in ,

ბიზნესის რეგისტრაცია/ლიცენზია

როგორ ავირჩიოთ ბიზნესის სამართლებრივი ფორმა

ბიზნესი მოგების მიღების და სიმდიდრის დაგროვების მიზნის დაწყებული საქმიანობაა. წარმატებული ბიზნესი გაძლევთ თქვენი შესაძლებლობების, ამბიციების და სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. თუ თქვენ უკვე გაქვთ კარგად ჩამოყალიბებული იდეა, რომელიც მილიონებს მოგიტანთ, დროა იუსტიციის სახლს ესტუმროთ – ბიზნესი უნდა დაარეგისტრიროთ.
ბიზნესის რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ხორციელდება. თქვენ სწორად უნდა აირჩიოთ მეწარმის (თქვენი) სამართლებრივი ფორმა. სულ ექვსია: ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგალითად ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენს ერთი დამოუკიდებელი პირის ბიზნესს. მისი მენეჯმენტი და ბუღალტერია მარტივია და არ უკავშირდება დიდ სირთულეებს. აი შპს-ს შემთხვევაში კი პირიქით, მენეჯმენტი და ბუღალტერია შედარებით რთულდება. ასევე ინდივიდუალური მეწარმე სესხის აღების შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი ქონებითაა პასუხისმგებელი. შპს კი მხოლოდ იმ ქონებით, რაც მის სახელზე ირიცხება, ანუ ის კრედიტორებთან კოლექტიურადაა პასუხისმგებელი. ეს ორი სამართლებრივი ფორმა საქართველოში ყველაზე პოპულარულია. თუმცა თქვენ ბიზნესის სამართლებრივი ფორმა არა ამ ფაქტის გამო უნდა აირჩიოთ, არამედ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: ბიზნესის მასშტაბი და სფერო, თქვენი გამოცდილება, უნარები, პროდუქციის წარმოება და მომსახურება.
პროდუქციის წარმოება და მომსახურების გაწევა ხშირად მოითხოვს სახელმწიფოსგან ნებართვებს ან/და ლიცენზიებს. კანონით თქვენი საქმიანობის ლიცენზირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ ის უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეებს ან სახელმწიფო ინტერესის სფეროებს. ამასთან ლიცენზირება/ნებართვების კიდე ერთი პირობაა მათი გონივრულობა, ანუ ის, რომ მათი გაცემით შესაძლებელი უნდა იყოს მსგავსი საფრთხეების შემცირება. მსგავსი რეგულირების ძირითადი პრინციპებია: 1) ადამიანის უსაფრთხოება და დაცვა, 2) ადამიანის საცხოვრებლის და კულტურული გარემოს დაცვა, 3) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.
  ლიცენზიები გაიცემა შემდეგ სფეროებში: სამხედრო პროდუქტებით ვაჭრობა, ბავშვთა კვების წარმოება/დაფასოება, კერძო მაუწყებლობა, საბანკო საქმიანობა, სასწრაფო სამედიცინო საქმიანობა, კერძო დაცვითი მომსახურება, წიაღისეულის მოპოვება, ნავთობის და გაზის რესურსების გამოყენება და სხვა. ნებართვები კი გაიცემა: გარე რეკლამაზე, საქალაქო სამგზავრო გადაყვანაზე, ვეტერინალურ პროდუქტებზე, გარემოს ზემოქმედებაზე, მშენებლობაზე და სხვა.
ლიცენზიას ან ნებართვას, როგორც წესი, გასცემს ის ორგანო, რომლის კომპეტენციაცაა კონკრეტული საქმიანობის რეგულირება. მაგალითად, სამხედრო პროდუქციასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გარე რეკლამის განთავსების ნებართვებს თბილისის მერია და ა.შ. ლიცენზიების და ნებართვების გაცემის წესებს, ვადებს და სხვა დეტალებს ნახავთ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში. ამ კანონის დარღვევა, რაც მოიაზრებს კონკრეტული ვადების ან სხვა პირობების უგულვებელყოფას, თქვენს დაჯარიმებას გამოიწვევს. ჯარიმები კი არცერთი ბიზნესისთვის არაა სასიხარულო ამბავი.
მას შემდეგ რაც აირჩევთ თქვენს სამეწარმეო სამართლებრივ ფორმას და გაარკვევთ გჭირდებათ თუ არა თქვენი ბიზნესისთვის ლიცენზია ან/და ნებართვა, დროა დაარეგისტრიროთ ბიზნესი. ეს კი ჩვენს ქვეყანაში მარტივი საქმეა. ინდივიდუალური მეწარმის ან შპს-ს დასარეგისტრირებლად თქვენ მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა დაგჭირდებათ იუსტიციის სახლში. ასევე ბიზნესის სხვადასხვა ფორმის არჩევასთან, ლიცენზიებთან ან ნებართვებთან დაკავშირებით კონსულტაციის გავლა შეგიძლიათ უბნის საგადასახადო ოფიცრებთან მთელი საქართველოს მაშტაბით.

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადასახადები საქართველოში

VS