1918 წლის 26 მაისს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და იმდროინდელმა მთავრობამ ეროვნული ვალუტის შექმნა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.
1991 წელს საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა და იდენტობის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ყველა ატრიბუტიკის: გერბის, დროშის, ჰიმნის და ასევე ეროვნული ვალუტის შექმნა, რომლის არსებობა აუცილებელი იყო რუსეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლადაც.
ქართული ფულის შექმნის იდეა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში გაჩნდა, უნდა დარქმეოდა „ქართული მანეთი“ და გრაფიკოსებმა ესკიზების შექმნაც მოასწრეს, თუმცა დაიწყო საქართველოს სამოქალაქო ომი, შეიცვალა ხელისუფლება და ეროვნულ ვალუტაზე სამუშაოდ აღარავის ეცალა.
საბჭოთა კავშირი თანდათან იშლებოდა და რუსეთი ცდილობდა ყველა ყოფილი წევრი ქვეყნისთვის მძიმე ეკონომიკური პირობების შექმნას, რათა მათ თავად ეთხოვათ რუსეთისთვის დახმარება. ამიტომ მან ყველას, მათ შორის საქართველოს რუბლის კუპიურების მიწოდება შეუწყვიტა.
ანუ, ქვეყანაში საერთოდ აღარ იყო ქაღალდის ფული. რადგან მაშინ ელექტრონულად და ბარათებით გადარიცხვები არ ხდებოდა, ხალხი ვეღარ იღებდა ხელფასს, პენსიას და ვეღარ ყიდულობდნენ ვერაფერს. სხვა გზა არ იყო, სწრაფი ტემპით უნდა შექმნილიყო რუბლის შემცვლელი – კუპონი. კუპონების პირველი პარტია ინგლისში დაიბეჭდა და საქართველოში ფულის მიმოქცევაში ჩაეშვა.
თავისთავადად კუპონი და ნებისმიერი ფულადი ერთეული არც კარგია, არც ცუდი, არსებობს კარგი ან ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა. მაშინდელი ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა ფულის დიდი მასების მართვის გამოცდილება, ასევე ხშირი იყო ნაცნობობით ფულის არამიზნობრივი ბეჭდვა და გაჩუქება – რამაც კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი 7000%-იანი ინფლაცია გვქონდა.
საქართველო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში იყო, ქვეყანას 1 მილიონი დოლარის გადახდაც კი უჭირდა. სწორედ ამ დროს გადაწყდა ძველი იდეის განხორციელება და ქართული ეროვნული ვალუტის ლარის გამოშვება.
ქვეყანას არ გააჩნდა ფულის ბეჭდვის სახსრები, თუმცა მატერიალურად დაგვეხმარა ჰოლანდია და საფრანგეთში პირველად დაიბეჭდა ქართული ლარი, რომელიც 1995 წლიდან დღემდე საქართველოს ერთადერთ კანონიერ გადახდის საშუალებას წარმოადგენს.
GIPHY App Key not set. Please check settings