in

სუროგაცია

ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა სუროგაციის თემა – უნდა იყოს თუ არა ლეგალური სრულად ან რაღაც დონეზე? რამდენად რეგულირებული უნდა იყოს? ბოლომდე უნდა აიკრძალოს? სიმართლე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ის თემაა, რომელსაც ბევრი მხარე გააჩნია და ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც რთულია. მივყვეთ თავიდან.

პირველ რიგში განვმარტოთ რა არის სუროგაცია და შემდეგ გავყოთ სუროგაცია ორ: კომერციულ და არაკომერციულ ნაწილად.

სუროგაციაა, როდესაც ქალი თანხმდება სხვა ადამიანებისთვის გააჩინოს ბავშვი. არსებობს ორი ტიპის: ტრადიციული და გესტაციური სუროგაცია. ტრადიციული სუროგაციის დროს ქალი ხელოვნურად ორსულდება დონორისგან, გესტაციური სუროგაციისას კი სუროგატის ბიოლოგიური მასალა – კვერცხუჯრედი, საერთოდ არ გამოიყენება. ანუ, ქალი, რომელიც ორსულადაა, გენეტიკურად მუცელში მყოფი ბავშვის დედა არ არის და ის ის ე.წ. “ბუნებრივი ინკუბატორია”.

საქართველოში დაშვებული იყო და ამ დრომდე დაშვებულია მხოლოდ გესტაციური და ალტრუისტული სუროგაცია, შესაბამისად ამ სტატიაშიც საუბარი გვაქვს მხოლოდ გესტაციურ სუროგაციაზე.

ახლა ვთქვათ რა არის კომერციული და არაკომერციული (ალტრუისტული) სუროგაცია:

არაკომერციულია თუ ვინმე ქალი, სხვას ეხმარება უანგაროდ – 9 თვით უთმობს თავის სხეულსა და ემოციებს ფულის გარეშე და უზრდის ემბრიონს. კომერციულია, როცა ამაში ფულს იღებს.

კომერციული სუროგაცია დაშვებული ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ბოლო პერიოდში ასეთი ტიპის სერვისის მიღება შესაძლებელი იყო ინდოეთში, საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, მექსიკასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში. თუმცა, ისევე როგორც საქართველოში, ამ ქვეყნებშიც მიდის სუროგაციის კომერციალიზაციის აკრძალვაზე საუბარი სხვადასხვა დოზით: სრულ აკრძალვაზე, მხოლოდ ქალისა და მამაკაცისთვის სერვისის გაწევის უფლებით (ანუ ერთსქესიანთა ოჯახებზე სუროგაციის სერვისის მიყიდვის აკრძალვით), მხოლოდ ქვეყნის შიგნით სუროგაციის უფლებით და ა.შ.

1 წლის წინ საქართველო ერთ-ერთი იყო მხოლოდ 4 ქვეყნიდან, რომელშიც კომერციული სუროგაცია იყო დაშვებული. შეიძლება მარტივად ვიფიქროთ, რომ თუ ამდენი ქვეყანა კრძალავს, ანუ ასაკრძალია და ჩვენთანაც უნდა ავკრძალოთ. რაც ხშირად სწორი პრაქტიკაა, მაგრამ არა აუცილებლად სწორი.

ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც სუროგაციის სერვისს ყიდის, ამბობდა, რომ 80-დან 100-მდე სუროგაცია ჰქონდათ თვის განმავლობაში. სუროგატობა შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც საკუთარი ერთი შვილი მაინც ჰყავთ. სერვისის ფასი $16 000-დან $25 000-მდე მერყეობს, ამ თანხაში ორსულობის პერიოდში თავის შესანახი თანხაც შედის, ანუ ორსულმა თავად უნდა იზრუნოს საკვებზე. ტყუპების გაჩენის შემთხვევაში სუროგატი ქალი დამატებით თანხას იღებს (დაახლოებით $2000-ს). თუმცა, თუ ორსულობა ბოლომდე ვერ მივიდა და ქალმა ბავშვი ვერ გააჩინა, ის მაქსიმუმ $6000-მდე იღებს (შესაძლოა მხოლოდ $500-იც აიღოს, გააჩნია ვადას და ორსულობის შეწყვეტის მიზეზს).

ჩამოვთვალოთ მიზეზები, რის გამოც სუროგაცია “კარგია” და “ცუდია”.

სუროგაციის მომხრე არგუმენტებია:

