in

გადასახადები საქართველოში

რა გადასახადებს ვიხდით საქართველოში?

საქართველოში ექვსი მთავარი გადასახადი მოქმედებს და ორ კატეგორიად იყოფა: საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, და მათი გადახდა სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი და იმპორტის გადასახადი. ასევე გვაქვს ადგილობრივი გადასახადებიც, რომელსაც მხოლოდ ქონების გადასახადი შეადგენს. ადგილობრივი გადასახადი ნიშნავს, რომ მას (ქონების გადასახადს) ყველა ადგილობრივი ერთეული თავის ნებაზე ადგენს.
 გადასახადებს ყველა ვიხდით და ქვეყნის ბიუჯეტის 80%-ზე მეტი სწორედ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებისგან შედგება, ამიტომ მნიშვნელოვანია ზოგადად მაინც ვიცოდეთ თუ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი.
   საშემოსავლო გადასახადი
საშემოსავლო გადასახადი საქართველოში სიდიდით მთავარი გადასახადია, რომელიც ძირითადად მთლიანი დასაბეგრი რაოდენობის 20%-ს შეადგენს. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: ონლაინ აზარტული თამაშებიდან მიღებული მოგება 10%-ით იბეგრება, ასევე ქირისგან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 5%-ით. გადამხდელებს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები პირები, ასევე არამცხოვრები ადამიანებიც, რომლებიც შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან. ტექნიკურად, საქართველოში არამცხოვრებად ითვლება პირი, თუ მას ქვეყანაში 183 დღეზე ნაკლები აქვს გატარებული მოცემული წლის განმავლობაში. ეს ეხება ქართველ დიპლომატებსაც, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ იღებენ ანაზღაურებას ქართული ბიუჯეტიდან. არსებობს “საშემოსავლოს” გადახდის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების შემთხვევებიც. მსგავსი შემთხვევებია მაგალითად, თუ ინდივიდის დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლებია და წარმოადგებს შშმ პირს, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირს ან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირს. ასევე თუ გაქვთ „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება, გილოცავთ, საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდით.
   დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოს, მომსახურების, წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილი, რომელიც ბიუჯეტში სავალდებულო შენატანია. ეს ასევე ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ ყველა დასაბეგრ საქონლზეც. დღგ დგინდება მიწოდებული საქონლის ფასზე დანამატის სახით და ამჟამად 18%-ს შეადგენს. დღგ არაპირდაპირ გადასახადად ითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღგ-ს ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს. “შეტანის ვალდებულება” გადასახადის გადახდას არ ნიშნავს. რეალურად, მას მომხმარებელი იხდის საქონლის, დღგ-თი გაზრდილი ფასით, შეძენისას. ყველა საქონელი არ იბეგრება დღგ-თი. ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ჩვილთა და დიაბეტური პროდუქტები, ხორბალი და დაკრძალვის რიტუალთან ასოცირებული ხარჯებიც. ჰმმმ.
აქციზი
აქციზით ძირითადად იბეგრება ადამიანისთვის და გარემოსთვის მავნე პროდუქტები, როგორიცაა ალკოჰოლიანი სასმლები, თამბაქოს ნაწარმი, ავტომობილები, ნავთობპროდუქტები და ასე შემდეგ. აქედან ზოგიერთი პროდუქტი კი ექვემდებარება აქციზურ მარკირებას (აი ის ბჭყვიალა სტიკერები, თუ გახსოვთ პროდუქტებზე მიკრული): ალკოჰოლი, თამბაქო, ელ. სიგარეტის სითხეები და ზოგადად ნიკოტინის და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები. აქციზის გადასახადი უნიკალურია, რადგან ის საქართველოში (ჯერჯერობით) ერთადერთ გადასახადს წარმოადგენს, რომლის შეცვლას საქართველოს მთავრობას სურვილისამებრ შეუძლია. სხვა გადასახადების შესაცვლელად კი მას ხალხის პირდაპირი მხარდაჭერა სჭირდება საჯარო