in

საქართველო ფუნქციის ძიებაში

დავით კლდიაშვილის სტატია

როგორც ისტორიას, ისე ეკონომიკას თავისი განვითარების კანონზომიერებები და ლოგიკური შედეგები აქვს. თუ ისტორიას გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის საქმიანობის ორი ძირითადი ასპარეზი იყო – ომი და მიწათმოქმედება.

ალექსანდრე მიქაბერიძის შესანიშნავ წიგნებში „ქართველები უცხოთა თვალით“, თავმოყრილია უცხოელი მისიონერების ამბები საქართველოს შესახებ. ისინი ძირითადად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ქართველები შესანიშნავი მეომრები არიან და არათუ უარს ამბობენ ქალაქის ტიპის ეკონომიკაზე, რაც ვაჭრობასაც მოიცავს, არამედ სათაკილოდაც კი მიაჩნიათ.

მსოფლიოს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო იზრდება ვაჭრობის როლი სოფლის მეურნეობასთან შედარებით, სიმდიდრე გროვდებოდა ვაჭრობით და არა მიწათმოქმედებით.

ჩვენი სასკოლო ისტორიოგრაფია ამაზე დუმს. როცა საქართველო ძლიერი ქვეყანა იყო, ეს სიძლიერე მოდიოდა არამხოლოდ ხმლის მარჯვე ქნევით, არამედ სიმდიდრით – რომლითაც ქვეყანას შეეძლო დაექირავებინა და გამოეკვება ჯარი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტრატეგიულ სავაჭრო გზებზე მდებარეობდა, ამას ნაკლებად ვიყენებდით. თბილისშიც, რომელიც სავაჭრო გზის საკვანძო ადგილი იყო, ქართველებზე მეტად სხვები მოდიოდნენ.

თბილისის აღების შემდეგ, დავით აღმაშენებელი ცდილობს ხელი შეუწყოს თბილისის არაქართველ მოსახლეობას დარჩნენ ქალაქში – ვინაიდან ისინი არიან ვაჭრები, ვაჭრობას მოაქვს ეკონომიკური სიძლიერე, ეკონომიკურ სიძლიერეს კი ქვეყნის სიძლიერე.

მე-19 საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ახალ – ახალ სიმაღლეებს იპყრობს ქალაქის ტიპის ეკონომიკა, საქართველო ამას მენტალურად ისევ არ იღებს.

აკაკი წერეთელი წერდა „ვაჭარო, მაგ შენ აბაზში სისხლი და ოფლი ჩემია, რატომ არა გაქვს ღვთის შიში, ან კაცის არა გრცხვენია?“.

აკაკის ეს პოზიცია ვაჟა-ფშაველამ გააკრიტიკა ვაჭრობა, ნაცვლად იმისა, რომ შაეყვარებინათ ხალხისათვის, შეაზიზღეს; ამისათვის არც ბევრი ტყვია წამალი იყო საჭირო, რადგან რაინდული ხასიათის ქართველს ბუნებრივად არა აქვს მიდრეკილება ვაჭრობისაკენ, მითუმეტეს, რომ ამ ვაჭრობის სინონიმად გახადეს მხდალობა.“

დრო მაინც თავისას აკეთებდა და ნელ-ნელა საქართველოშიც ფეხს იკიდებდა კომერცია, სოფლის მეურნეობაშიც კი. ე.წ. „კულაკები“, სინამდვილეში ჭკვიანი გლეხები იყვნენ, რომელთაც სოფლის მეურნეობა ბიზნესად აქციეს. ამ დროს შემდეგი უბედურება მოდის – სსრკ, რომელმაც ჩვენთვის საამაყო სამხედრო ტრადიცია მოსპო, სამხედრო ელიტა კი ფიზიკურად გაანადგურა, ან იძულებული გახადა გაქცეულიყო. ვაჭრობა ისევ მარგინალური გახადა. შეგეძლო ყოფილიყავი კორუმპირებული, სახელმწიფოს ქურდი და ა.შ. ოღონდ არა ვაჭარი, ვაჭრობა „უზნეობა“ იყო.

და ამ მძიმე წარსულით გავხდით დამოუკიდებლები, როცა არც სამხედრო ტრადიცია გვქონდა, ვაჭრობა კი ისევ “ქართველების საქმე არ იყო”. არადა ვაჭრობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქველმოქმედების წესი XI-XII საუკუნის საქართველოში

კერძო საკუთრება საქართველოში