  1. პერსონალური ავტონომია – ადამიანი თავად წყვეტს, როგორ გამოიყენებს თავის სხეულს. თუ ქალი გადაწყვეტს, რომ თავისი საშვილოსნო “გააქირავოს”, სხვას არ აქვს უფლება აუკრძალოს
  2. ეხმარება უშვილო წყვილებს – სუროგაცია შესაძლოა ბოლო იმედი იყოს იმ ადამიანებისთვის, იყოლიოს საკუთარი შვილი, ვინც ამას თავისით ვერ ახერხებს. კომერციული სუროგაციის აკრძალვა მინიმუმამდე დაიყვანს მათ შანსებს იპოვოს ვინმე მოხალისე სუროგატი, საერთოდ აკრძალვა კი მთლიანად წაართმევს შესაძლებლობას.
  3. ეკონომიკა – რატომ არის სუროგატობა მიმზიდველი ქალებისთვის? მათთვის ხომ რეალურად რთულია 9 თვე ბავშვის მუცლით ტარება, გაზრდა და შემდეგ გაშვება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მათი გენეტიკური შვილი არ არის? პასუხი სამწუხარო და მარტივია – ამ ქალებს ფული ძალიან სჭირდებათ. მათ ჰყავთ თავიანთი შვილები, რომელთა მიხედვაც უჭირთ და უწევთ სუროგატობა, რათა საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყონ ისინი. ხშირად სუროგატი დედები ახალ კონტრაქტს მანამდე დებენ, სანამ ჯერ კიდევ ორსულად არიან. საქართველოში ე.წ. “რეპროდუქციული ტურიზმია” – სუროგაციის დამკვეთთა 90%-ზ მეტი უცხოელი წყვილები არიან: ევროპიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან და ა.შ. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სუროგატობის მსურველი ქალების რაოდენობა აღარაა საკმარისი და კომპანიები ფიქრობენ სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანონ სუროგაციისთვის ქალები.

სუროგაციის მოწინააღმდეგე არგუმენტებია:

  1. ფსიქოლოგიური მდგომარეობა – სუროგაციის პროცესი ქალებისთვის ემოციურად ძალიან რთულია. როგორც ზევით უკვე ვთქვით, მათი დიდი ნაწილისთვის ფსიქოლოგიური შემზადების მიუხედავად, მძიმეა ბავშვის დათმობა გაჩენის შემდეგ. კონტრაქტის მიხედვით, ქალს ბავშვს გაჩენისთანავე ართმევენ და შემდეგ აღარასდროს ნახულობს, რათა ემოციური ბმა არ გაუჩნდეს; თუმცა რამდენად არ უჩნდება – კითხვის ნიშნის ქვეშაა.
  2. ბავშვთა უფლებები – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუროგაციის პროცესში მონაწილეობენ არა მხოლოდ მშობლები და სუროგატი დედა, არამედ ბავშვიც, რომლის უფლებები დასაცავია. სუროგაციის ერთ-ერთი კომპანია საქართველოში აცხადებს, რომ მათ ერთმა ოჯახმა მიმართა და უთხრა, რომ 100-მდე ბავშვი უნდოდათ; კითხვაზე რატომ? უპასუხეს, რომ დიდი ბიზნესი ჰქონდათ და უნდოდათ შვილებისთვის ჩაებარებინათ. ეს უცნაურად ჟღერს და აჩენს შესაძლო ტრეფიკინგის ეჭვებს. კომპანიამ ნებაყოფლობით თქვა უარი ამ დაკვეთაზე, თუმცა კანონი მათ ასეთ საეჭვო შემოთავაზებაზე უარის თქმას არ აიძულებდა.

რაც შეეხება ბავშვებისა და სუროგატი ქალების ფიზიკურ ჯანმრთელობას – არსებობს კვლევები, რომელიც აჩვენებს, რომ გესტაციური სუროგაციისას უფრო მაღალია გარკვეული პათოლოგიების განვითარების რისკი, თუმცა სხვა არანაკლებ სანდო კვლევები ამ მოსაზრებას უარყოფს.

რამდენად ეფექტიანი იქნება აკრძალვა? ისევე როგორც სხვა რეგულაციებისას, არის რისკი, რომ პროცესი „იატაკქვეშ“ გადაინაცვლებს – ანუ დაიდება ჩუმი გარიგებები, სადაც კიდევ უფრო ნაკლებად იქნება სუროგატი ქალების უფლებები დაცული. თუმცა, ცხადია ეს რისკია, რომელიც შეიძლება არ ახდეს, მითუმეტეს, როდესაც მოთხოვნის 90%-ზე მეტი ქვეყნის გარედან მოდის და ბავშვების მიერ საზღვრის კვეთას ითვალისწინებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლოა კორუფციის რისკი გაზარდოს.

ამასთანავე სუროგაციას ქალები მიმართავენ მაშინ, როდესაც უკიდურესად უჭირთ და ფული სჭირდებათ. თუ სრულად ავკრძალავთ, მაშინ მათ ეს შესაძლებლობა გაუქრებათ. შესაძლებლობა გაუქრებათ ასევე წყვილებს, რომლებიც ცდილობენ შვილის ყოლას, თავისით ვერ აჩენენ და სუროგატის დახმარება სჭირდებათ.

როდესაც საკითხი ამდენ ადამიანს ეხება და მათ შორის ბავშვებს, მარტივი არ არის არც ბოლომდე აკრძალვის და არც ბოლომდე თავისუფლად მიშვების გადაწყვეტილება. არ შეიძლება საკითხის პოპულისტურად გამოყენება და რაღაცების მხოლოდ იმიტომ თქმა და გადაწყვეტა, რომ „უმრავლესობას ასე მოეწონება“. სუროგაცია ეხებათ რეალურ ადამიანებს, შვილის ყოლის მსურველებსა და ოჯახებს, რომელბსაც ფული ძალიან სჭირდებათ და ასევე ბავშვებს, რომლებიც ამ გზით იბადებიან.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ურბანიზაციის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის

როგორია ეკონომიკა მეტავერსში?