რეფერენდუმის გავლით. ამ უკანასკნელის ალბათობა კი ნაკლებია, რადგან. . . . თქვენ მხარს დაუჭერდით გადასახადების გაზრდას?! ალბათ არა. მართლაც, საქართველოში ბოლო ორ ათწლეულში რეფერენდუმის გავლით გადასახადების გაზრდის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. სამაგიეროდ, ამ პერიოდში აქციზი ბევრჯერ გაიზარდა ბიუჯეტის შესავსებად. აქციზი დღგ-ს მსგავსად არაპირდაპირი გადასახადია, რომლის შეტანა ბიუჯეტში მიმწოდებელს, მაგრამ გადახდა ჩვენ გვიწევს. მაგრამ რამდენის? პროდუქტს გააჩნია. ყოველ აქციზურ საქონელს თავისი დაბეგვრის წესი და განაკვეთი აქვს. ალკოჰოლიანი სასმლისთვის აქციზის განაკვეთი მისი მოცულობით და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება; თამბაქოს ნაწარმისთვის – მისი რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით; ნავთობპროდუქტისთვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით); მსუბუქი ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით; ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისთვის ან/და ბუნებრივი აირისთვის – აირის მოცულობით; ელექტრონული სიგარეტის სითხისთვის − სითხის მოცულობით. კოდექსში ეს ყველაფერი ცხრილების სახითაა მოცემული და საკმაოდ მარტივად მოსაძებნია. ამ გადასახადისგან გათავისუფლება ძირითად შემთხვევებში მაშინ ხდება, როცა პროდუქტი ეკონომიკური საქმიანობისთვის არ გჭირდებათ და პირადი მოხმარებისთვისაა. რათქმაუნდა არსებობს პროდუქტების მაქსიმალური რაოდენობები, რომელიც ამ წესს არეგულირებს: თამბაქოს პროდუქტებისთვის ეს 200 ღერი სიგარეტი, 50 სიგარა ან 50 სიგარილაა.
  იმპორტის გადასახადი
ახლა იმპორტის გადასახადზე ვისაუბროთ ორი სიტყვით. იმპორტის გადამხდელია ყველა, ვინც საქართველოს საბაჟოზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტის მიზნისა. დაბეგვრის ობიექტი კი ამ საქონლის მთლიანი ღირებულებაა, ანუ არა მხოლოდ თვითღირებულება, არამედ გადაზიდვის და ყველა სხვა ქმედების ღირებულებაც, რომელიც ამ საქონლის ერთი ადგილიდან მეორემდე მიტანას ემსახურებოდა. იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5% ან 12%. ბოსტნეული, ხილი და ცხენის ხორცი 12 %-ით იბეგრება. საგადასახადო კოდექსში ამ ინფორმაციის ნახვაც შეგილიათ. თუ რაიმეს იმპორტს გადაწყვეტთ,  შესაბამის ცხრილში შეგიძლიათ მოძებნოთ თუ რომელი განაკვეთით დაიბეგრება თქვენი პროდუქტი. იმპორტის გადასახადისგან კი გათავისუფლდებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ დააპირებთ ამ პროდუქტების შემოტანას: ბავშვთა და დიაბეტური კვების პროდუქტები, სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყენებული საქონელი, ან ის საქონლი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი კრედიტით. სია გრძელია და სრული ინფორმაციის მოძიება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
  ქონების გადასახადი
ქონების გადასახადით იბეგრება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და სხვები. ქონების დეკლარაციის წარგენის და შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისთვის ორი პირობაა: 1) თუ, საქართველოს ტერიტორიაზე გაგაჩნიათ დასაბეგრი ქონება და თქვენი ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს, და 2) თუ საქართველოს ტერიტორიაზე გაგაჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა. საგადასახადო შეღავათი მოქმედებს რამდენიმე შემთხვევაში: მაგალითად თუ საკუთრებაში არსებული მიწა 5 ჰექტარზე ნაკლები ზომისაა, ასევე თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მოსავლის უმეტესობა მეწყერით ან სხვა სტიქიური უბედურების შედეგადაა განადგურებული. კიდევ ერთი საშეღავათო პირობაა ის თუ თქვენ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი გაქვთ.

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბიბლიოთეკარი თუ ფერმერი? – ბაიესის თეორემა

ბიზნესის რეგისტრაცია/ლიცენზია