ზოგჯერ მიზნის მისაღწევად, რეგულაციებს ვიღებთ, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ მუშაობს, როგორც გვგონია. პირიქით, შეიძლება მიზნის საპირისპირო შედეგიც კი მივიღოთ. ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით.
in

მოულოდნელი შედეგები

ქვეყანაში რაიმე მიზნის მისაღწევად, ზოგჯერ რეგულაციებს იღებენ, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილია. პირიქით, შეიძლება მიზნის საპირისპირო შედეგიც კი მივიღოთ. ასეთ შემთხვევებზე მოგიყვებით.

ნიდერლანდების ვიწრო სახლები

მე-16 საუკუნეში ნიდერლანდების მთავრობამ გადაწყვიტა იმ ოჯახებისთვის გამოერთმია მეტი გადასახადი, ვინც განიერ სახლში ცხოვრობდა. ფიქრობდნენ, რომ განიერ სახლში უფრო მდიდარი, ოჯახი იცხოვრებდა და ამ წესით უკეთ ააგროვებდა გადასახადებს. შედეგი სულ სხვანაირი მიიღეს – დღესაც, თუ ნიდერლანდებს ესტუმრები, ვიწრო სახლების სიმრავლეს შენიშნავ. ადამიანებმა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ვიწრო სახლების მშენებლობა დაიწყეს და მათგან ყველაზე პატარა 80 სანტიმეტრიც კი იყო.

ვიეტნამის ვირთხების ამბავი

1902 წელს, ვიეტნამში, საკანალიზაციო არხების გაყვანის შემდეგ. ვირთხები მომრავლდნენ. პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ გადაწყვიტა ვირთხის 1 კუდში ჯილდოდ 1 ცენტი დააწესა. რა მოხდა შედეგად? ადამიანები ვირთხებს იჭერდნენ, კუდს აჭრიდნენ და უშვებდნენ, რათა გამრავლებულიყვნენ და მეტი ვირთხა დაეჭირათ და მეტი ფული მიეღოთ. უფრო მეტიც, ჰანოის გარეთ, ვირთხების მოსაშენებელ ფერმაც კი გაჩნდა.

ინგლისის ფანჯრების ამბავი

ინგლისის ფანჯრების ამბავზე ადრე უკვე მოგიყევით. აქაც ნიდერლანდების მსგავსი ისტორიაა, როცა მთავრობამ ოჯახებს სახლის ფანჯრების რაოდენობის მიხედვით დაუწესა გადასახადი. ლოგიკით: “რაც მეტია ფანჯარა, მით უფრო დიდია სახლი, ანუ უფრო მდიდარია მაცხოვრებელი”. შედეგად, ამოშენებული ფანჯრები მიიღეს, რომლებსაც დღესაც შეხვდებით ინგლისში.

ბრინჯის და ხორბლის სუბსიდირება ინდოეთში

ინდოეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზოგიერთ მაღაზიაში, რეგულაციის მიხედვით ბრინჯი და ხორბალი სუბსიდირებული ფასით ბარდებოდა, რათა ადამიანებს უფრო იაფად შეძლებოდათ მისი ყიდვა. რა მოხდა შედეგად? გამყიდველებმა მათი გაყიდვა ჩვეულებრივ ბაზარში, ჩვეულებრივ საბაზრო ფასად დაიწყეს, რათა მეტი მოგება ენახათ. მთავრობამ მიზანს, მოსახლეობის ღარიბი ფენისთვის საკვები ხელმისაწვდომი გაეხადა, ვერ მიაღწია. თუ კონკრეტული ადამიანების ჯგუფის დახმარება სურდა, უმჯობესი იქნებოდა პირდაპირ მათთვის მიეცა ფული.

მექსიკის მანქანები

1989 წელს, მექსიკაში, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის შესამცირებლად გადაწყვიტეს, რომ მანქანების რაოდენობა შეემცირებინათ. ამისთვის კონკრეტულ დღეებში მხოლოდ ლუწი ნომრების, კონკრეტულ დღეებში კი მხოლოდ კენტი ნომრების მფლობელ მანქანებს მისცეს გადაადგილების უფლება. იფიქრეს, ასე ხალხი მანქანებს სახლში დატოვებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებენო. შედეგი სულ სხვანაირი იყო. ჰაერი კი არ გაიწმინდა, პირიქით, მანქანების გამონაბოლქვის წილი 13%-ით გაიზარდა. რატომ? მოსახლეობას დაეზარა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, ამიტომ ნაწილმა მე-2 მანქანაც იყიდა. თუ პირველ მანქანაზე კენტი ნომერი ჰქონდათ, მე-2-ზე ლუწი დააყენეს და პირიქით, რათა ყოველდღე შეძლებოდათ გადაადგილება. მე-2 მანქანისთვის ფული ენანებოდათ, ამიტომ ძველი და იაფი აარჩიეს, რომელსაც ბევრი გამონაბოლქვი ჰქონდა. შესაბამისად ჰაერი უფრო დაბინძურდა.

ინდოეთის კობრების ამბავი

ინდოეთში ზუსტად იგივე რამ მოხდა რაც ვიეტნამში – ოღონდ აქ კობრები მომრავლდნენ, რომელთა მოჭრილ თავში მთავრობამ ფულადი ჯილდო დააწესა. ინდოეთშიც ვიეტნამის მსგავსად კობრების მომრავლება დაიწყეს. წესით, პირველი მაგალითი ეს უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ ეფექტს – როცა მოსახლეობა რეგულაციაზე მოსალოდნელის საპირისპიროდ რეაგირებს, ინდოეთის ამბის მიხედვით ეკონომისტმა ჰორს სიბერტმა “კობრის ეფექტი” უწოდა.

ერთი შეხედვით ეს ეფექტები სახალისოა (და ალბათ ბევრი შეხედვითაც), მთავარი კი ისაა, რომ რეგულაციები ზოგჯერ სასურველის საპირისპირო შედეგს იძლევა და მის მიღებამდე ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაზოგვის 10 მეთოდი

შეავსე ეკონომიკური ტესტი