არსებობს ვინმე ვისაც გადასახადების გადახდა უხარია? ალბათ არა. არსებობენ ისინი, ვინც ფიქრობს რომ გადასახადებს საერთოდ არ უნდა ვიხდიდეთ და ეს ყაჩაღობაა. თუმცა, სავარაუდოდ, ყველაზე მეტი იმ ადამიანთა რაოდენობაა, ვინც ფიქრობს რომ გადასახადების გადახდა უსიამოვნო, თუმცა აუცილებელი პროცესია.
რა პრინციპით უნდა დაინიშნოს გადასახადები, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს, უნდა იყოს თანაბარი თუ პროგრესული, რაში უნდა იხარჯებოდეს, რამდენად გამჭვირვალე უნდა იყოს ეს ხარჯვა და ა.შ. ასეთ დეტალებზე ბევრი მოსაზრება არსებობს.
რამოდენიმე ციტატას მოვიყვანთ და ალბათ ყველა მათგანში იქნება სიმართლის დიდი თუ არა, პატარა მარცვალი მაინც, შემდეგ კი მოგიყვებით როდიდან იწყება გადასახადების ისტორია და რა ტიპები არსებობს:
- “დარწმუნდი რომ შენს გადასახადებს იხდი, წინააღმდეგ შემთხვევაში შარში გაეხვევი” – რიჩარდ ნიქსონი
- “პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვერ გავწვდებით გადასახადების შემცირებას. იქნებ თავად პოლიტიკოსებს ვერ გავწვდებით?” – სტივ ფორბსი
- “გადასახადები ცივილიზებული საზოგადოების ფასია” – ოლივერ ვენდელ ჰოლმსი
- “ამ ცხოვრებაში მხოლოდ გადასახადები და სიკვდილია გარდაუვალი” – ბენჟამინ ფრანკლინი
- “ყველაზე რთული გასაგები ამ ცხოვრებაში საშემოსავლო გასაგებია” – ალბერტ აინშტაინი
- “მთავრობას, რომელიც ძარცვავს პიტერს, რათა გადაუხადოს პოლს, სულ შეუძლია ენდოს პოლს” – ბერნარდ შოუ
გადასახადების ისტორია უძველეს ცივილიზაციაში იწყება. მაგალითად მესოპოტამიელები, შუმერები, აქადები და ეგვიპტელები გადასახადებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, უფრო ხშირად კი მარცვლეულით იხდიდნენ.
ძველ საბერძნეთსა და რომში გადასახადების ფულით აკრეფა დაიწყეს, რასაც სამთავრობო პროექტებში ხარჯავდნენ. რომში პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებიც კი ჰქონდათ, პირდაპირით ადამიანები იბეგრებოდნენ, არაპირდაპირით კი ვაჭრობა.
მე-18, მე-19 საუკუნეში ინდუსტრიულმა რევოლუციამ დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოიტანა, შედეგად გადასახადების მოცულობაც გაიზარდა. პირველად, მე-19 საუკუნეში გაჩნდა საშემოსავლო გადასხადი, რათა დაეფინანსებინათ განათლება და ჯანდაცვა.
საქართველოში 2005 წლამდე 22 ტიპის გადასახადი იყო, 2005 წელს კი ეს მაჩვენებელი 6-მდე შემცირდა. ახლა გვაქვს: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი და ქონების გადასახადი. ზოგჯერ ვიღაცებს ჰგონიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად არ მუშაობენ გადასახადებს არ იხდიან. ეს ასე არ არის. როდესაც რაიმე პროდუქტს ვყიდულობთ ჩვენ ვიხდით დღგ-ს, რომელიც არაპირდაპირი გადასახადია და პროდუქტის ფასშია შეტანილი. ზოგიერთი პროდუქტის ყიდვისას კი, მაგალითად სიგარეტის, ალკოჰოლის ან საწვავის შეძენისას ვიხდით აქციზსაც. შესაბამისად ბენჟამინ ფრანკლინი მართალია, გადასახადები გარდაუვალია.
რაში უნდა იხარჯებოდეს გადასახადები? ამაზე ალბათ იმდენი მოსაზრება არსებობს, რამდენი ადამიანიცაა. თუმცა უმეტესობა თანხმდება, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობა კარგია.
საინტერესო, თუმცა დასაორგანიზებლად რთული იქნება ადამიანები თავად წყვეტდნენ რაში დაიხარჯოს მათი გადახდილი ფული. თუმცა ნაწილობრივ ასეთი რამ გვხვდება ზოგიერთ ქვეყანაში. ადამიანი ვალდებულია გადაიხადოს თავისი თანხის კონკრეტული პროცენტი რომელიმე რელიგიური კონფესიის ან საქველმოქმედო ორგანიზაციის სასარგებლოდ, რას აირჩევს თავისი გადასაწყვეტია.
არსებობს ზოგადი რწმენა, რომ გადასახადის გადახდასა და აქტიურ მოქალაქეობას შორის კავშირია. რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ინფორმირებულები, თუ რაში იხარჯება მათი გადახდილი თანხა, მით უფრო მეტად ენდობიან მთავრობას, გრძნობენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და მის ნაწილად უფრო მიიჩნევს თავს.
არსებობს კონგოს ქეისი, სადაც გადასახადის ამოღება კარდაკარ ხდებოდა და მხოლოდ ქალაქის ერთი ნაწილიდან მოახერხეს გადასახადის აკრეფა. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, ვისგანაც გადასახადები შეაგროვეს უფრო აქტიურობდნენ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თემების განსახილველ შეკრებაზე, ვიდრე დანარჩენები.
GIPHY App Key not set. Please check settings