in

უკრაინაში რუსეთის ომის ეკონომიკური შედეგები: მოსაზრება საქართველოდან

სტატიის ავტორია იაროსლავა ბაბიჩი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით:

ახლა, როცა ამ ბლოგს ვწერ, რუსული ტანკები სულ უფრო ღრმად მიიწევენ უკრაინაში, ჩემს სამშობლოში, და ემოციებთან გამკლავება სულ უფრო მიჭირს. თუმცა ეს ემოციები ვერ გადაწონის იმას, რასაც ჩვენ, ეკონომიკის მკვლევარები, ყველაზე მეტად ვაფასებთ: ერთგული დავრჩეთ სიმართლისადმი და დასკვნები მხოლოდ  ფაქტებისა და ლოგიკის ფრთხილი, მიუკერძოებელი გამოყენებით გამოვიტანოთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა შეგვიძლია ვთქვათ იმ ეკონომიკურ საფრთხეებზე, რასაც უკრაინაში რუსეთის ომი გვიქადის, განსაკუთრებით საქართველოს, რომელიც პატარა, თუმცა სტრატეგიულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა?

ფასები – საწვავი, მარცვლეული და საკვები პროდუქტები, საქონელი

ომის პირველი ეკონომიკური მსხვერპლი ფასები იქნება, განსაკუთრებით კი საწვავისა და საკვები პროდუქტების (კერძოდ, ხორბლის, სიმინდის, საკვები ზეთის).

ნავთობი და გაზი: ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, რასაც ფასების მყისიერი ზრდა მოჰყვა და ნედლი ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბოლო დღეებში ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გასცდა, როცა წლის დასაწყისში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 80 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი პანდემიის გამო გლობალურ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის ზრდაა, რასაც უკვე გეოპოლიტიკური საფრთხეებიც დაემატა, რადგან რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე მწარმოებელია და დღეისთვის მსოფლიო ნავთობის მოხმარების მეათედს და ევროპის გაზის მოხმარების თითქმის ნახევარს აკმაყოფილებს.

საკვები პროდუქტები: რუსეთიცა და უკრაინაც ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოწინავე გლობალური ექსპორტიორი ქვეყნებია. 2020 წლის მონაცემებით, რუსეთსა და უკრაინაზე ერთად ხორბლის გლობალური ექსპორტის 26% მოდიოდა, მათ შორის მთლიანი ექსპორტის 8%-ზე უკრაინა იყო პასუხისმგებელი (მოულოდნელი არ არის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე ჩიკაგოს ხორბლის ფიუჩერსის ფასი მკვეთრად გაიზარდა). ორივე ქვეყანა ქერის მსოფლიო ექსპორტის 24%-ს უზრუნველყოფს.  მზესუმზირის თესლის, ზამბახისა და ბამბის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 57%-ც ამ ორ ქვეყანაზე მოდის. მსოფლიოში სიმინდის ექსპორტში 13% მხოლოდ უკრაინას უკავია. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მოყვანილი ხორბლის დიდი წილი აზიაში ან აფრიკაში რეალიზდება. ომმა ამ რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დააყენა. თუმცა უარესი ისაა, რომ ფასები მკვეთრად გაიზრდება მთელ მსოფლიოში.

გავლენა საქართველოზე: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის გამო სურსათის გლობალური ფასები ომის დაწყებამდეც სწრაფად იზრდებოდა. პანდემია მძიმე წნეხი აღმოჩნდა გლობალური წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის, რადგან მხოლოდ 2021 წელს სურსათის ფასები 28%-ით გაიზარდა (FAO-ის ანგარიში). ომი კი მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს. საქართველოში მოხმარებული ხორბლის 90% იმპორტირებულია (და უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის), ამიტომ გლობალური ფასების ზრდა მყისიერად აისახება ქვეყანაზეც. სამწუხაროდ, ამას ყველაზე მეტად მოსახლეობის ღარიბი ნაწილი იგრძნობს. საწვავის ფასების ზრდა უკვე იგრძნობა საქართველოში. დროა, მთავრობამ დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ შეარბილოს მოსახლეობის ღარიბ და მოწყვლად ჯგუფებზე ფასების ზრდის გავლენა. ასეთ შემთხვევაში ზომები კი, როგორც წესი, გაზრდილი საგარეო ვალია, რასაც რისკების მეორე ჯგუფთან მივყავართ.

