in

კონკურენტული ბაზრები

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 2.2. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

კონკურენციას მაშინ ვხვდებით, როცა ბაზარი ღიაა და ალტერნატიულ გამყიდველებს ბაზარზე შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. კონკურენცია ეხმარება ეკონომიკას – ბაზრიდან განდევნის ფირმებს, რომლებიც მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტსა და მისაღებ ფასს არ სთავაზობენ. 

მაგალითად, “მაკდონალდსის” პროდუქცია უხარისხო, ფასი კი მაღალი რომ იყოს, ჩვენ გვაქვს ალტერნატივა სწრაფი კვების სხვა ობიექტში – “ვენდისში” ან “ბურგერ კინგში” წავიდეთ.

კონკურენცია ფირმებს სტიმულს უჩენს, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი და აღმოაჩინონ წარმოების დაბალხარჯიანი მეთოდები. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმეებს თავისუფლად შეუძლიათ ინოვაციების დანერგვა, თუმცა მათმა იდეებმა რომ გაამართლოს, ამისთვის მომხმარებლის მოწონება უნდა დაიმსახუროს. ახალი პროდუქტი თავდაპირველად ძვირადღირებულია და მას მცირე რაოდენობის მომხმარებელი შეიძენს. ისინი აფასებენ ფასისა და ხარისხის ურთიერთკავშირს. პირველი მყიდველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ – უზრუნველყოფენ პროდუქტის საწყისი ხარჯების დაფარვას და შესაძლებლობას აძლევენ მეწარმეებს შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მათ ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთეული საწარმოო ხარჯების შემცირებაში ეხმარება.

კონკურენცია შემდეგნაირად მუშაობს: თუ მეწარმე  ხარისხიან პროდუქტს მიმზიდველ ფასებში აწარმოებს, იგი მოგებას ნახავს და წარმატებას მიაღწევს. ხოლო თუ კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა მაღალხარჯიანია ისეთ კომპანიებთან შედარებით, რომლებიც მსგავსი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ, კონკურენცია მას ბაზრიდან განდევნის.

ისტორიის განმავლობაში მსგავსი მაგალითი ბევრია – ავტომობილებმა ჩაანაცვლეს ცხენები და ეტლები, სუპერმარკეტებმა უბნის სასურსათო მაღაზიები, სწრაფი კვების ქსელურმა ობიექტებმა სასადილოები და ა.შ.

კონკურენცია ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელი ძალაა. კონკურენცია ბაზრიდან განდევნის არაეფექტიან კომპანიებს და სტიმულს აჩენს უკეთესი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების აღმოჩენისა და დანერგვისთვის.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამართლებრივი სისტემა

გონივრული და შეზღუდული რეგულაცია