in

სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში

სტატიის ავტორი: კლიმენტი ბერულავა, GELi-ს ესეების კონკურსის გამარჯვებული

ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფოს მაქსიმალური ჩაურევლობით მიიღწევა, მაგრამ რამდენად შეზღუდული ან შეუზღუდავი შეიძლება იყოს სახელმწიფო? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ბაზრის მქონე ქვეყნებშიც კი ვხედავთ სახელმწიფოს მცირე ფორმით. ამის კარგი მაგლითია სინგაპური და შვედეთი, რომლებიც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში ლიდერები არიან, მაგრამ ამ ქვეყნებშიც კი სახელმწიფო ინარჩუნებს რამდენიმე ფუნქციას

.  საინტერესოა, რომ თავად Tesla-ს განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს ეფუძნებოდა. Tesla-მ მიიღო ასობით მილიონი დოლარი სუბსიდირების სახით (გრანტები, სახელმწიფოს გარანტირებული სესხები და საგადასახადო შეღავათები) ფედერალური ხელისუფლების მხრიდან.

მაგრამ მაინც რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს თავისუფალ ეკონომიკურ პროცესში, თუ მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შედეგია?

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეკონომიკა სწავლობს შეზღუდული რესურსების გადანაწილებას და ბუნებრივია ამ რესურსების მოსაპოვებლად ინდივიდთა ინტერესები ხშირად კონფლიქტურად იკვეთება. ამის მოგვარება ადამიანს ორი გზით შეუძლია. პირველი ნებაყოფლობითი და მშვიდობიანია ანუ ვაჭრობა, გაცვლა და ა.შ, მეორე კი ძალადობრივი ანუ ქურდობა, ქონების მითვისება და ა.შ.

ჯონ ლოკი, ინგლისელი ფილოსოფოსი და ლიბერალური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი თეორეტიკოსი, ფიქრობდა, რომ ადამიანთა ბუნებრივ მდგომარეობაში არ არსებობს გარანტია, რომ ყველა ადამიანი სიმდიდრის მოსაპოვებლად გამოიყენებს არა პირველ არამედ ზემოთხსენებულ მეორე ხერხს. მისი აზრით, სწორედ ამ დროს ჩნდება სახელმწიფოს როლის საჭიროება, რომელიც უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკერძოებლად განახორციელებს სამართალს და დაიცავს ადამიანების უსაფრთხოებას. ამ თეორიას საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია ეწოდება. შეზღუდული რესურსების გადანაწილება მშვიდობიანი და ნებაყოფლობითი მეთოდით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკურ პროგრესს უწყობს ხელს.

ასე რომ დამცველობითი ფუნქცია სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტური მიზეზია. ხოლო როცა სახელმწიფოს არ შეუძლია დაიცვას მოქალაქეები ქურდობისგან, თაღლითობისგან და ძალადობისგან, დიდია კორუფცია და ფავორიტიზმი, მაშინ შეუძლებელია ჯანსაღი ეკონომიკური პროცესი და ეკონომიკა სტაგნაციაში იძირება.

ამის კარგი მაგალითია საქართველო 90-იან წლებში. სახელმწიფო უუნარო აღმოჩნდა გამკლავებოდა კრიმინალს, იყო კორუფციის დიდი მაჩვენებელი და პრივატიზაცია ტარდებოდა მიკერძოებულად, რამაც შეაჩერა შიდა და გარე ინვესტიციების გაჩენა, ადამიანებს მოტივაცია და სურვილი დაეკარგათ შეექმნათ სიმდიდრე, რადგან ის არ იქნებოდა დაცული. ასევე მიკერძოებული პრივატიზაციის გამო ქვეყნის რესურსები მცირერიცხოვან ელიტაში აკუმულირდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გახდა დიდი ეკონომიკური რეცესიის მიზეზი.


სახელმწიფოს ირიბად შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკური პროცესის ეფექტურობას თავისი დამცველობითი და სამართლებრივი ფუნქციით და იმ მცირე რაოდენობის საქონლის წარმოებით, რომელთა შეთავაზება ბაზრებს უჭირთ. მაგალითად, პოლიციის მომსახურება. თითქმის შეუძლებელია მხოლოდ იმ მოქალაქეებმა ისარგებლონ პოლიციის დაცვით, რომლებსაც ამ მომსახურების ფასი აქვს გადახდილი, ამიტომაც გამართლებულია, რომ ამ სერვისის მომწოდებელი სახელმწიფო იყოს და გადასახადებისგან მიღებული ფულით დაფინანსდეს. სახელმწიფოს მოვალეობაა გაატაროს სტაბილური მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა ინფლაციის კონტროლის, ინვესტიციების ეფექტიანი განაწილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისთვის .

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო რეგულაციები შეიძლება ასევე ეფექტური აღმოჩნდეს ბაზარზე გაჩენილი მონოპოლიების მოსასპობად, ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოსთან გარიგებული კომპანიები ან თვითონ სახელმწიფო გვევლინება მონოპოლისტად, რაც კონკრეტული სერვისის ფასს ზრდის და ხარისხს აქვეითებს. ამის კარგი მაგალითია ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოს ქალაქებში. მიმწოდებელი კომპანიები ექსკლუზიურად ფლობენ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ ოდესმე კონკურენტი გამოუჩნდეთ. შესაბამისად, სახელმწიფოს ეფექტურობა ამ მხრივ სადაოა, რადგან შეიძლება მონოპოლიებთან და ფარულ გარიგებებთან ბრძოლის და კონკურენციის ხელშეწყობის საბაბით შეიქმნას რეგულაციები, რომლებიც პირიქით ხელს უწყობს არსებულ მონოპოლიას და დიდ დაბრკოლებებს უქმნის სხვა ბიზნესს.


ერთი მხრივ, სახელმწიფოს შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკის ეფექტურობას, მაგრამ მეორეს მხრივ მისმა ზღვარგადასულმა ჩარევამ ეკონომიკურ პროცესებში შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს. აუცილებლობით გამოწვეული გარკვეული რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობის წევრებს ხშირად უკარგავს ზომიერების განცდას, რასაც იქამდე მივყავართ, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მორგებულია სპეციალურ ინტერესთა ჯგუფებზე. ამ ყველაფრის პრევენცია კი შესაძლებელია მთავრობის ვალდებულებების და ზომის მკაცრი კონსტიტუციური შეზღუდვით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით პოლიტიკურ პროცესში და მათი ეკონომიკური ცოდნის ამაღლებით.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

0

რა კავშირია ენერგეტიკასა და ეკონომიკას შორის?

გახდებოდი ფიშინგის მსხვერპლი?