in

ცენტრალური დაგეგმვა

საბჭოთა კავშირში ეკონომიკა ცენტრალური დაგეგმვით იმართებოდა. კომუნისტებს სჯეროდათ, რომ ეკონომიკის მართვა ბაზარზე უკეთესად თავად სახელმწიფოს შეეძლო. ამისთვის მთავრობა ადგენდა სხვადასხვა ტიპის რეგულაციას, სტანდარტს და რაც მთავარია, წარმოების გეგმას. პროდუქციის გამოშვების 5-წლიან გეგმებს სახელმწიფო სტრუქტურა „გოსპლანი“ ამტკიცებდა, რომელიც 1921 წელს დაარსდა. ეს გეგმები, როგორც წესი, საბჭოთა კავშირში შემავალ თითოეულ ქვეყანაში იქმნებოდა და შემდეგ ცენტრალურ ოფისში მტკიცდებოდა. მათ შესამუშავებლად დიდი გამოთვლითი სამუშაოები, ანუ სხვადასხვა ტიპის მათემატიკური ამოცანის ამოხსნა იყო საჭირო.

გეგმების შექმნა, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და გონივრულია. თუ საქმე ეხება შენი ოჯახის ან შენი პირადი ფინანსების მართვას, სავარაუდოდ, შენც კარგად დაგეგმილი და გათვლილი გადაწყვეტილებების მომხრე იქნები. თუმცა დაგეგმვის პროცესში შენ მარტივად შეგიძლია განსაზღვრო შენი შემოსავლები და ხარჯები, რადგან საკუთარი მდგომარეობისა და სურვილების შესახებ ფაქტობრივად სრულ ინფორმაციას ფლობ.

იცი, რა რაოდენობის საკვები უნდა იყიდო, რამდენს დახარჯავ კინოში წასვლაში და რამდენის დაზოგვა დაგჭირდება ახალი ავტომობილის შესაძენად. იგივეს ვერ ვიტყვით მთავრობაში მყოფ მგეგმავებზე, რომლებსაც უწევთ გადაწყვეტილების მიღება ათასობით პროდუქტის შესახებ და ამ დროს მილიონობით ადამიანის სურვილების გათვალისწინება სჭირდებოდათ. ოღონდ ისე, რომ მათ შესახებ სრული ინფორმაცია არ ჰქონდათ. ასეთი ყოვლისმომცველი მონაცემების არსებობის შემთხვევაშიც კი, დასაგეგმად საჭირო ამ სიდიდის მათემატიკური ამოცანის ამოხსნას თანამედროვე სუპერკომპიუტერებიც ვერ ახერხებენ.

ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებზე სტიმულები მოქმედებენ, ამიტომ დაგეგმვის პროცესი არც ისეთი სწორხაზოვანი და მექანიკურია, როგორც აღვწერეთ. სინამდვილეში ბევრ სიტუაციაში თქვენც განსხვავებულად მოქმედებთ და ცდილობთ თქვენი გეგმები შეასწოროთ. ეს არა წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღიურად ხდება. შესაბამისად, 5-წლიანი გეგმის სწორად გაწერა ფაქტობრივად შეუძლებელია.

გარდა ამისა, საწარმოებს თავიანთი საქმიანობისას სჭირდებათ სტიმულები ახალი, ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად. გეგმის შესრულებაზე ორიენტირებული საწარმოს ხელძღვანელისთვის კი ახალი ინოვაციური მიდგომები მხოლოდ გეგმის არშეუსრულებასთან ასოცირდება და მას არ უჩნდება ახალი პროდუქტების შექმნის სურვილი.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტიმულები თავად მგეგმავებზეც მოქმედებს. ერთი მხრივ, მგეგმავებს შესაძლოა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები ან მიზნები ჰქონდეთ, რომლებიც საერთოდ არ მოდის თანხვედრაში ადამიანებისა და საწარმოების საჭიროებებთან. ხოლო მეორე მხრივ, საწარმოების ხელმძღვანელებს აქვთ ინტერესი, რომ მათთვის სასურველი გეგმა იქნას მიღებული და უჩნდებათ სტიმული, რომ მოისყიდონ გეგმებზე პასუხისმგებელი პირები. შედეგად ვხვდებით მუდმივ კორუფციას დაგეგმარების პროცესში, რაც ისედაც ნაკლოვან გეგმას კიდევ უფრო მეტად აუარესებს.

ცენტრალური დაგეგმვის პირობებში მუდმივად ჩნდება პროდუქტების ნაკლებობის (ანუ დეფიციტის) პრობლემა, რადგან ადამიანის სურვილებისა და შესაძლებლობების ხელოვნურად დამთხვევა ძალიან რთულია. საბჭოთა კავშირში დაგეგმარების პრობლემამ ცნობილი ანეკდოტი წარმოშვა. ერთმა ადამიანმა ავტომობილი შეიძინა, რის შემდეგაც მას უთხრეს, რომ ამ მანქანის წაყვანას 10 წლის შემდეგ შეძლებდა. „დილით თუ საღამოს?“ – იკითხა მყიდველმა. გამყიდველს გაუკვირდა – „10 წლის შემდეგ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?“ „უბრალოდ დილით სანტექნიკოსს ველოდებიო“.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი საბაზრო ეკონომიკაა. მართალია, საბაზრო ეკონომიკაშიც შესაძლოა წარმოიქმნას რაიმე პროდუქტის დეფიციტი, მაგალითად, პანდემიის დასაწყისში აფთიაქებში საკმარისი პირბადე არ აღმოჩნდა. თუმცა 5-წლიანი გეგმისგან განსხვავებით, საბაზრო ეკონომიკა „ცოცხალი ორგანიზმია“, რომელიც ყოველდღიურად იცვლება ახალი სტიმულების გათვალისწინებით. შედაგად კი, ადამიანების სურვილები და შესაძლებლობები მაქსიმალურად დაახლოვებულია ერთმანეთთან.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადასახადები

დაზოგვა წვეთწვეთად ხდება