წინა ნაწილში მოგიყევით როგორ და რატომ გაუჩნდა დიმიტრი ყიფიანს პირველი ქართული სათავადაზნაურო ბანკის დაფუძნების იდეა: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ მატერიალურად გაუჭირდათ როგორც გლეხებს, ასევე თავადებს და ყიფიანი ბანკის დაარსებას ამ სიტუაციიდან გამოსავლად მიიჩნევდა. მან პირველი წესდება დასამტკიცებლად გაუგზავნა რუსეთის იმპერიას, თუმცა უკან გამოიხმო და ახალ წესდებაზე დაიწყო მუშაობა. ახალი წესდების შექმნა და სხვა თავად-აზნაურებთან შეთანხმება გაუჭირდა და ამის გამო თავად ვერ შეძლო ბანკის დაარსების იდეის ბოლომდე მიყვანა. 1872 წლის 25 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაზე ირჩევენ ახალ წინამძღოლს – 35 წლის ილია ჭავჭავაძეს. სხვათაშორის, ილია 1872 წლის კრებაზე შემთხვევით მოხვდა. მას დავით ერისთავმა (რომელიც შემდეგ ბანკში დირექტორი ხდება), სთხოვა წამომყევი, კრებაზე მიმიწვიეს და როგორც მოგეხსენება მე “ფინანსიის მეტყველებაში” ბევრი არაფერი გამეგებაო.
ილიას მოსვლიდან რამოდენიმე დღეში წესდება მზად იყო. ილია მიხვდა, რომ ველოსიპედის თავიდან გამოგონება არ სჭირდებოდა. იმ პერიოდში უკვე არსებობდა სხვა ბანკები და საჭირო იყო არსებული და მთავრობისგან დამტკიცებული წესდება აეღო და მუხლები ისე შეეცვალა, რომ ქართულ რეალობაზე ყოფილიყო მორგებული. თუმცა, ილია არ აპირებდა ისეთი ბანკის დაარსებას, რომლის მთავარი მიზანი დივიდენდის თავადებზე განაწილება იქნებოდა. მას სურდა, რომ მოგების დიდი ნაწილი წოდების განურჩევლად, ქართველების საერთო სიკეთეებზე დახარჯულიყო. თუმცა, ასეთი წესდების შექმნა მოხერხებულობას მოითხოვდა, რადგან მას ჯერ ქართველი თავად-აზნაურების, შემდეგ კი რუსეთის იმპერიის თანხმობა სჭირდებოდა.
ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთ კრებაზე ხაზგასმით თქვა, რომ მისი სურვილი ისეთი ბანკის დაარსებაა, რომელიც სასარგებლო არა რომელიმე წოდებისთვის, არამედ მათთვის იქნება, ვინც “საკუთარი შრომით ამრავლებს საზოგადოებრივ სიმდიდრეს”. ილია მადლობას ეუბნება ყველას, ვინც ფული გამოყო ბანკის დასაარსებლად, რათა ქვეყანა სიღარიბისა და გაუნათლებლობისგან დაეხსნა.
მოდით, ვნახოთ რამდენი ფული ჰქონდა ბანკს დაარსების მომენტში: თავადაზნაურობამ მოგაროვა 87 000 მანეთი, რუსეთის იმპერიიდან იყო 160 000 (სტატიის პირველ ნაწილიდან გაგახსენებთ, რომ ეს ფული იყო მორჩენილი თანხა იმ საერთო ორი მილიონიდან, რომელიც ბატონებს ყმების გათავისუფლების სანაცვლოდ გადაუხადეს). თუმცა, ისეთი ბანკის დაარსებას, რომელიც ბევრ ადამიანზე შეძლებდა სესხის მიცემას, ბევრად დიდი თანხა სჭირდებოდა, მაგალითად რუსეთის იმდროინდელ ბანკებს გადავხედოთ: პეტერბურგის ბანკს, რომელიც 1872 წელს დაარსდა მთავრობამ 1 მილიონი მისცა, მონაწილეებმა კი 2 მილიონი შეაგროვეს; მოსკოვის ბანკს მთავრობამ 2 მილიონი მისცა, მონაწილეებმა კი 2 700 000 შეაგროვეს. ასე რომ, ამ ბანკებს მეტი შესაძლებლობა და მოქნილობა ჰქონდათ სესხის გასაცემად, ქართულ სათავადაზნაურო ბანკთან შედარებით.
