in

როგორ უშველა ინდოეთში ქალებს საკაბელო ტელევიზიამ?

“კობრას” ეფექტი ხომ გახსოვს? როცა რაღაც მიზნისთვის გადადგმული ნაბიჯი საპირისპირო შედეგს გვაძლევს. მაგალითად, კოლუმბიაში გამონაბოლქვის შესამცირებლად მანქანებს ნომრებისა და დღეების მიხედვით აუკრძალეს მოძრაობა. ლუწნომრიანები მხოლოდ ლუწ რიცხვებში დადიოდნენ, კენტნომრიანები – კენტში. ადამიანების დიდმა ნაწილმა დამატებით კიდევ ერთი, ძალიან იაფიანი მანქანა იყიდა და სხვადასხვა დღეს სხვადასხვა მანქანით დადიოდა. საბოლოოდ გამონაბოლქვის რაოდენობა გაიზარდა.

არსებობს საპრისპირო შემთხვევებიც, როცა რაღაც ფაქტორმა ისე გამოასწორა ესა თუ ის პრობლემა, რომ ჩანაფიქრში ასეთი რამ არც ჰქონიათ.

90-იან წლებში ინდოეთში ქალებისთვის მძიმე პერიოდი იყო. შერჩევითი აბორტის გარდა, ხშირი იყო სიტუაცია, როცა პატარა გოგოებს დაბადების შემდეგ კლავდნენ. ისინი მშობლებისთვის არ წარმოადგენდნენ “ღირებულ შვილს”, რომლებსაც მომავალში მათი ფინანსური უზრუნველყოფა შეეძლოთ. ნობელიანტი ეკონომისტის ამარტია სენის გამოთვლით 1992 წელს ინდოეთში დაახლოებით 42 მილიონი “დაკარგული ქალი” იყო, რომლებმაც დაბადებიდან ზრდასრულობამდე ვერ მიაღწიეს. ქალების დისკრიმინაცია არა მხოლოდ შობადობაში, არამედ შემდეგ ეტაპებზეც ჩანდა – მათ არ აძლევდნენ განათლებას, საკმარის სამედიცინო სერვისს, თუ გაუმართლებდათ და სამსახურს იშოვიდნენ, მათი ხელფასი გაცილებით დაბალი იყო, გამართლებული იყო მათზე ძალადობა და ა.შ.

მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აკრძალეს გენდერული ნიშნით აბორტი – თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. იმისთვის, რომ გოგოები დაბადებულიყვნენ და სრულწლოვანებამდე არ გაეთხოვებინათ, დაიწყო პროგრამა “ჩემი ქალიშვილი, ჩემი სიმდიდრე”, რომლის ფარგლებშიც მთავრობა ყველა დაბადებულ გოგოს ანგარიშზე ურიცხავდა თანხას, რომელიც 18 წლის განმავლობაში იზრდებოდა და მშობლებს მისი გამოტანა მხოლოდ ქალიშვილის დაბადებიდან 18 წლის გასვლის შემდეგ შეეძლოთ, იმ შემთხვევაში თუ მას არ დააქორწინებდნენ.

უფრო მეტიც, პირდაპირი პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში ქალებს თანხას გადაუხდიდნენ, თუ გოგოზე ორსულობისას აბორტს არ გაიკეთებდნენ. დააწესეს ქალებისთვის შეღავათიანი ბიზნეს-სესხები და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერმა არანაირი შედეგი არ გამოიღო. გაიფლანგა ბიუჯეტი, შედეგს კი საერთოდ ვერ მიაღწიეს, ინდოელებმა თავიანთი ქცევა არ შეცვალეს.

ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა სულ სხვა სიახლემ. რომლის მიზანი ინდოეთში ქალების უფლებების დაცვა სულაც არ ყოფილა – ეს არის საკაბელო ტელევიზია, რომლის ეფექტი ემილი ოსტერმა და რობერტ ჯენსენმა გაზომეს. 2000-იანი წლების დასაწყისში საკაბელო ტელევიზია გავრცელდა მთელ ინდოეთში და ოჯახებმა ბევრი არხის ყურება შეძლეს. შედეგად – ქალების ჩაგვრა შემცირდა. რანაირად?

ინდოეთის მთავრობამ 2700 ოჯახი გამოიკვლია, შედეგებმა კი აჩვენეს რომ ქალები, რომელთაც სახლში საკაბელო ტელევიზია ჰქონდათ ნაკლებად იჩაგრებოდნენ. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ რეალურად ჩაგვრა კი არ შემცირდა, არამედ ხალხმა ტელევიზორში ნახა, როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება ჩაგვრის გარეშე და დაიწყეს იმის დამალვა, რომ მათზე ან თვითონ ძალადობდნენ. თუმცა სხვა ფაქტებიც შემოწმდა – ტელევიზორიან ოჯახებს ნაკლები აბორტების რაოდენობა ჰქონდათ. ასევე მათი გოგო შვილებიც უფრო მეტად დადიოდნენ სკოლაში და სწავლობდნენ, ვიდრე გოგოები სხვა ოჯახებიდან.

ტელევიზიის ასეთი დადებითი გავლენა მხოლოდ ინდოეთში არ გვხვდება, იგივე შედეგები იყო მაგალითად – ფიჯიში.

რატომ ჰქონდა ასეთი შედეგი? შესაძლოა ადამიანები ტელევიზორის ყურებაში ბევრ დროს ხარჯავდნენ და სხვის დასაჩაგრად ნაკლებად ეცალათ, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ სხვა ტიპის ცხოვრების ნახვის შემდეგ, მათ ცხოვრებაში სხვანაირი გადაწყვეტილებები მიიღეს. ფაქტია, რომ მიზნის მისაღწევად გადადმული სპეციალური ნაბიჯები უშედეგო გამოდგა, ხოლო საერთოდ სხვა, გარე ფაქტორს (ამ შემთხვევაში ტელევიზორს) უფრო მეტი პოზიტიური შედეგი მოჰყვა.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

ინსტიტუციების როლი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის განვითარებაში

რა გავლენა აქვს ნდობას ეკონომიკაზე?