი იაა”, ესაა პირველი რითაც ეკონომიკის სწავლას იწყებენ. რა არის და რატომაა მნიშვნელოვანი?

ბაზარი ადგილია, სადაც გამყიდველები და მყიდველები ნებაყოფლობით ვაჭრობენ და ამ ვაჭრობით ყველა მოგებული რჩება, როგორ?
წარმოიდგინე, თუ ნიკა მზადაა 3 ლარი გადაიხადოს მსხალში, ანუ მისთვის მსხალს უფრო მეტი ღირებულება აქვს (წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაცვლიდა ფულს ხილში) და პირიქით, გამყიდველისთვის 3 ლარი უფრო ღირებულია, ვიდრე მსხალი – შესაბამისად ამ გაცვლით ორივე მოგებული რჩება.

მაგრამ როგორ დგინდება ფასი, რომელიც ორივეს აწყობს?

ჯერ კიდევ ეკონომიკის მამად წოდებულმა, ადამ სმიტმა განიხილა ბრილიანტის და წყლის მაგალითი. წყალი ყველას და ყველაფერს სჭირდება, მასზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი. ბრილიანტი კი – პრინციპში არაფერში არ გვჭირდება, მაგრამ წყალზე გაცილებით ძვირი ღირს. რატომ? იმიტომ რომ ფასის დასადგენად მოთხოვნასთან ერთად მიწოდების შესახებაც უნდა ვიცოდეთ ინფორმაცია. წყალი ბრილიანტთან შედარებით ძალიან ბევრი გვაქვს, შესაბამისად გაცილებით უფრო იაფია.
ანუ, პროდუქტის ფასის დადგენისას მნიშვნელოვანია როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება.

დავუშვათ, ქვეყანაში იმდენი ვარდია, რამდენის ყიდვაც არ უნდა მოსახლეობას. ეს ვარდების ფასის დაწევას გამოიწვევს, შემდეგ პერიოდში კი მებაღეები ვარდების მაგივრად სხვა ყვავილებს დარგავენ.

ან პირიქით, თუ ადამიანებს იმაზე მეტი ვარდის ყიდვა სურთ, ვიდრე ბაზარზეა, ფასი აიწევს, ხოლო მებაღეები მეტ და მეტ ვარდს დარგავენ. საბოლოოდ ვარდების ფასიც დარეგულირდება (ქვევით უკეთესად დაინახავ ამას).

ანუ კონკურენტულ ბაზარს “მეტობა” და “ნაკლებობა” არეგულირებს. სწორედ ესაა ის “უხილავი ხელი”, რომელზეც ამბობენ რომ ბაზარს აწესრიგებს და რომელზეც ალბათ ბევრს გაგიგიათ.

ხშირად მყიდველები მწარმოებლებზე ბრაზდებიან, რომ პროდუქტი ძვირია, თუმცა რეალურად ბაზარზე მყიდველები არიან ერთმანეთის კონკურენტები, გამყიდველები კი ერთმანეთის. როგორ?

წარმოიდგინეთ აუქციონი, გამყიდველი აცხადებს მინიმალურ ფასს, რომელზეც თანახმაა თავისი პროდუქტი გაყიდოს. შემდეგ პოტენციური მყიდველები იწყებენ იმ თანხის დასახელებას, რომელზეც მზად არიან შეიძინონ. თუ სხვა ადამიანი უფრო მეტის გადამხდელია, ის თავის თანხას დაასახელებს, შემდეგ კიდევ სხვა და ა.შ. პროდუქტი გადაეცემა იმას, ვინც ყველაზე ბევრს შესთავაზებს გამყიდველს. ანუ სხვა მყიდველები ბაზარზე შენი კონკურენტები არიან, ისინი მეტის გადამხდელები რომ არ იყვნენ, პროდუქტი უფრო იაფი ეღირებოდა.

ზუსტად ასე მუშაობს მთლიანი ბაზარიც, სადაც ჯამურადაა ნაჩვენები ინფორმაცია მიმწოდებლების, მომხმარებლების, ფასებისა და რაოდენობის შესახებ.

