in

რატომაა ზოგი ქვეყანა მდიდარი, ზოგი ღარიბი?

რატომ არის ზოგი ქვეყანა ღარიბი, ზოგი კი მდიდარი? რატომ აქვს ერთს დიდი ეკონომიკური ზრდა, მეორეს ნაკლები?

ეკონომიკური ზრდა ქვეყნის შიგნით დოვლათის ზრდაა. ამერიკასა და ევროპაში საშუალო ხელფასი დაახლოებით 12-ჯერ უფრო მეტია ვიდრე 100 წლის წინ იყო, ეკონომიკური ზრდის ტემპი კი მე-20 საუკუნეში უფრო დიდი იყო ვიდრე მე-19-ში და მე-19-ში უფრო დიდი ვიდრე მე-18-ში. თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ცხოვრების დონეებს შორის განსხვავება მაინც ძალიან დიდია, რატომ?

ეკონომიკური ზრდის მოდელირებაზე ბევრს უმუშავია, მაგრამ რობერტ სოლოუ იყო პირველი, ვინც ეკონომიკური ზრდა 3 კატეგორიად დაყო და ნობელის პრემიაც მიიღო.  მან თქვა, რომ ზრდა გამოწვეულია ან კაპიტალისგან, ან ადამიანური რესურსისგან, ან იდეებისა და ახალი ტექნოლოგიებისგან. ამ მოდელის მთავარი ფუნქციაა, გვიჩვენოს ამ 3 კატეგორიიდან რომელმა გამოიწვია ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ამ მოდელის საშალებით  1957 წელს სოლოუმ აჩვენა, რომ აშშ-ს დოვლათის ზრდის დაახლოებით 4/5 ტექნოლოგიაზე მოდიოდა.

მარტივად რომ ვთქვათ: თუ კომპანიას მეტის წარმოება შეუძლია, მაგრამ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის, ახალი თანამშრომლების დამატებით მეტ დოვლათს აწარმოებს. ან დავუშვათ, რომ თანამშრომლები ჰყავთ, მაგრამ კომპიუტერები არ კმარა – ამ შემთხვევაში დამატებითი კაპიტალი (ახალი კომპიუტერები) იქნება საჭირო. ხოლო თუ ბიზნესის უკეთ სამართავად რამე ახალი იდეა გაუჩნდებათ, ან კომპიუტერისთვის უკეთეს პროგრამას შეიძენენ ესეც ზრდის საშუალებას მისცემთ.

ეს სამი კომპონენტი: კაპიტალი, ადამიანები და იდეები ეკონომიკური ზრდის წყაროებია, თუმცა მათ აქვთ კლებადი ზღვრული სარგებელი. თუ რესტორანი, რომელსაც მხოლოდ 1 მზარეული ჰყავს, მე-2 მზარეულსაც დაიქირავებს მისი მოგება მკვეთრად გაიზრდება, მკვეთრ ზრდას გამოიწვევს მე-3 მზარეულის დაქირავებაც, თუმცა აუცილებლად დადგება მომენტი, როცა დამატებითი მზარეულის დაქირავება რესტორანს შესაბამის მოგებას ვეღარ მოუტანს.

ასევეა ქვეყნების შემთხვევაში. რაღაც პერიოდი მისი ეკონომიკა დამატებითი ადამიანებისა და კაპიტალის გაჩენის შემთხვევაში მკვეთრად იზრდება, თუმცა შემდეგ უნდა იფიქროს, ეკონომიკა ინოვაციების საშუალებით ზარდოს, იმიტომ რომ კაპიტალითა და ადამიანური რესურსით იმავე ზრდის ტემპს ვეღარ შეინარჩუნებს. ძირითადად, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ჯერ კაპიტალისა და ადამიანური რესურსის ზრდის ხარჯზე ცდილობენ დოვლათის ზრდას. ხოლო მას მერე, რაც ამოწურავს მათ პოტენციალს, უნდა გადავიდეს იდეებსა და ახალ ტექნოლოგიებზე.

ანუ, გამოდის, რომ სოლოუს მოდელის მიხედვით ღარიბ ქვეყნებს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე მდიდრებს და რაღაც მომენტში უნდა დაეწიონ. ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში პირიქითაა, ღარიბი ქვეყნები უფრო და უფრო ჩამორჩებიან მდიდრებს. ანუ მხოლოდ მოდელი სრულ სურათს ვერ გვაჩვენებს და სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად.

მდიდარ ქვეყნებს წარმოების უკეთესი ფაქტორების გამო უფრო მაღალი პროდუქტიულობა აქვთ: მათ აქვთ უკეთესი კაპიტალი, მათი ადამიანური რესურსი უფრო განათლებული და გამოცდილია, აქვთ ტექნოლოგიური ცოდნა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგად ორგანიზებულია ამ სამი ფაქტორის რა კომბინაციით შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა.

მნიშვნელოვანია მოტივაციები. თუ ადამიანს არ აქვს მოლოდინი, რომ მეტი შრომით მეტ შედეგს მიიღებს, მაშინ ნაკლებსავარაუდოა, რომ მან მხოლოდ სხვისი კეთილდღეობისთვის მეტი იწვალოს. ეს ვრცელდება როგორც კონკრეტულ კომპანიებზე, ასევე სისტემებზე. მაგალითად, 1978 წლის კომუნისტურ ჩინეთში ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლები შიმშილით იხოცებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს საერთო საკუთრებაში არსებული მიწა ჩუმად გადაენაწილებინათ და საკუთარი ნაკვეთები დაემუშავებინათ. შედეგად მოტივაცია გაეზარდათ, ბევრი შრომის შედეგს თვითონ დაიტოვებდნენ – ამიტომ მეტი იმუშავეს და 1 წელში იმაზე მეტი მოსავალი მიიღეს, ვიდრე წინა 5 წელში ერთად, ხოლო 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი $3-დან $50-მდე გაიზარდა (ნახეთ ვრცლად ვიდეოში: https://www.facebook.com/orjerorimartivad/videos/1252979561749942 )

იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათის შექმნა გინდოდეს, უნდა გქონდეს ინსტიტუციების იმედი. გჯეროდეს, რომ შენი საკუთრების უფლება დაცულია და ვერავინ, ვერც შენზე მდიდარი ადამიანი, კრიმინალი, სხვა ორგანიზაცია ან მთავრობა ვერ წაგართმევს საკუთრებას. ამისთვის საჭიროა  გამართული სასამართლო სისტემა და არაკორუფციული, სანდო მთავრობა. მოტივაციის შემქმნელია ასევე ნაკლები რეგულაციები და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

ამ ყველაფერს ქვეყნების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული მდებარეობა, ცალკეული ადამიანების გადაწყვეტილებები, მენტალობა და ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს.

დედამიწაზე არსებობს ბევრი მაგალითი, როცა ქვეყანა სოლოუს მოდელის მიხედვით განვითარდა და ძალიან მოკლე მონაკვეთში დიდი ეკონომიკური ზრდის საშუალებით, მდიდარი ქვეყნების სიაში ჩაეწერა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადაწყვეტილებები ზღვრული პრინციპით მიიღება

ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი