in

საუდის არაბეთის ეკონომიკა

საუდის არაბეთის ეკონომიკა მსოფლიოში 20 ყველაზე დიდ ეკონომიკას შორისაა, არაბულ ქვეყნებში კი პირველ ადგილზეა. მისი მშპ 1.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

საუდის არაბეთის ბუნებრივი რესურსების ღირებულებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ქვეყანას ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს და ის მსოფლიოში ნომერ პირველი ექსპორტიორია.

ეკონომიკის წამყვანი დარგი, ისევე როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში – მომსახურების სფეროა და მშპ-ს 53.2%-ია, მრეწველობა ეკონომიკის დაახლოებით 44.2%-ს, ხოლო სოფლის მეურნეობა 2.6%-ს შეადგენს.

ქვეყანა გაეროს აქტიური წევრია. საუდის არაბეთში ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით, განათლების დონითა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით იზომება 0.854-ია, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება. შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 0.926-ია, პირველ ადგილზე კი ნორვეგიაა 0.957-ით. ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით საუდის არაბეთის მდგომარეობა 2020 წელს საგრძნობლად გაუმჯობესდა. აქ ბიზნესის კეთება უფრო მარტივია ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში.

მთავრობა შემოსავლის დაახლოებით ⅔-ს ნავთობის ექსპორტიდან იღებს, დანარჩენს კი – სამთავრობო ინვესტიციების, ტარიფებისა და გადასახადებისგან. რადგან ნავთობი საუდის არაბეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა და თანაც შეზღუდული რესურსია, კომპანიებს გარკვეულ რეგულაციებს უწესებენ.

მაგალითად, 2020 წელს პროდუქტსა და მომსახურებაზე დამატებითი ღირებულების გადასახადი 15%-მდე გაიზარდა (5%-დან), რადგან ნავთობის ფასების დაცემით მიღებული ზარალი აენაზრაურებინათ.

უცხოური კომპანიები ვალდებული არიან საშემოსავლო გადასახადი გადაიხადონ, ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ადგილობრივზე უფრო მეტი უცხოელი ჰყავთ დასაქმებული, თითოეული უცხოელი თანამშრომლისთვის დამატებითი გადასახადის გადახდა უწევთ.

საუდის მოქალაქეები იხდიან ზაქათს – მუსლიმებისთვის სავალდებული გადასახდს, რომელიც ნაკლები შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის იხარჯება.

ქვეყანა მშპ-ს 8%-ს თავდაცვაზე ხარჯავს, რაც აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია.

საუდის არაბეთი მონარქიული ქვეყანაა, მეფეს აქვს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციები. მეფე პრემიერ მინისტრიცაა, ხოლო საუდის არაბეთის პრინცები სხვადასხვა მინისტრის თანამდეობებს იკავებენ.

ქვეყნის ოფიციალური რელიგია ისლამია, კანონმდებლობა კი ეფუძნება შარიათს. ბანკები ყურანის მიხედვით ფუნქციონირებენ და არ არსებობს საპროცენტო განაკვეთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისლამურ ქვეყანაში ბანკი ყოველგვარი საფასურის გარეშე მოგცემს თანხას – სხვადასხვა საბანკო ოპერაციისთვის, მათ შორის ბანკისგან სესხის მიღებისთვის, დაწესებულია გადასახადები.

ქვეყანაში შეზღუდულია ადამიანთა უფლებები, მაგალითად, ქალებმა მანქანის ტარების უფლება მხოლოდ 2018 წელს მოიპოვეს. მკაცრია სასჯელებიც. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის გაეროს წევრია, ის იმ იშვიათ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებიც არ აღიარებენ გაეროს ადამიანთა უფლების უნივერსალურ დეკლარაციას.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის ეკონომიკა

რა განსხვავებაა სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის?