in

რეფინანსირების განაკვეთი

ალბათ ხშირად გსმენია ტერმინი “რეფინანსირების განაკვეთი”, რომელსაც ეროვნული ბანკი ხან ზრდის, ხან ამცირებს. მაინც რას ნიშნავს და რამდენად გვეხება თითოეულ ჩვენგანს? 

ეროვნული ბანკი ჩვეულებრივი კომერციული ბანკი არ არის, ანუ რიგითი მოქალაქე ეროვნულ ბანკში ვერც ანაბარს გახსნის და ვერც სესხს აიღებს. ეროვნული ბანკი ქვეყნის პირადი ბანკირის ფუნქციას ასრულებს და თუ მის საიტზე შევალთ, ვნახავთ, რომ “ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა”, ამ მიზნის შესასრულებლად კი მონეტარულ ინსტრუმენტებს იყენებს.  სწორედ მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია რეფინანსირების განაკვეთი.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ნიკა ბინის საყიდლად კომერციული ბანკიდან სესხს გამოიტანს, მას ამ სესხზე განსაზღვრული პროცენტის გადახდა მოუწევს. ასევე, კომერციული ბანკი თუ ეროვნული ბანკისგან ისესხებს ფულს – მასაც მოუწევს პროცენტის, რეფინანსირების განაკვეთის, გადახდა. 

კომერციული ბანკები სხვა სესხებთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებსაც გასცემენ. ანუ გადასახდელ პროცენტში შედის = რეფინანსირების განაკვეთი (თანხა, რომელიც ბანკმა გადაუხადა ეროვნულ ბანკს) + მარჟა (ბანკის სხვა ხარჯები და მოგება). თუ ნიკა რომელიმე  ბანკიდან ფულს ისესხებს, და ეს სესხი რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული  – მას მოუწევს მეტის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთს გაუზრდის და პირიქით, ნაკლების გადახდა იმ შემთხვევაში, თუ სები (საქართველოს ეროვნული ბანკი) განაკვეთს შეამცირებს. 

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება განკარგოს რა პროცენტში ასესხებს კომერციული ბანკი მომხმარებელს ფულს, მას მაინც აქვს საპროცენტო განაკვეთების, ფულის მოხმარების, დაკრედიტებისა და ინფლაციის მართვის საშუალება.

იმის გამო, რომ ქვეყანაში მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს ლარის გამოშვების უფლება, მას აწყობს “ლარიზაცია” (ჩვენს შემთხვევაში იგივე დე-დოლარიზაცია), ანუ ლარის გამოყენების წილის ზრდა სხვა ვალუტებთან მიმართებაში – “ლარიზაციის” შემთხვევაში ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას მეტი გავლენა ექნება. 

ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს ეკონომიკაში ჩარევის საშუალება, ვინაიდან ეს თავისუფალ ბაზარში ჩარევაა; ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მონეტარული პოლიტიკის გატარება მნიშვნელოვანია.

იმის გამო, რომ წელს საქართველოში ინფლაციამ გადააჭარბა ეროვნული ბანკის მიერ ნორმალურად მიჩნეულ 0-3%-იან დონეს და გახდა 7.1%, სებ-მა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი 10.5 %-მდე. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.  

რეფინანსირების მაღალი განაკვეთი ზრდის როგორც სესხის, ასევე ანაბარზე დარიცხულ პროცენტსაც. ანუ თუ ნიკა ტელეფონის საყიდლად სესხის გამოტანას აპირებდა, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისას, მას გადასახდელი პროცენტიც გაეზრდება – რის გამოც შეიძლება სესხის გამოტანა და ტელეფონის ყიდვა შეიძლება გადაიფიქროს.

ასევე, თუ მარი ბანკში ინახავს თანხას, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდისას მას უფრო მეტი პროცენტი დაერიცხება – რაც მოტივაციას უჩენს, არ გამოიტანოს ფული ბანკიდან (და შესაბამისად, არ იყიდოს ამ ფულით ახალი პროდუქტები).

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამცირებს ნასესხები, თუ საკუთარი, ლარის ხარჯვას, ამცირებს მოთხოვნას – რაც აჩერებს ფასების ზრდას. თავის მხრივ ეს პროცესი ეკონომიკის შეფერხებას იწვევს, თუმცა ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

ანუ, რეფინანსირების განაკვეთი ის საპროცენტო განაკვეთია, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უდგენს. ეს პროცესი პირდაპირ თუ ირიბად ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას.

თუ გაინტერესებს მეტი ლარიზაციაზე, ნახე სტატია: https://orjerori.ge/ekonomika/ra-aris-ari-zatsia

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკონომიკის ანბანური ტესტი | დ

რა არის ფიშინგი?