სანამ ბანკი ფუნქციონირებას დაიწყებს, თავად-აზნაურებში მიდის განხილვა, ვინ იქნება ბანკის მეწილე. არსებობს რამდენიმე აზრი: წილი მიიღონ მხოლოდ იმათ, ვინც უკვე შეიტანა თანხა მის დასაარსებლად თუ იმათაც შეხვდეთ წილი, ვინც ახლა შეიტანს ფულს. ბოლოს, შეთანხმებიან რომ ყველას უნდა ჰკითხონ, უნდათ თუ არა, რომ მონაწილეობა მიიღონ ბანკის დაარსებაში. თუ ექნებოდათ ამის სურვილი, შეეძლოთ ფული ან ერთიანად, ან ნაწილ-ნაწილ შეეტანათ და ისინიც გახდებოდნენ დამფუძნებლები.
კრებამ ასევე გადაწყვიტა ის საკითხი, რომელიც მთავარი სადავო იყო დიმიტრი ყიფიანის პერიოდში: უნდა გაეცათ გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი სესხები. გადაწყდა, რომ ბანკი ქალაქისა და მამულის ქონების გირაოთი 18 წლითა და 7 თვით გასცემდაა გრძელვადიან სესხს ან უფრო გრძელვადიანს 54 წლითა და 6 თვის ვადით. გაიცემოდა მოკლევადიანი სესხებიც 1-3 წლამდე ვადით.
ახლა ცოტა ხანს შევჩერდეთ და აუცილებლად ვახსენოთ სერგეი მესხი.
1867 წელს აზნაურები ადგენდნენ ქუთაისის ბანკის წესდების შემდგენ კომიტეტს. სწორედ ამ დროს, ქუთაისისა და თბილისის ბანკების შეერთების იდეა უჩნდება გაზეთ დროების რედაქტორს, სერგეი მესხს. ის ფიქრობს, რომ გაერთიანებული ბანკი საქართველოს კუთხეების ეკონომიკურ კავშირს და მათ დაახლოებას გამოიწვევს. ასევე იქნება ხარჯეფექტური, რადგან გაანახევრებს მენეჯმენრტის ხარჯს და მეტ მოგებას დატოვებს. ამ პრაქტიკული ნაწილის გარდა, იგი “ზნეობაზეც” საუბრობს. მეფის რუსეთი ხშირად საქართველოს კუთხეებს: გურიას, იმერეთს, ქართლს, კახეთს, სვანეთს… ისე მოიხსენიებს თითქოს ერთიანი ქვეყნის ნაწილები კი არა, განცალკევებულები არიან და თუ ერთმანეთს განზე გავუდგებით ამის თქმის საბაბი ემატებათო – ამბობდა მესხი. გაზეთი დროების 1872 წლის ნომერში ის წერს “ ბანკების შეერთებით, ნებით თუ უნებურად, აუცილებლად გვექნება ორთავე გუბერნიების მოსახლეობის ერთმანეთში მიმოსვლა და გაცნობა. შევიტყობთ ერთამენთის მდგომარეობას, სურვილს, გავიცნობთ ერთმანეთის ცხოვრებას და მორალურ ძალას, დავიცავთ ერის საერთო ინტერესებს. საერთო ძალითვე ერთად მოვიშორებთ, რაც მავნებელი იქნება ჩვენვის”. თუმცა, მესხის ეს ინიციატივა, არ განხორციელდა – ქუთაისის თავდაზნაურობა არ დათანხმდა.
დავუბრუნდეთ ილია ჭავჭავაძეს. 1874 წლის 28 მაისს, თბილისის ბანკის წესდება მეფის რუსეთმა დაამტკიცა და ბანკის შექმნის 11 წლიანი ბრძოლა წარმატებით დასრულდა.
გაგიზიარებთ წესდების საინტერესო ნაწილებს:
მე-2 თავის მიხედვით, ბანკი სესხს გასცემდა ქალაქისა და სოფლის ქონების დაგირავების საფუძველზე. სესხი არ უნდა ყოფილიყო სოფლის ქონების ღირებულების 40-50%-ზე და ქალაქის ქონების ღირებულების 60%-ზე მეტი. შენობები უნდა ყოფილიყო ცეცხლისგან დაცული და სხვა ნებისმიერი ვალდებულებისგან თავისუფალი.
მე-4 თავი ქონების დაფასების წესს ეძღვნებოდა. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ილიაც დიდ ყურადღებას უთმობდა და შემდეგ აუდიტიც მის ბანკში სწორედ ამ საფუძვლით შევა (ამაზე შემდეგ ნაწილში მოგიყვებით). როცა ვინმე ბანკს სესხს სთხოვდა და გარანტად ქონებას დებდა, მიდიოდა კომისია, რომელიც ამ ქონებას შეაფასებდა. კომისია გადასცემდა ამ შეფასებას გამგეობას, რომელსაც შეეძლებოდა ან შეემცირებინა ქონების შეფასებული ღირებულება ან უარი ეთქვა სესხის გაცემაზე, თუმცა შეფასების ღირებულებას ვერ გაზრდიდა.
