in

სიმეტრიული და ასიმეტრიული ინფორმაცია

თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია. ინფორმაციაზე წვდომას დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვისაც. მისმა ნაკლებობამ შეიძლება მისი ხარჯების ზრდა და წაგება გამოიწვიოს, სწრაფად და ბევრი ინფორმაციის მიღებამ კი კონკურენტული უპირატესობა მოაპოვებინოს.

არსებობს ინფორმაციის 2 კატეგორია: სიმეტრიული და ასიმეტრიული.

სიმეტრიულია, როცა ყველა მხარე თანაბარ, ერთსა და იმავე ინფორმაციას ფლობს. მაგალითად, ჭადრიკის თამაშისას ორივე მოთამაშემ იცის წესები და ხედავენ ერთმანეთის მიერ უკვე გაკეთებული სვლებს – მათ გადაწყვეტილების მიღების დროს ზუსტად ერთი და იგივე ცოდნა აქვთ თამაშის შესახებ.

ასიმეტრიულია ინფორმაცია, როდესაც რომელიმე მხარეს სხვებზე მეტ ინფორმაციაზე აქვს წვდომა. ჭადრაკის თამაშისას დამატებით წესს თუ შემოვიტანთ, მაგალითად, თუ ზოგიერთ უჯრაზე დადგომისთვის საჯარომო ქულას დავაწესებთ, ეს უჯრები კი მხოლოდ ერთ მოთამაშეს ეცოდინება, ინფორმაცია ასიმეტრიული გახდება.

ასიმეტრიული ინფორმაცია დიდ როლს თამაშობს ბიზნეს გარიგებებსა და მოლაპარაკებებში. როდესაც ბიზნეს ტრანზაქციისას პარტნიორები თანაბარ ინფორმაციას ფლობენ, მათი ბიზნეს ურთიერთობა სიმეტრიულია. თუმცა, როგორც წესი, რომელიმე მხარეს მეტ ფაქტზე აქვს წვდომა და ინფორმაციაც ხშირად ასიმეტრიულია.

ასიმეტრიულ ინფორმაციას ბიზნეს ტრანზაქციებზე ძირითადად შემდეგი გავლენები აქვს:

მორალური საფრთხე. ეკონომიკაში მორალური საფრთხე გვხვდება მაშინ, როდესაც კომპანია ან პიროვნება რისკის შემცველ გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ამ რისკის შედეგები პირადად მასზე არ მოახდენს გავლენას. მაგალითად, რომელიმე კომპანიის ფონდების მენეჯერმა შესაძლოა, თანხა სარისკო აქციებში დააბანდოს, თუმცა საკუთარი თანხებით ამ აქციებს არ შეიძენდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის ყველა თანამშრომელს რომ ჰქონოდა ინფორმაცია, შესაძლოა უარი ეთქვათ თანხის ამ აქციებში დაბანდებაზე.

ცოდნის მონოპოლია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს აქვს წვდომა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. მაგალითად, ზოგიერთ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ მთავრობის წევრებს ან კომპანიის უფროს მენეჯერებს აქვთ. ზოგჯერ ცოდნაზე მსგავსი მონოპოლიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს.
საფონდო ბირჟების ექსპერტები ხშირად მხოლოდ იმ ინფორმაციას გასცემენ, რომელიც მათ სასურველ ქმედებას გამოიწვევს. ეს შედეგი კი არ დადგებოდა, ყველას სიმეტრიული ინფორმაცია რომ ჰქონოდა.

არასასურველი შერჩევა. ასეთ დროს მყიდველსა და გამყიდველს განსხვავებული ინფორმაციები აქვთ. თითოეული მხარე გადაწყვეტილებას იღებს იმ ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც თავად აქვს. მაგალითად, მანქანის დაზღვევისას სადაზღვეო კომპანიისთვის მეტ რისკს წარმოადგენს ის მძღოლი, რომელიც უფრო ხშირად იღებს ჯარიმებს. ამის გამო სადაზღვევო კომპანია ისეთ პრემიას აწესებს, რომ რისკები მინიმუმამდე შეამციროს. დაწესებული ფასის გამო, მძღოლი, რომელიც მოძრაობის წესებს არასდროს არღვევს, ამ დაზღვევას არ შეიძენს. შესაბამისად, დაზღვევის მოხმარებელთა დიდი ნაწილი მაღალი რისკის შემცველი მძღოლები იქნებიან. ასეთი მძღოლები კი კომპანიისთვის არასასურველი მომხმარებლები არიან.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია. ის, ვისაც მეტ და უფრო რელევანტურ ინფორმაციაზე აქვს წვდომა, უპირატეს მდგომარეობაშია სხვებთან შედარებით. ინფორმაციულ ასიმეტრიას ვხვდებით თითქმის ყველგან – სადაზღვეო სფეროში, ფინანსურ ბაზრებზე, დასაქმების ბაზარზე, მანქანებით ვაჭრობისას.

თანხის უკან დაბრუნების სერვისი, გარანტია, ნივთის შეცვლის შესაძლებლობა – მექანიზმებია, რომლითაც გამყიდველების ასიმეტრიის დაბალანსებას ცდილობენ და მყიდველებს თავიანთი პროდუქტის ხარისხში არწუმენებენ.

ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ინტერნეტის ხელმისაწვდომობამ ინფორმაციის ასიმეტრიულობა შეამცირა. მაგალითად, სასტუმროს დაჯავშნისას მომხმარებლებს შეუძლიათ სხვა სტუმრების შეფასებებს გაეცნონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა იცი ინფლაციის შესახებ?

სად მიდის ვალუტის გაცვლისას “დაკარგული” ფული?