in

საღი აზრის ეკონომიკა – სტიმულებს დიდი მნიშვნელობა აქვს

სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.1. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE

(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)

ეკონომიკა მარტივ პრინციპს ეყრდნობა: სტიმულების ცვლილება ადამიანის პროგნოზირებად ქცევას იწვევს. ადამიანს აქვს როგორც ფულადი, ასევე არამატერიალური მოტივაციები.

თუ პროდუქტი (მაგალითად კბილის პასტა N1) რომელსაც ადამიანი მოიხმარს ალტერნატიულ პროდუქტზე (კბილის პასტა N2) ხარჯიანი გახდება, ადამიანი მას აღარ იყიდის. ასევეა სარგებელზე, ადამიანი აარჩევს მეტი სარგებლის მომცემ ალტერნატივას. ეს მარტივი იდეა ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენს თითქმის ყველა ქცევას შეესაბამება.

თუ რაიმეს ხარჯი იზრდება, მისი გაკეთების მოტივაცია გვაკლდება. მაგალითად, თუ შეხვედრაზე აგვიანებ, გზად მეგობართან არ შეისეირნებ; არც წვიმიან და ცივ დღეს წახვალ პიკნიკზე; გაკვეთილზე არდადეგების დაწყების წინა დღეს უფრო ცოტა მოსწავლე მივა; ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს: როდესაც ქმედება დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მას ნაკლებად აკეთებენ. 

ამავე ლოგიკით, მეტი ალბათობით უფრო სარგებლიან ქმედებას ავირჩევთ: ძირს დაგდებული ქაღალდის კუპიურისკენ უფრო დავიხრებით, ვიდრე ხურდისთვის, გამოცდის წინ სტუდენტები მეტი ყურადღებით იქნებიან ლექციაზე და ა.შ. ეს ყველაფერი პროგნოზირებადია და გვაჩვენებს, რომ მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამით იხსნება თუ როგორ ცვლის საბაზრო ფასის ცვლილება, გამყიდველებისა და მყიდველების ქცევას. თუ მყიდველებს იმაზე მეტის ყიდვა სურთ, ვიდრე გამყიდველებს წარმოება, მაშინ საქონლის ფასი გაიზრდება; შედეგად გამყიდველებს მეტის წარმოება მოუნდებათ, მყიდველებს კი ნაკლების ყიდვა. საბოლოოდ მოთხოვნილი და მიწოდებული პროდუქტი დაბალანსდება და ფასი დასტაბილურდება.

რა მოხდება მაშინ, როცა გამყიდველს მეტის წარმოება სურს, ვიდრე მომხმარებელს ყიდვა? ის ყველაფერს ვერ გაყიდის და მოუწევს ფასი დააკლოს; დაკლებული ფასი მომხმარებელს მეტის ყიდვისკენ წაახალისებს, მწარმოებლებს კი ნაკლების წარმოებისკენ. ასე კვლავ დაბალანსებულ მოთხოვნასთან და სტაბილურ ფასთან მივალთ.

მაგალითად, 2014 წელს ამერიკის შტატ ჯორჯიაში ცუდი ამინდის გამო  ატმის ფასი წინა წელთან შედარებით 180%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა მომხმარებლებმა ფასის ზრდა არ გააპროტესტეს. რატომ? როცა ატამი გაძვირდა, მომხმარებლებმა ის ნაწილობრივ ან მთლიანად  სხვა ხილით ჩაანაცვლეს, ზამთრისთვის მარაგად კი მსხლის და კომშის ჯემი გააკეთეს.

ატმის ფასის ზრდამ არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ მიმწოდებლების ქცევაც შეცვალა. როცა ფერმერებმა დაინახეს, რომ ატამი ძვირად იყიდებოდა, მათ მეტი ატმის ხე დარგეს, 2 წლის შემდეგ, როცა დარგულმა ხეებმა ნაყოფი გამოისხა, გაიზარდა ატმის მიწოდება, შედეგად კი ფასმა დაიკლო.

სტიმულები ადამიანების პოლიტიკურ არჩევანზეც მოქმედებს. უმეტესად ადამიანები იმ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატს უჭერენ მხარს, ვინც მათი აზრით ყველაზე მეტ პირად სარგებელს მოუტანთ, ხოლო შეეწინააღმდეგებიან იმ კანდიდატებს, რომელთა არჩევის შემთხვევაში მაღალი პირადი ხარჯი ექნებათ. მაგალითად, ასაკოვანი მოქალაქეები ძირითადად იმ კანდიდატების წინააღმდეგები არიან, ვინც მათ პენსიას შეამცირებს, სტუდენტები კი ემხრობიან მათ, ვინც უნივერსიტეტის გრანტს ჰპირდებათ.

მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში, სოციალიზმშიც და კაპიტალიზმშიც. ერთი პერიოდი, ყოფილ სსრკ-ში, მინის საწარმოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები ხელფასს მათ მიერ წარმოებული მინის ფირფიტების წონის მიხედვით იღებდნენ. ამის გამო, ქარხნებმა იმდენად სქელი მინის წარმოება დაიწყეს, რომ ფაქტობრივად გაუმჭვირვალე გახდა. შედეგად წესები შეიცვალა და ანაზღაურება მინის კვადრატული მეტრობის მიხედვით დაიწყეს, შედეგად თხელი და მარტივად მსხვრევადი მინა აწარმოეს.

მსგავსი რამ მოხდა პოლონეთშიც, სადაც ქარხნებს განუსაზღვრეს საწარმოებელი ფეხსაცმელების რაოდენობის კვოტა, წარმოებისთვის კი ძალიან მცირე რაოდენობის ტყავი მისცეს. შედეგად ქარხანამ ბავშვის  ძალიან ბევრი ფეხსაცმელი აწარმოა (იმის მაგივრად, რომ დიდი ზომის ფეხსაცმელების დაემზადებინა).

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მოტივატორები გავლენას მხოლოდ ხარბ და ეგოისტ ადამიანებზე ახდენს. თუმცა ეს ასე არ არის. ადამიანის ნებისმიერ – ეგოცენტრულ თუ ალტრუისტულ ქმედებაზე პირადი ხარჯისა და სარგებლის ცვლილება მოქმედებს.

მაგალითად, როდესაც დედა ტერეზას ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერი დები” ნიუ-იორკში უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნას ცდილობდა, მთავრობამ შენობაში ძვირადღირებული რემონტის გაკეთება მოსთხოვა. დედა ტერეზამ საერთოდ უარი თქვა პროექტზე. ამ გადაწყვეტილებას დედა ტერეზას სურვილი დახმარებოდა ადამიანებს არ შეუცვლია, არამედ გამოიწვია მისი ქმედების ცვლილება. ის მიხვდა, რომ იმავე რესურსით, რისი დახარჯვაც ნიუ-იორკში უწევდა, სხვაგან მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო.  

ასე რომ სტიმულების ცვლილება ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს და ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეავსე ტესტი

ვინ აწარმოებს ყველაზე მეტს?