მრუდებმა არ შეგაშინოს, ძალიან მარტივია. აი ვნახოთ:

Y ვერტიკალურ ღერძზე ნაჩვენებია ფასები, X ჰორიზონტალურზე კი რაოდენობები. წითელი ხაზი მოთხოვნის მრუდია, მწვანე კი მიწოდების. მიწოდების მრუდი გვიჩვენებს კონკრეტულ ფასად, რა რაოდენობის პროდუქტს გაყიდიან მწამოებლები.
მოთხოვნის მრუდი კი გვიჩვენებს, კონკრეტულ ფასად, რა რაოდენობის პროდუქტს იყიდიან ადამიანები

არის ასეთი ტერმინი “მოთხოვნა-მიწოდების კანონი”, რომელიც რეალურად კანონი არ არის და არის შემთხვევები, როცა პრინციპი ირღვევა, თუმცა იმდენად ხშირად სრულდება, რომ შეგვიძლია კანონად ჩავთვალოთ. რას გვეუბნება ეს კანონი? თუ ფასი იკლებს, ხალხი მეტს ყიდულობს, თუ ფასი იმატებს – ნაკლებს და პირიქით, თუ ფასი იკლებს, მწარმოებლები ნაკლებს აწარმოებენ, თუ იმატებს – მეტს.

მოდი მაგალითი ვნახოთ. დავუშვათ 1 ვარდი 14 ლარი ღირს და ამ ფასად მწარმოებლები 28 ვარდს აწარმოებენ, მომხმარებლებს კი მხოლოდ 22 ვარდის ყიდვა სურთ 14 ლარად. რა გამოვა? ვარდების სიჭარბე გვექნება.
ან პირიქით, თუ ვარდის ფასი 6 ლარი გახდება, მომხმარებლებს 35 ცალი ვარდის ყიდვა მოუნდებათ, მებაღეებს კი მხოლოდ 17 ვარდს გაყიდვა მოუნდებათ და ბაზარზე ვარდების დეფიციტი იქნება.

თუმცა არსებობს 1 კონკრეტული წერტილი, რომელსაც “წონასწორულ ფასს” უწოდებენ. ესაა ფასის ის მომენტი, როდესაც მომხმარებლებს და მწარმოებლებს ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობის პროდუქტის ყიდვა და წარმოება სურთ. სად იქნება ეს წერტილი გრაფიკზე? გადაკვეთის წერტილში. ესაა ერთადერთი ადგილი სადაც ფასი სტაბილურია.

ანუ, რა გამოდის – ახლა ყველა ფასი მაღაზიაში, ბაზარში, ინტერნეტში წონასწორულია? არა. სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შედეგად ფასები სულ იცვლება, თუმცა ის მუდმივად მიიწევს წონასწორული მდგომარეობისკენ. ამას ხშირად ჯამში ჩაგდებულ ბურთს ადარებენ, რამდენის არ უნდა იგორაოს აქეთ-იქეთ ბოლოს მაინც ჯამის ძირის ცენტრში გაჩერდება.

რა შემთხვევაში იცვლება ფასი? არსებობს 2 ტიპის ცვლილება, ერთი ცვლილება მრუდზევე აისახება, ანუ უბრალოდ ფასი იზრდება და იკლებს, შესაბამისად მიყვება მოთხოვნის რაოდენობაც. მაგალითად თუ კომშის ფასი 2 ლარიდან 4 ლარამდე გაიზრდება, მასზე მოთხოვნა 300-დან 200-მდე შემცირდება.

არსებობს ისეთი ტიპის ცვლილებები, რომლებიც მთლიანად გადაადგილებენ მრუდს მარჯვნივ ან მარცხნივ. ამას ფასის და რაოდენობის მიღმა არსებული ცვლილებები იწვევს. მაგალითად ცუდი ამინდი, მოსახლეობის საერთო შემოსავლის გაზრდა, ახალი, უფრო პოპულარული შემცვლელი პროდუქტის გამოჩენა და ა.შ.

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ცხადია, ზუსტი არაა. ზოგ შემთხვევაში ეს პრინციპი ირღვევა, მაგალითად არ არის გამორიცხული ზოგიერთ “საიმიჯო”, ძვირადღირებულ პროდუქტზე მოთხოვნის რაოდენობა შემცირდეს, იმ შემთხვევაში თუ ფასი შემცირდება (იმიტომ რომ ზოგჯერ, ადამიანებს პრესტიჟულად მიაჩნიათ ძვირიანი ნივთის ყიდვა და სწორედ ამის გამო ყიდულობენ). ასევე თუ ბაზარი სრულად არის გაჯერებული, ანუ მეტი არავის, საერთოდ არავის აღარ უნდა – რაც არ უნდა დააკლო ფასი, აღარ იყიდიან. თუმცა ასეთი შემთხვევები უფრო თეორიული ან ძალიან იშვიათია და ძირითად შემთხვევებში მოთხოვნა-მიწოდების კანონი მუშაობს.

What do you think?

10 Points
Upvote Downvote

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩრდილოვანი ეკონომიკა

იცი, რა არის სოციალური მეწარმეობა?