გაურკვევლობა ფინანსურ ბაზრებზე. კოვიდის შემდგომ ეკონომიკის გაჯანსაღებას საფრთხე ემუქრება

ფინანსური ბაზრები ჯერ არ არის მზად ომისგან მომდინარე რისკების შესაფასებლად. მორგან-სტენლის ინვესტიციების ხელმძღვანელი გვაფრთხილებს, რომ კონფლიქტის დროს ნებისმიერმა მოკლევადიანმა ვაჭრობამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში ფინანსურ ბაზრებზე შეიძლება ძლიერი რყევები მოხდეს, რაც სესხის აღების დანახარჯებს გაზრდის და გლობალურ ზრდასაც შეანელებს. ბლუმბერგის ანალიტიკაც გვაფრთხილებს, რომ ზრდა შენელდება, რადგან შინამეურნეობებს მოუწევთ, შემოსავლის სულ უფრო მეტი წილი დახარჯონ სურსათსა და საწვავზე და სულ უფრო ნაკლები – სხვა საქონელსა და მომსახურებაზე.

გლობალ ფინანსურ ბაზრებზე გაურკვევლობის ზრდამ შეიძლება საქართველოსაც გაუძვიროს სესხის აღების დანახარჯები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული მრავალმხრივი ვალია დაბალი საპროცენტო გაკავეთით, ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე სესხის აღების დანახარჯის ზრდა საქართველომდე მალე და სერიოზული მასშტაბით არ მოაღწევს. თუმცა ამან შეიძლება ზოგადად საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და, კერძოდ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იმოქმედოს, რადგან რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. თუ ქართული ლარი გაუფასურდება, შედეგად, ვალის წილი ქვეყნის მშპ-ში შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

რუსული და უკრაინული პროდუქტების იმპორტი. საქართველოს ექსპორტი ორივე ქვეყანაში

რუსეთიცა და უკრაინაც საქართველოს საექსპორტო ქვეყნების ხუთეულშია. 2022 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტის 9.5% უკრაინაზე, 12.9% კი რუსეთზე მოდიოდა. თუმცა ყველაზე დიდი კავშირები არა საქონლის, არამედ სერვისების (მაგ. ტურიზმის) ექსპორტზე მოდის. თუ სიტუაცია გაუარესდება, ტურიზმი ამ ქვეყნებიდან სერიოზულად დაზარალდება, შეიძლება სულაც გაჩერდეს.

რაც შეეხება საქართველოში იმპორტს, რუსეთზე მთლიანი იმპორტის 11% (მე-2 ადგილი, თურქეთის შემდეგ), უკრაინაზე კი 4.3% (მე-7 ადგილი) მოდის.

ლტოლვილთა კრიზისი

უკრაინიდან წამოსული ლტოლვილთა ნაკადი, დიდი ალბათობით, უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწევს. ევროკავშირის ქვეყნები უკვე ვარაუდობენ, რომ 7 მილიონზე მეტ ადამიანს მიენიჭება იძულებით გადაადგილებულის სტატუსი. საქართველოში მაღალია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და მზადყოფნა უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად. თუმცა უკრაინის ჩრდილოეთში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში საომარი მოქმედებები მძვინვარებს, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ადამიანები საქართველოში საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოვიდნენ. ლტოლვილების უმეტესობა ახლა დასავლეთის საზღვრებთანაა, სადაც მათ პოლონეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და უნგრეთი იღებს.

რა იქნება შემდეგი ნაბიჯი – საქართველოს პერსპექტივა

შესაძლოა, ამ ომის ყველაზე შემაძრწუნებელი შედეგი იმის მოლოდინია, რა (ან ვინ) იქნება შემდეგი, განსაკუთრებით, თუკი მოვლენები ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით განვითარდება. საეჭვოა, რომ ამ იმპერიალისტურ თამაშში საქართველოს ვინმე დაინდობს, თუნდაც ის „ფრთხილად“ მოიქცეს: არ შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ გლობალურ სანქციებს, თავი აარიდოს გამაღიზიანებელ რიტორიკას და ა.შ. სხვა ქვეყნები აცნობიერებენ, რომ საქართველო რთულ მდგომარეობაშია და, თუ უარესი მართლაც მოხდება, საერთაშორისო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა შეწყდება.

დაბოლოს, ჩნდება კითხვა, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკა ვერ უპასუხებს: მზადაა კი მსოფლიო (და საქართველო) ამ ომის ფასის გადასახდელად? გააგრძელებს მსოფლიო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას თუ ნებისმიერ ფასად რუსეთთან მშვიდობას დაუჭერს მხარს? უკრაინელებსა და ქართველებზე კარგად არავის ესმის, რომ, თუ დღეს თავისუფლებას პურზე გაცვლი, ხვალ აღარც პური გექნება და აღარც თავისუფლება.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე მეჩვენება, რომ ქართველი და უკრაინელი ხალხი ირჩევს თავისუფლებას დღეს და ხვალ. მე კი მხოლოდ ისღა დამრჩენია, იმედი მქონდეს, რომ დანარჩენი მსოფლიოც ჩვენს მაგალითს მიბაძავს.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რას უნდა მოველოდეთ ეკონომიკაში მიმდინარე ომის გამო?

ეკონომიკა და თავდაცვის ხარჯები