in

ფასები ბალანსს ქმნიან

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.6. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ფასები გავლენას ახდენს მყიდველზეც და გამყიდველზეც. როცა პროდუქტის ფასი იმატებს, ნაკლები ადამიანი შეიძენს მას. ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის ასეთ ნეგატიურ დამოკიდებულებას მოთხოვნის კანონი ეწოდება. 

პროდუქტზე ფასის ზრდა გამყიდველებს დამატებით შემოსავალს აძლევს და მეტი მიწოდების მოტივაციას უქმნის. ფასსა და მწარმოებლის მიერ მიწოდებულ რაოდენობას შორის მსგავს დადებით დამოკიდებულებას მიწოდების კანონი ეწოდება.

მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დამოკიდებულების საილუსტრაციოდ ეკონომისტები ხშირად გრაფიკებს იყენებენ. ამ გრაფიკზე წარმოდგენილია როგორ იცვლება ნაყინზე მოთხოვნა და მიწოდება ფასის ცვლილებასთან ერთად. ნაყინის ფასის კლებასთან ერთად მომხმარებლები მეტ ნაყინს შეიძენენ, ხოლო მწარმოებელს ფასის ზრდასთან ერთად მეტის მიწოდების მოტივაცია აქვს. 

მოთხოვნის და მიწოდების მრუდების თანაკვეთა ის წერტილია, როცა გარკვეულ ფასად, ამ შემთხვევაში 5 ლარად, მომხმარებელი მზადაა იმდენივე ლიტრი ნაყინი შეიძინოს, რამდენის მიწოდებაც მწარმოებელს სურს, ანუ 15 ლიტრი. ამას წონასწორობის ფასი ეწოდება.

თუ ნაყინის ფასი 5 ლარზე მეტი იქნება, მწარმოებლები იმაზე მეტ ნაყინს მიაწოდებენ მომხმარებელს, ვიდრე მოთხოვნაა. ამიტომ ნაყინს სრულად ვერ გაყიდიან და მოუწევთ ფასი დააკლონ. 

თუ ფასი 5 ლარზე ნაკლები იქნება, მომხმარებელს იმაზე მეტი ნაყინის შეძენა მოუნდება, ვიდრე მწარმოებლები მიაწოდებენ – ეს ბაზარს აიძულებს ნაყინზე ფასი გაიზარდოს. ორივე შემთხვევაში წონასწორობის ფასამდე მივდივართ – როცა მყიდველებისა და მწარმოებლების არჩევანი ერთმანეთს ემთხვევა.

რას აქვს გავლენა პროდუქტის მოთხოვნაზე?  მომხმარებლის შემოსავალს, შესაბამისი პროდუქტის ფასებს, მომავალში ფასების ზრდის მოლოდინს და ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა რაოდენობას. ეს ცვლილებები მოქმედებს პროდუქტის იმ რაოდენობაზე, რომლის შეძენაც მომხმარებელს სურს. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ მოთხოვნის ცვლილება და მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება

მოთხოვნის ცვლილებისას მთლიანად იცვლება მოთხოვნის მრუდი, ანუ ახალი მოთხოვნის მრუდი ჩნდება. ხოლო მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება მოთხოვნის იმავე მრუდზე აისახება. 

მოცემულ გრაფიკზე D2 მოთხოვნის ახალი მრუდია. წარმოიდგინე, რომ მოხმარებლებს შემოსავალი გაეზარდათ და უფრო მეტი ნაყინის შეძენა მოუნდათ. მოთხოვნის ძველი მრუდი D1 ახალი მრუდით – D2-ით შეიცვლება.

მოთხოვნის ცვლილება წონასწორობის ფასის ცვლილებასაც გამოიწვევს და 5-დან 7 ლარამდე გაზრდის. ახალი მოთხოვნის პირობებში მყიდველებისა და მიმწოდებლების არჩევანი ამ შემთხვევაში იქნება ბალანსში. 

ახლა წარმოიდგინე, რომ მომხმარებლებს შემოსავალი შეუმცირდათ და ნაკლები ნაყინის ყიდვა სურთ. ასეთ შემთხვევაში შემცირდება მოთხოვნა და შესაბამისად წონასწორობის ფასიც. 

მიწოდების ცვლილებას ერთი ერთეული პროდუქტის ღირებულების ცვლილება იწვევს. მაგალითად, ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ შესაძლებელია გააიაფოს პროდუქტის წარმოება, პროდუქტისთვის საჭირო ინგრედიენტებზე ფასის მატებამ კი გააძვიროს. 

რა მოხდება, თუ ნაყინის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების – ნაღებისა და რძის ფასი შემცირდება? მიწოდება გაიზრდება, ხოლო საბაზრო ფასი დაიკლებს. 

ნაღების და რძის გაიაფება შეამცირებს ნაყინის წარმოების ხარჯებს, რაც მიწოდების მრუდს შეცვლის S2-ით. შედეგად, ნაყინის წონასწორობის ფასიც შემცირდება 5 ლარიდან 3 ლარამდე. ახალ ფასად მოთხოვნის რაოდენობაც გაიზრდება და მიწოდებას გაუტოლდება. 

რა მოხდებოდა ერთი ერთეული ნაყინის წარმოების ხარჯი გაზრდილიყო? მოთხოვნის მრუდი მარცხნივ გადაადგილდებოდა – ანუ შემცირდებოდა მიწოდება, შესაბამისად გაიზრდებოდა ნაყინის ფასი და გაყიდული ნაყინის რაოდენობა დაიკლებდა. 

ბაზრის ასეთი ცვლილებები მომენტალურად არ ხდება – მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც დრო სჭირდებათ ახალ პირობებზე მოსარგებად. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფიშინგი

შეამოწმე შენი ეკონომიკური ცოდნა