in

რა არის ₾არი-ზაცია? 🤔

თუ შენ მეწარმე ხარ და რაიმე პროდუქტს ან სერვისს ყიდი გეკრძალება ფასი მიუთითო ლარის გარდა რაიმე სხვა ვალუტაში, ასევე რაღაც რაოდენობამდე სესხის გამოტანას, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მოახერხებ – ეს რეგულაციები “ლარიზაციის” პროცესს მოჰყვა.

ლარიზაცია ქვეყანაში ლარის გამოყენების წილია სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

რომელი ვალუტის გამოყენება ურჩევნია მოსახლეობას, ამას ძირითადად ვალუტის მიმართ ნდობა განსაზღვრავს.

თუ ნინო, რომელსაც სახლის გაყიდვა უნდა, ფიქრობს, რომ დოლარი ლართან შედარებით უფრო სტაბილური და სანდოა – ეცდება ბინის ფასი დოლარში დააფიქსიროს. ბინის სავარაუდო მყიდველებს ეტყვის, რომ სახლს $X-ის შესაბამის ლარად ყიდის (თუ ნინოს არჩევანის თავისუფლება ექნებოდა – შეიძლება დოლარში ევაჭრა და ლარი საერთოდ არ გამოეყენებინა)

თუ ნინო ბინას გაყიდის და მიღებული ფულის ბანკში შენახვას დააპირებს, გადასაწყვეტი ექნება შეინახოს ლარში თუ დოლარში. დღეს ლარის ნდობა მოსახლეობაში ნაკლებია და დეპოზიტების 63% უცხოურ ვალუტაშია.

მე-2 მხრივ, სესხის აღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა გათვალოს, რამდენად შეუძლია გადახდა. იმის გამო, რომ მოსახლეობის უმეტესობას ხელფასი ლარში ერიცხება, სესხის ლარში აღების შემთხვევაში კურსის ცვლილებაზე პირდაპირ არ იქნება დამოკიდებული მისი გადასახდელი თანხის ზრდა ან კლება. ამიტომ, ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველო ცდილობს დე-დოლარიზაციას.

დე-დოლარიზაცია შეიძლება რბილად, გარედან უხეში ჩარევების გარეშე მოხდეს, ადგილობრივი ეკონომიკის სტაბილური ზრდით. თუმცა, თუ დე-დოლარიზაცია ქვეყანას მოკლე ვადაში უნდა , ამის მიღწევა ეროვნული ვალუტის პროტექციონიზმისა და ხისტი ჩარევების გარეშე გაუჭირდება.

ეროვნული ბანკის ლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს.

მომხრეები ფიქრობენ, რომ ლარიზაციის მაღალი დონით ქვეყანაში შეიქმნება ეკონომიკურად სტაბილური გარემო, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და მოსახლეობას ნაკლებად დააზარალებს ლარის გაუფასურება (მაგალითად, ნაკლებად ექნება სესხი აღებული სხვა ვალუტაში) და იმის გამო, რომ სები (საქართველოს ეროვნული ბანკი), ლარის ერთადერთი მიმწოდებელია ბაზარზე, დოლარზე კი კონტროლი არ აქვს – ლარიზაციის მაღალი დონით, მათ მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა უფრო ეფექტიანი იქნება. ლარიზაციის პოლიტიკის გავლენა სესხებში უკვე გამოჩნდა – 2016 წელს სესხებში ლარიზაცია 34% იყო, 2021 წელს კი 44%.

მოწინააღმდეგეები რამოდენიმე ნაწილად იყოფიან. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარიზაცია კი კარგია, მაგრამ ახლა – მაღალი ინფლაციის და ეკონომიკის ვარდნის პერიოდში არ გვაქვს დე-დოლარიზაციის საშუალება, იმიტომ რომ ლარიზაცია ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. 

მე-2 ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარიზაცია კარგია, ოღონდ ეკონომიკური გაჯანსაღების და არა რეგულაციების ხარჯზე, რადგან რეგულაციები ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, შესაძლოა ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებდნენ. ფიქრობენ, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ვალუტას ენდობიან და თუ საქართველოს ეკონომიკა გაძლიერდება, ლარი ბუნებრივად დაიკავებს სასურველი ვალუტის ადგილს.

ადამიანების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტა საერთოდ არ გვჭირდება და შეგვიძლია სრულად დოლარზე გადავიდეთ, ამიტომ ლარიზაციაში დროის კარგვა არ ღირს.

ასე რომ, ყველა რეგულაციას თავისი ფასი აქვს და მოკლე ვადაში ხარჯიანი რეგულაცია შესაძლოა გრძელ ვადაში მომგებიანი იყოს. თუმცა, იქნება თუ არა ლარიზაციისკენ გადადმული დღევანდელი ნაბიჯები ასეთი და მოგვიტანს თუ არა სარგებელს – ამას სხვადასხვა ეკონომისტი სხვადასხვანაირად აფასებს. .

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სად მიდის ვალუტის გაცვლისას “დაკარგული” ფული?

აშშ-ს ეკონომიკა