სტატია მოიცავს “საღი აზრის ეკონომიკის” 1.5. პარაგრაფს – სრული წიგნის ლინკი: https://bit.ly/3FaSKsE
(წიგნი ნათარგმნია GELI-სა და EFI-ის თანამშრომლობით)
ვაჭრობის პროცესი ხარჯიანია – დრო და რესურსები იხარჯება პარტნიორების მოძიებაში, მოლაპარაკებებსა და გარიგებებში. ეკონომიკაში ამ ხარჯებს ტრანზაქციის ხარჯი ეწოდება.
ტრანზაქციული ხარჯი ზოგჯერ ფიზიკური დაბრკოლებების გამოა მაღალი. ოკეანეები, მდინარეები, მთები – ართულებს პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდებას. გზების მშენებლობა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესება ერთ-ერთი გზაა ტრანზაქციული დანახარჯების შესამცირებლად. ტრანზაქციულ დახარჯს ზრდის ინფორმაციის სიმწირეც.
მაგალითად, თუ შენ ძველი წიგნის ყიდვა გინდა, უნდა დახარჯო დრო და ენერგია, რომ მოიძიო ინფორმაცია სად იყიდება ბუკინისტური წიგნები. შენი დახარჯული დრო და ძალისხმევა ტრანაზქციული ხარჯია.
ტრანზაქციული ხარჯების მიზეზი შეიძლება იყოს რეგულაციები, გადასახადები, ლიცენზიები, საფასო კონტროლი, ტარიფები და კვოტა.
მიუხედავად იმისა, თუ რა არის მიზეზი, მაღალი ტრანზაქციული დანახარჯი ამცირებს შესაძლო მოგებას ვაჭრობიდან. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამარტივებენ ვაჭრობას – ამცირებენ ტრანზაქციულ დანახარჯებს და ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროცესს. ეს შუამავალი ადამიანები აკავშირებენ მოვაჭრესა და მომხმარებელს. ასეთია მაგალითად, წიგნის მაღაზიები, უძრავი ქონების აგენტები, ბროკერები, ავტომობილის დილერები და სხვადასხვა პროდუქტის გამყიდველები.
ერთი შეხედვით, ვაჭრობაში დამატებითი ადამიანის ჩარევა თითქოს უნდა აძვირებდეს პროდუქტისა და სერვისს ფასს. თუმცა, ასე რომ იყოს, ხალხი შუამავლებს აღარ მიმართავდა. რადგან ტრანზაქციული დანახარჯი ვაჭრობისთვის პრობლემაა, ხოლო შეუამავლები ამ ხარჯებს ამცირებენ, რადგან მათ შენამდე მოაქვთ ისეთი ინფორმაცია და შეთავაზებები, რომელთა მისაგნებად დრო და ენერგია დაგჭირდებოდა. სწორედ ამიტომ იყენებს ხალხი მათ მომსახურებას.
შუამავალია სურსათით მოვაჭრეც. წარმოიდგინე რამდენი დრო დაგეხარჯებოდა კერძის მომზადებაზე, თუ ბოსტნეულისთვის ფერმერთან მიხვიდოდი, ხილისთვის – მებაღესთან, რძისთვის – მერძევესთან, თევზისთვის – მეთევზესთან. სასურსათო მაღაზია გეხმარება დაზოგო დრო და რესურსები და ყველა საჭირო პროდუქტი ერთ ადგილას შეიძინო.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ საგრძნობლად შეამცირა ტრანზაქციული დანახარჯები – ინტერნეტში ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროდუქტების, სერვისებისა და მათი მომწოდებლების შესახებ და შენც შეგიძლია, ტელეფონის ეკრანზე რამდენიმე დაჭერით შენთვის საჭირო ნივთი თუ სერვისი შეიძინო. ხარჯების ამგვარმა შემცირებამ გაზარდა ვაჭრობის მოცულობა და უფრო მაღალ დონეზე ასწია ცხოვრების სტანდარტები.
GIPHY App Key not set. Please check settings