in

ეკონომიკა და თავდაცვის ხარჯები

სტატიის ავტორი: GELi

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში აქტუალური გახდა სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ხარჯებისა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების შედარება.

თავდაცვის ხარჯების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ნაწილობრივ აფერხებს, რადგან დაფინანსების გაზრდა შესაძლოა გადასახადების ზრდის ხარჯზე იყოს, ან მოაკლდეს ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ სექტორებს, მაგალითად გზებს, ხიდებს, წყალსადენებს და ა.შ. თუმცა, თავდაცვაზე დახარჯულ ფულსაც აქვს ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი. კერძოდ გრძელ ვადაში გამართული თავდაცვის სისტემა სამხედროებს ისეთ უნარებსაც აძლევს, რომლებსაც სამოქალაქო სფეროში შეიძლება ჰქონდეს მრავალი გამოყენება. შესაბამისად, გრძელ ვადაში გამართულმა თავდაცვის სისტემამ, თეორიულად შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს შრომის ბაზარზე უფრო განათლებული და დისციპლინირებული სამუშაო ძალის შექმნით. ამის კარგი მაგალითია აპლიკაცია Viber, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებიდან გამოსულმა ორმა მეგობარმა შექმნა, რომლებიც სწორედ IT ტექნოლოგიების მიმართულებით ასრულებდნენ თავიანთ სამხედრო სამსახურს. გარდა ამისა, ეკონომიკაში შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ რა არის თავდაცვის ეკონომიკური სარგებელი, რადგან ურთულესია განისაზღვროს ის დანაკარგი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას მიადგეს თავდაცვის არ არსებობის პირობებში. ამიტომ, ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას ყავს შეიარაღებული ძალები, რომელთა შენახვაზე და გაძლიერებაზე ქვეყნები განსხვავებული რაოდენობით თანხებს ხარჯავენ, იმის მიხედვით თუ რა არის პრიორიტეტული. მაგალითად, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება მშპ-ს 2%-ის დახარჯვაზე თავდაცვაში.

როგორია თავდაცვის ხარჯების რეალური სურათი მსოფლიოში? გრაფიკზე ნაჩვენებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში და მათი ღირებულება აშშ დოლარებში 2019 წელს.

მსოფლიოში ყველაზე მეტს 734.3 მილიარდ დოლარს თავდაცვაზე ხარჯავს აშშ, რაც მისი მშპ-ს 3.43%-ს შეადგებნს. მშპ-სთან მიმართებაში ბევრს ხარჯავს აგრესორი რუსეთიც, რომელიც 65.2 მილიარდი დოლარით მშპ-ს 3.83%-ს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე. განვითარებულ ქვეყნებს შორის თავდაცვის ყველაზე მაღალი ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში აქვს ისრაელს 5.19%-ით, რომელიც 20.5 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს თავდაცვაზე. მშპ-სთან მიმართებაში საკმაოდ ბევრს ხარჯავდა თავდაცვაზე საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც, რომელიც მშპ-ს 3.52%-ს (5.4 მილიარდი დოლარი) გამოყოფდა ამ სფეროზე. საქართველოს თავდაცვითი ხარჯები 2%-იან ზღვარს მცირედით ჩამორჩება (1.75 %) და მხოლოდ 311 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს ამ სფეროზე.

ეკონომიკური ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სათანადოდ შესაფასებლად. თანამედროვე თავდაცვის სფერო კომპლექსურია, მისი დაგეგმარება და მართვა რთულ სამხედრო მეცნიერებას, მათემატიკურ მოდელირებას, ინჟინერიას,  საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და არაერთ სხვა მეცნიერებას მოიცავს. თავდაცვითი ხარჯების გაწევისას დიდია კორუფციული რისკიც, რადგან ხარჯების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში არ არის საჯარო. გარდა ამისა,  ასეთ ხარჯების კონტროლი რთულია, რადგან მათი მიზნობრიობის შეფასება მაღალი დონის სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. შედეგად, თუ არ არსებობს თავდაცვისა და მათი ხარჯების მონიტორინგის ძლიერი ინსტიტუციები, კორუფციამ შესაძლოა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად დააზარალოს. შედეგად რა თანხმები იხარჯება თავდაცვაში, მიგვანიშნებს ქვეყნების მოსალოდლენ სიძლიერეზე ერთმანეთთან მიმართებაში, თუმცა ეს არ არის თავდაცვისუნარიანობის შეფასების იდეალური მაჩვენებელი. დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მაჩვენებლებიც, როგორიც არის თავდაცვის ძალების პერსონალის რაოდენობა, მათი წილი შრომის უნარიან მოსახლეობასთან მიმართებაში, თუმცა ეს ეკონომიკური ინდიკატორებიც შესაძლოა არასაკმარისი იყოს რეალური სიძლიერის შესაფასებლად.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინაში რუსეთის ომის ეკონომიკური შედეგები: მოსაზრება საქართველოდან

გადაწყვეტილებები ზღვრული პრინციპით მიიღება