in ,

როდისაა ერთი ჭიქა წყალი ძვირი?

რამდენს გადაიხდიდი 1 ჭიქა წყალში? ალბათ არაფერს, თუ ანკარა წყაროსთან ზიხარ. 

მაგრამ თუ წყაროს დევი დარაჯობს? ან თუ უდაბნოში ხარ? ასეთ დროს ალბათ თანახმა იქნები, რომ წყალში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადო. ღირებულება სწორედ იმის მიხედვით დგინდება, თუ რამდენის გადამხდელი ხარ ამა თუ იმ პროდუქტსა თუ მომსახურებაში.

ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა და მიწოდება. მაგალითად, უდაბნოში სიცხისგან ალბათ მალევე მოგწყურდება – ანუ ჩნდება მოთხოვნა წყალზე. თუმცა უდაბნოში წყაროს იშვიათად შეხვდები, ამიტომ წყალზე მარტივად არ მიგიწვდება ხელი. ახლა წარმოიდგინე, რომ უდაბნოს შუაგულში პატარა ჯიხური დაინახე, სადაც წყალი იყიდება.

გარშემო სხვა არაფერია და მხოლოდ აქ შეგიძლია წყურვილის დაკმაყოფილება. გადაიხდიდი ასეთ დროს 1 ჭიქა წყალში 10 ლარს? 

როცა რაღაც პროდუქტი ძალიან გჭირდება, მზად ხარ მის მისაღებად შესაბამისი თანხა გაიღო. ამ დროს არ იწყებ იმაზე ფიქრს, თუ რამდენად აღემატება ფასი წარმოების ხარჯებს. მეტიც, მსგავს შემთხვევაში წარმოების ხარჯს თითქმის არ აქვს კავშირი პროდუქტის ღირებულებასთან.

ბუნებრივია, როცა ხელი მრავალ მსგავს პროდუქტზე მიგიწვდება, ფასი შესაძლოა განსაზღვრავდეს შენს არჩევანს. თუმცა, როცა ძალიან მცირე ან არანაირი ალტერნატივა არ გაქვს, იხდი იმდენს, რამდენადაც ეს პროდუქტი ან სერვისი გიღირს.

ამიტომაა, რომ კონკურენციის არ არსებობის შემთხვევაში მონოპოლისტს შეუძლია პროდუქტს ძალიან მაღალი ფასი დაადოს. 

თუ ფასი თანხაა, რომელსაც პროდუქტის მისაღებად ვიხდით, ღირებულება არის რამდენად ფასობს ეს რაღაც ჩვენთვის, რამდენად გვჭირდება და რამდენად გამოვიყენებთ. ღირებულება შეიძლება განისაზღვროს ფინანსური, ემოციური, ფიზიკური ან სხვა მახასიათებლით. 

ღირებულება ზოგჯერ ლოგიკური არ არის და მას გრძნობები განაპირობებს. სენტიმენტალური ღირებულება არის რამდენად ვაფასებთ რაიმეს, მისი მონეტარული ღირებულებისგან დამოუკიდებლად.

მაგალითად, ბავშვობის სახლს, ძველ ფოტოებს და ნივთებს ჩვენთვის ზოგჯერ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არა იმიტომ, რომ ისინი ძვირადღირებულია, არამედ იმიტომ, რომ მათთან პირადი ან ემოციური კავშირი გვაქვს. 

წარმოიდგინე, რომ ძველმანების ბაზრობაზე სათამაშოს გადააწყდი, რომლის მსგავსიც ბავშვობაში ჰქონდა. სათამაშომ ძველი ამბები გაგახსედა და მოგინდა მისი შეძენა. შენ მზად ხარ 50 ლარი გადაიხადო, თუმცა შენი მეგობარი თვლის, რომ ეს ფასი ძველი ნივთისთვის ძვირია. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთი და იმავე ნივთის ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ადამიანიასთვის. ასეთ შემთხვევაში ძვირი და იაფი სუბიექტური ცნებები ხდება. 

ის, რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება ძვირი იყოს, სხვისთვის იაფია, რადგან ღირებულებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ეს ფაქტორები კი ინდივიდუალურია.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გადასახადებს ყველანი ვიხდით

ბანკის ისტორია