მე-9 თავი ეხებოდა მოგების განაწილებას: წმინდა მოგებიდან 45% უნდა მოხმარებოდა საზოგადოების სასარგებლო საქმეებს: სტიპენდიებს, გზების და სარწყავი არხების გაყვანას და ა.შ. (შემდეგ ეს წილი ოდნავ შემცირდება), 10% უკან ბანკის ინვესტირებას უბრუნდებოდა, 10% შემონახული თავნის ნამატად, 10% მოკლევადიანი სესხის გასაცემად, 5% თავადაზნაურთა დასახმარებლად, 10-10%-ს კი ბანკის თანამშრომლები და დირექტორები ინაწილებდნენ.
ახლა გადავდივართ 1875 წლის 3 თებერვლის კრებაზე, სადაც ილიამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებები ბანკის არსისა და მომავლის შესახებ.
ამ კრებაზე ილია ამბობს, რომ ბანკი თავადაზნაურთა ცალკეული წარმომადგენლების სასარგებლო დაწესებულება არაა და ვინმეს არ ნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბანკი “მშიერს გააძღებს და მწყურვალს გაუხდება თულუხჩად”. არც უსაბუთო მიწის მფლობელებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ბანკი სიტყვაზე ენდობა და თავდებად დაუდგებაო. ილია წაინააღმდეგი იყო ბანკი ზარმაცებს დახმარებოდა, მათ ვინც :”თვითონ არ ჭირნახულობს”, რადგან ასეთი ადამიანი “ცხრილია, რომელიც მაინც არ აივსება, თუნდა მთელი მტკვარი განუწყვეტლივ ზედ მიუშვათ, რა თანხა გაუძლებს მშიერ მცონარეობას”. თუმცა, ამავე გამოსვლაში ილია აქებს შრომისმოყვარე ხალხს, ის მზად იყო მათ მაქსიმალურად დახმარებოდა “წაქეზება, ხელის გამართვა გაჭირირვებულ ბეჯითობას უნდა, იმიტომ რომ მარტო ბეჯითობაა ჩვენი მხსნელი და ქვეყნისათვის ნაყოფიერი”.
ილია სესხს ფრთხილად ეკიდებოდა, ჯერ ერთი ბანკს ფული არ უნდა დაკარგვოდა და მეორეც – ილია სესხს “ორპირ მახვილად” მიიჩნევს, ვინც შრომობს და ფული აკლია თავისი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, მისთვის სესხი მხსნელია, მაგრამ ვინც ზარმაცია და ბანკის გახსნა იმიტომ უხარია, რომ ამ ფულით იქეიფოს, მისთვის ფულის მისცემა ბანკისთვისაც და ამ ადამიანისთვისაც გათხრილი სამარეაო. ჩვენი ბანკის მიზანი, ისაა რომ სესხმა ფული ისარგებლოს, ფულმა ფული მოიგოს და მოგებიდან დიდი წილი ქვეყნის საერთო საჭიროებებში დაიხარჯოსო. ილიას სწამდა, რომ ჯერ ბანკმა უნდა მოიგოს და ამის შემდეგ შეძლებს საერთო ჭირის შველას. იგი ძალიან დიდი სიმკაცრით ეკიდებოდა წესდების მე-4 თავს, ქონების შეფასებას. მას სჯეროდა, რომ ბანკის მხრიდან ქონების ობიექტურად შეფასებაზე იდგა მთელი საბანკო სისტემა, და იმ შემთხვევაში თუ ადეკვატურ შეფასებას გააკეთებდა და ამ ღირებულების მაქსიმუმ 60%-ს გასცემდა სესხად, ბანკი ზარალისგან დაზღვეული იქნებოდა, ამიტომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად შეფასების ძალიან მკაცრი კრიტერიუმები მიაღებინა კრებას. შეფასების კომისიაში ყველა მაზრიდან თითო წევრი და თითო კანდიდატი აარჩიეს. თბილისიდან დამფასებელი იყო გრიგოლ ორბელიანი, კანდიდატი ალექსანდრე ბარათაშვილი.
ამგვარად, 1875 წლის 13 თებერვალს თბილისში, სოლოლაკის ქუჩაზე თავადი ყორღანოვის სახლში თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა მუშაობა დაიწყო.
ამის შემდეგ იწყება საინტერესო პროცესი, სადაც დაფასების ობიექტურობაში შეიტანენ ეჭვს, ნიკო ნიკოლაძე აკრიტიკებს ილიას, აკაკი წერეთელი ჯერ ერთ მხარეს მიემხრობა, შემდეგ მეორეს და ა.შ. უამრავი რამ ხდება, თუმცა ამაზე შემდეგ ნაწილში მოგიყვებით.
GIPHY App Key not set. Please check settings