in

ოქროს სტანდარტი

ისტორიაში ფულის ფორმის და მისი გამოყენების ბევრი განსხვავებული მაგალითი არსებობს. ჯერ კიდევ ძ.წ 650 წელს ოქროსგან პირველად დამზადდა მონეტები ლიდიის სამეფოში, რამაც შესაძლებელი გახადა მისი, როგორც ფულის ერთეულის გამოყენება და საფუძველი დაუდო პირველ სტანდარტიზებულ ვალუტას. მანამდე გაცვლისას ოქრო უნდა აწონილიყო და შემოწმებულიყო მისი სისუფთავე, რაც ართულებდა ვაჭრობას. დღესდღეობით კი ვაჭრობისას გაცვლის საშუალებად ქაღალდის ფულს ვიყენებთ, რომელსაც თავისთავადი ღირებულება არ გააჩნია.

რათქმაუნდა ეს ცვლილებები ერთ ღამეში არ მომხდარა; ამ პროცესში იყო ისეთი პერიოდიც, როცა ქაღალდის ფული და ძვირფასი მეტალები (ძირითადად ოქრო და ვერცხლი) ერთმანეთზე იყო “მიბმული”. მსგავს სისტემას “ოქროს სტანდარტი” ეწოდება, რომელიც მსოფლიოში 1870-ანი წლებიდან მეოცე საუკუნის ნახევრამდე იყო პოპულარული.

როგორ მუშაობს “ოქროს სტანდარტი”?

ოქროს სტანდარტი არის მონეტარული სისტემა, როცა ქვეყნის ვალუტის ღირებულება პირდაპირ განისაზღვრება ოქროს რაოდენობით. ქვეყანა, რომელიც იყენებს ოქროს სტანდარტს, ადგენს ოქროს ფიქსირებულ ფასს და ყიდულობს და ყიდის ოქროს ზუსტად ამ ფასად. სწორედ ეს ფიქსირებული ფასი გამოიყენება ვალუტის ღირებულების დასადგენად. მაგალითად, თუ ქვეყანა დააწესებს ოქროს ფასს 50 დოლარს გრამზე, ერთი დოლარის ღირებულება იქნება ოქროს 1/50 გრამი და არა პირიქით.

რადგან ქეყანაში ფულის მასის გასაზრდელად ოქროს რაოდენობის ზრდაცაა საჭირო, მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ შეუძლიათ ფულის უსასრულოდ დაბეჭვდა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ქაღალდის ფულის ღირებულება მეტნაკლებად ფიქსირებულია. 

 რატომ ოქრო?

ბევრი “ოქროს სტანდარტის” მომხრე ოქროს საუკეთესო მედიატორად მისი რამდენიმე დამახასიათებელი თვისების გამო მიიჩნევს. პირველ რიგში, ოქროს ფულადთან ერთად, თავისთავადი გამოყენებაც აქვს, განსაკუთრებით სამკაულების მრეწველობაში, ელექტრონიკაში და სტომატოლოგიაშიც კი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ოქრო ყოველთვის შეინარჩუნებს რეალურ მოთხოვნას და როგორც ნედლეული არ დაკარგავს ეკონომიკურ მნიშვნელობას.

ოქრო შეიძლება გაიყოს და გადანაწილდეს ისე, რომ მისი ღირებულება არ შეიცვალოს და არ ფუჭდება დროთა განმავლობაში, როგორც ეს ბრილიანტის შემთხვევაში ხდება. ასევე, შეუძლებელია მისი სრულყოფილად გაყალბება და აქვს ფიქსირებული მარაგი – დედამიწაზე მხოლოდ სასრული რაოდენობის ოქროა. ეს კი ოქროს საკმარისად იშვიათს ხდის, რომ გაძნელდეს ჭარბი წარმოება და მისგან მონეტების, ზოდების და აგურების მოჭრა. 

