ჩვენს მეზობელ თურქეთს აქვს თითქმის ყველაფერი იმისთვის, რომ ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა იყოს. გამართული ინფრასტრუქტურა, ბევრი ქარხანა, უნარიანი ადამიანური რესურსი, საუკეთესო გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. მაგრამ რა ხდება ახლა იქ? ინფლაცია 80%-ს აღწევს. რატომ? ზოგიერთი ამ მოვლენის გამომწვევ მიზეზს „ერდოღანომიკას“ უწოდებს. მოდი მივყვეთ თავიდან.
პირველ რიგში, ვთქვათ რომ თურქეთისთვის ასეთი დიდი ინფლაცია პირველი არ არის. 1980-1990-იან წლებში მათი ინფლაცია 140% იყო, რადგან 1970-იან წლებში, როდესაც საწვავი გაძვირდა დიდი რაოდენობით უცხოური სესხი აიღეს, თუმცა საწვავი გაძვირებას აგრძელებდა, მათ კი ეკონომიკურად უფრო და უფრო უჭირდათ, თან სესხი უცხოურ ვალუტაში ჰქონდათ დასაბრუნებელი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ურთულებდათ.
2000 წლამდე თურქეთის ეროვნული ბანკი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მთავრობა უბრძანებდა. ეტყოდა „დამიბეჭდე ფული“, ისიც უბეჭდავდა, რაც ცხადია აუარესებდა სიტუაციას. თუმცა 2001 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა და ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია, არა მთავრობის ბრძანებების შესრულება, არამედ ფასების სტაბილურობის შენარჩუნება გახდა. კი, შესაძლებლობის შემთხვევაში მთავრობას ეკონომიკურ ზრდაში ეხმარებოდა, მაგრამ არა ფასების ზრდის ხარჯზე.
ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა იყო ის, რომ ცენტრალურ ბანკებს სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვა აეკრძალათ. ამავე პერიოდში ცენტრალურმა ბანკებმა გაზარდეს საპროცენტო განაკვეთი, რაღაც მომენტი პროცენტი 100%-საც კი აღწევდა ფასების დასტაბილურების მიზნით. შეწყვიტეს ახალი ფულის ბეჭდვაც. 2005 წელს გამოუშვეს ახალი ლირა, 1000000 ძველი, 1 ახლის ღირებულების იყო. ამ ყველაფერმა, პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად მკვეთრი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.
თურქეთი არის ტურისტული ცენტრი, 2019 წელს 51 000 0000 ვიზიტორით მსოფლიოში მე-6 ადგილას იყო. გეოგრაფიულად იდეალური მდგომარეობა აქვს როგორც ევროპასთან, ასევე ახლო აღმოსავლეთთან სავაჭროდ. აქვთ ძალიან კარგად განვითარებული ავტომატიზებული ინდუსტრიები, ბევრი ქარხანა. ჰყავთ იაფი, თუმცა ამავე დროს დახელოვნებული მუშა ხელი. აქვთ კარგი სავაჭრო პირობები ევროპასთან და ერთი სიტყვით ძალიან ბევრი რამ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ხელს უწყობთ.
2014 წლიდან 2000-იანი წლების აღმავალი სიტუაცია იცვლება. საქმეში ერთვება ერდოღანის რწმენა, რომ „რიბა“ ცუდია. რიბა ისლამური ტერმინია და ფულის პროცენტში გასესხებას ნიშნავს, რაც ისლამური რელიგიის მიხედვით აკრძალულია. მაგალითად თუ ისლამურ ბანკში გინდა ფულის სესხება იმისთვის, რომ სახლი იყიდო, შენ უნდა უთხრა ბანკს „აი ამ სახლის ყიდვა მინდა“, ბანკი სახლს ყიდულობს თავის ფასში და შენ ყიდულობ შემდეგ ბანკისგან უფრო ძვირად, ვიდრე მან იყიდა. რეალურად საბოლოო შედეგი იგივეა და სახლის მყიდველი ბანკს დამატებით პროცენტს უხდის, თუმცა სხვა მეთოდით.
2018 წელს ერდოღანმა გამოაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთი არის „ყველა ბოროტების დედა“. ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში იყო, დაიხურა ბევრი კომპანია, ვეღარ იხდიდნენ ვალებს, კორონას დროს ტურიზმს და მძიმე მრეწველობას განსაკუთრებულად მძიმე პერიოდი დაუდგათ. ამ დროს ეროვნულმა ბანკმა სცადა და გაზარდა პროცენტი, თუმცა ერდოღანმა სამსახურიდან დაითხოვა და მკაფიოდ გამოაჩინა, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდის წინააღმდეგი იყო.
რეალურად, რწმენის მიღმა ეკონომიკურად თუ შევხედავთ, შეიძლება რაღაც გამართლება ვუპოვოთ ამ ქცევას. როდესაც საპროცენტო განაკვეთი დაბალია, ნიშნავს რომ ქვეყნის შიგნით ნაწარმოები პროდუქტები სხვა ქვეყნებს უფრო იაფი დაუჯდებათ, ამიტომ ქვეყნის ექსპორტი ხდება კონკურენტუნარიანი.
შესაძლოა სწორედ ამ მეთოდს მიმართავდა (მიმართავს) ერდოღანი, თუმცა პრობლემა ისაა, რომ თურქეთი იმპორტზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, შეაქვს საწვავი, სასუქი და სხვა პროდუქტები. შესაბამისად, როდესაც ლირა უფასურდება, მათ უძვირდებათ იმპორტირებული საქონელი. ბოლო პერიოდში სავაჭრო დისბალანსის ზრდამ წინა პერიდთან შედარებით 144%-საც კი მიაღწია.
მთავარი ეკონომიკური დარტყმა დაბალმა და სშუალო ფენებმა მიიღეს. ხალხმა ფულის დაზოგვა ძირითადად დოლარში დაიწყო. მათ მთავრობამ შესთავაზა, რომ თუ თურქულ ლირაში ექნებოდათ ანაბარი, „სამთავრობო გარანტიას“ დაუმატებდნენ, რაც უფრო მაღალ საანაბრო პროცენტს ნიშნავს, თუმცა ამან დიდად არ გაამართლა.
ჯერ-ჯერობით თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკა არ იცვლება და ახლო მომავალში ეკონომისტები ცვლილებებს არ ელოდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings