in

ტრანზაქციული დანახარჯი

სასურველი პროდუქტის შესაძენად მობილურ აპლიკაციაში სულ რამდენიმე ღილაკზე დაჭერაა საჭირო და პროდუქტს სახლში სულ მალე მიიღებთ. თანამედროვეობაში, ვაჭრობა იმდენად გამარტივდა, რომ აღარც კი ვფიქრობთ, რა სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული პროდუქტის თუ სერვისის მიღება.

სავაჭრო პარტნიორების ძებნა, მოლაპარაკებები და წარმატებული გაყიდვები ხარჯებთანაა დაკავშირებული – მას სჭირდება დრო, ძალისხმევა და სხვადასხვა რესურსი. ასე დახარჯულ რესურებს ტრანზაქციული დანახარჯი ეწოდება.

ტრანზაქციული ხარჯი ზოგჯერ ფიზიკური დაბრკოლებების გამოა მაღალი. ოკეანეები, მდინარეები, მთები – ართულებს პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდებას. გზების მშენებლობა და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესება ერთ-ერთი გზაა ტრანზაქციული დანახარჯების შესამცირებლად.

ტრანზაქციულ დახარჯს ზრდის ინფორმაციის სიმწირეც. მაგალითად, თუ შენ ძველი წიგნის ყიდვა გინდა, უნდა დახარჯო დრო და ენერგია, რომ მოიძიო ინფორმაცია სად იყიდება ბუკინისტური წიგნები. შენი დახარჯული დრო და ძალისხმევა ტრანაზქციული ხარჯია.

ტრანზაქციული ხარჯების მიზეზი შეიძლება იყოს რეგულაციები, გადასახადები, ლიცენზიები, საფასო კონტროლი, ტარიფები და კვოტა.

მიუხედავად იმისა, თუ რა არის მიზეზი, მაღალი ტრანზაქციული დანახარჯი ამცირებს შესაძლო მოგებას ვაჭრობიდან. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამარტივებენ ვაჭრობას – ამცირებენ ტრანზაქციულ დანახარჯებს და ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროცესს. ეს შუამავალი ადამიანები აკავშირებენ მოვაჭრესა და მომხმარებელს. ასეთია მაგალითად, წიგნის მაღაზიები, უძრავი ქონების აგენტები, ბროკერები, ავტომობილის დილერები და სხვადასხვა პროდუქტის გამყიდველები.

ერთი შეხედვით, ვაჭრობაში დამატებითი ადამიანის ჩარევა თითქოს უნდა აძვირებდეს პროდუქტისა და სერვისს ფასს. თუმცა, ასე რომ იყოს, ხალხი შუამავლებს აღარ მიმართავდა. რადგან ტრანზაქციული დანახარჯი ვაჭრობისთვის პრობლემაა, ხოლო შეუამავლები ამ ხარჯებს ამცირებენ, რადგან მათ შენამდე მოაქვთ ისეთი ინფორმაცია და შეთავაზებები, რომელთა მისაგნებად დრო და ენერგია დაგჭირდებოდა. სწორედ ამიტომ იყენებს ხალხი მათ მომსახურებას.

შუამავალია სასურსათო მაღაზია შენს უბანშიც – წარმოიდგინე, რომ მარწყვის ტორტის გამოცხობა გინდა და მარწყვის, რძის, კვერცხის საყიდლად ცალ-ცალკე უნდა მიხვიდე მათ გამყიდველებთან. ეს დიდ დროსა და ენერგიას წაიღებდა. სასურსათო მაღაზია კი ტრანზაქციულ დანახარჯებს ამცირებს – აქ ერთ ადგილასაა თავმოყრილი ხილიც, ბოსტნეულიც და რძის პროდუქტიც, ამიტომ შენ აღარ გიწევს სხვადასხვა ადგილას წასვლა.

მაღაზია მომგებიანია იმ ფერმერებისთვისაც, რომლებიც ამ პროდუქტებს აწარმოებენ – მათაც აღარ უწევთ ცალ-ცალკე მომხმარებელთან კომუნიკაცია.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ საგრძნობლად შეამცირა ტრანზაქციული დანახარჯები – ინტერნეტში ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროდუქტების, სერვისებისა და მათი მომწოდებლების შესახებ და შენც შეგიძლია, ტელეფონის ეკრანზე რამდენიმე დაჭერით შენთვის საჭირო ნივთი თუ სერვისი შეიძინო და აღარ იფიქრო, რომ ამ ნივთმა ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადმოიარა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ ჯობია ბარათი ნაღდ ფულს?

დანიის ეკონომიკა