  “ოქროს სტანდარტის” უპირატესობები და მინუსები

როგორც უკვე განვიხილეთ ის ზღუდავს ინფლაციას. ოქროს სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ხელს უშლის მთავრობას ან ცენტრალურ ბანკს ზედმეტი ფულის დაბეჭდვის და ინფლაციის გამოწვევისგან. ინფლაცია საქონლისა და მომსახურების ფასების ზოგადი ზრდაა, რაც დიდი დოზით საზიანოა ეკონომიკისთვის და ამცირებს ფულის მსყიდველუნარიანობას. ოქროს სტანდარტის მიხედვით კი, ფულის რაოდენობა დაკავშირებულია ხელმისაწვდომი ოქროს რაოდენობასთან, რომელიც ბუნებით შეზღუდულია. ამიტომ, მთავრობას ან ცენტრალური ბანკს არ შეუძლია ჰაერიდან ფულის შექმნა და ვალუტის გაუფასურება.

იგივე მიზეზის გამო, მთავრობას ბიუჯეტის დაბალანსება და ზედმეტი ხარჯვისგან თავშეკავება უწევს, რადგან მას არ შეუძლია სესხის აღება ან მეტი ფულის დაბეჭვდა საკმარისი სარეზერვო ოქროს გარეშე. ოქროს სტანდარტის კიდევ ერთი უპირატესობა სხვადასხვა ვალუტას შორის გაცვლითი კურსის სტაბილურობაა. იმის გამო, რომ ყველა ვალუტა ოქროსთან არის მიბმული, სავალუტო ბაზარზე ნაკლები ცვალებადობა და გაურკვევლობაა. ეს ამცირებს სავალუტო კრიზისების და სპეკულაციური თავდასხმების რისკს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს. უფრო მეტიც, ის ასევე ქმნის სტაბილურობას შიდა ეკონომიკაში, რადგან ნაკლებია ცვლილებები საპროცენტო განაკვეთებში და ფასებში

. ამ ყველაფერთან ერთად, ოქროს სტანდარტი არაა იდეალური სისტემა და აქვს თავისი რამდენიმე ხარვეზი. ოქროს სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი ის არის, რომ ზღუდავს მთავრობის ან ცენტრალური ბანკის უნარს დაასტიმულიროს ეკონომიკური ზრდა და დასაქმება. რადგან ფულის და ოქროს რაოდენობა ერთმანეთზეა დამოკიდებული, როდესაც ხდება ეკონომიკური აქტივობის ან მოსახლეობის მატება, ხშირად შეუძლებელია ფულის მასის რაოდენობის ეკონომიკის ზრდასთან გათანაბრება. ეს იწვევს დეფლაციას, ფასებისა და ხელფასების ვარდნას, რაც ხელს უშლის მოხმარებასა და ინვესტიციებს. უფრო მეტიც, ამ სისტემის პირობებში მთავრობა ან ცენტრალური ბანკი ვერ იყენებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები, მოთხოვნისა და წარმოების გასაძლიერებლად. იმისდა მიუხედავად, რომ ოქროს სტანდარტი მშვიდობიან პერიოდში საკმაოდ სტაბილურია, ის ასევე ქმნის არასტაბილურობას კრიზისის ან შოკის დროს. ამ სისტემის მიხედვით, როდესაც ხდება ოქროზე მოთხოვნის უეცარი ზრდა ან შემცირება ომის, ოქროს რეზერვების აღმოჩენის, სპეკულაციის ან სხვა ფაქტორების გამო, ხდება ოქროსთან დაკავშირებული ვალუტების ღირებულების შესაბამისი ცვლილება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ვალუტების უეცარი გამყარება ან გაუფასურება, რაც აფერხებს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადებს. გარდა ამისა, ამ სისტემის პირობებში, როდესაც პოლიტიკური ან სოციალური არეულობის გამო იკარგება ნდობა ქვეყნის ვალუტის ან ეკონომიკის მიმართ, შეიძლება ოქრო მასიურად გაედინოს ამ ქვეყნიდან, რამაც შეიძლება ამოწუროს სახელმწიფო ოქროს რეზერვები და გააუფასუროს მისი ვალუტა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ივერია” 1877 წლის 3 მარტი

მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკა