in

დაზოგვა წვეთწვეთად ხდება

თითოეულ ჩვენგანს ალბათ ჰქონია მომენტი, როდესაც ფიქრობდა დაეხარჯა ფული ისეთი პროდუქტის საყიდლად, რომელიც ძალიან არ სჭირდებოდა, თუ დაეზოგა ის. ასეთ გადაწყვეტილებების მიღება ჩვენ ხშირად გვიწევს, რადგან არჩევანი უნდა გავაკეთოთ დღევანდელ და მომავალ მოხმარებას შორის. 

მაინც რა არის პროდუქტის მოხმარების ალტერნატივა?

გიფიქრიათ ოდესმე რამდენი ფული გექნებოდათ ყოველდღიურად დღეში საკმაოდ მცირე თანხა რომ დაგეზოგათ? ვთქვათ, 5 ლარი.

წელიწადში შეძლებდით 1,825 ლარის დაზოგვას. თუ ასე ფულის დაზოგვას 18 წლის ასაკში დაიწყებდით, ანაბარზე 10%-იანი  განაკვეთით 29 წლის ასაკში 31,944 ლარი გექნებოდათ. თუ 29 წლის ასაკში ცდუნებას გაუძლებთ, ფულს ანაბარზე დატოვებთ და იმავე პრინციპით გააგრძელებთ დაზოგვას, 39 წლის ასაკში 114,980 ლარი გექნებათ. 49 წლის ასაკში 330,222 ლარი, ხოლო 65 წლის ასაკში პენსიაზე გასვლისას 1,589,529 ლარი. ასე მცირე წვეთებით გახდებით მილიონერი პენსიაზე გასვლისას. 

ეს მარტივი მაგალითი კარგად გვაჩვენებს, რომ საპროცენტო განაკვეთს საკმაოდ დიდი ძალა აქვს დაზოგვისას და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, კარგად იხეიროს ფინანსური სისტემის მექანიზმების გამოყენებით. თუმცა რეალურ ცხოვრებაში უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს, ვიდრე ყოველწლიურად დაზოგილი 1,825 ლარის განთავსებაა საბანკო ანგარიშზე. სინამდვილეში დაზოგვის უამრავი სხვა ფორმა არსებობს, რომლებმაც შეიძლება თქვენთვის უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღება უზრუნველყოს ან უფრო დაბალრისკიანი იყოს. თქვენ შეიძლება ფული დაზოგოთ: 

  1. უძრავი ქონების ყიდვით;
  2. ფასიანი ქაღალდების ან აქციების შესყიდვით; 
  3. საპენსიო ფონდში ფულის ჩადებით;
  4. ან თქვენი დანაზოგის საინვესტიციო კომპანიისთვის ჩაბარებით.

ის, თუ რომელ მეთოდს აირჩევთ დამოკიდებულია თქვენს დამოკიდებულებაზე რისკისადმი და თუ რას აღიქვამთ თქვენ რისკიან გადაწყვეტილებად. მაგალითად, უძრავ ქონებაში ფულის ჩადება დაბალრისკიან დაზოგვის მეთოდად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ თუ თქვენი დანაზოგი სწრაფად დაგჭირდათ, თქვენ მას ვერ მიიღებთ, რადგან ამისათვის ის ბინა უნდა გაყიდოთ, რომლის ყიდვასაც თქვენი დანაზოგი მოახმარეთ. ფასიანი ქაღალდების ან აქციების ყიდვა შეიძლება უფრო რისკიანი ფორმა იყოს ფულის დაზოგვის, რადგან მასი ფასები ხშირად იცვლება და შესაბამისად თქვენი დანაზოგიც პერიოდულად გაიზრდება ან შემცირდება, თუმცა დანაზოგის სწრაფად განაღდება შეგეძლებათ თქვენს ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვით. საპენსიო ფონდში ფულის ჩადება, როგორც წესი, ძალზედ დაბალრისკიანია, რადგან საპენსიო ფონდები, როგორც წესი, არ იღებენ რისკიან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს თქვენი ფულით, თუმცა ამან შეიძლება შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთიც მოგიტანოთ. თანაც საპენსიო ფონდები პენსიაზე გასვლამდე თქვენს დანაზოგს არ გაგატანენ. შეიძლება ფული საინვესტიციო კომპანიას ჩააბაროთ, თუმცა დაზოგვის ამ ფორმის წარმატებულობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რაში ჩადებს საინვესტიციო კომპანია თქვენს ფულს. მეორე მხრივ, საინვესტიციო კომპანიისთვის თქვენი დანაზოგის ჩაბარებამ შეიძლება დიდი შემოსავალიც მოგიტანოთ.

დაზოგვის უამრავი ფორმა არსებობს, თუმცა, პირველ რიგში, მთავარია დაზოგვის კულტურა ჩამოვიყალიბოთ, მიზანმიმართულად და ორგანიზებულად მოვახდინოთ პერიოდულად ფულის დაზოგვა, რომ თქვენმა დანაზოგმა მეტი ამონაგები მოგიტანოთ. გახსოვდეთ, დანაზოგის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცენტრალური დაგეგმვა

ეკონომიკური ტერმინების ტესტი