თუ სამოგზაუროდ უცხო ქვეყანაში ყოფილხართ შეამჩნევდით, რომ საქართველოს ტერიტორიის გარეთ ლარის გამოყენება შეუძლებელია და თქვენი ფულის უცხოურ ვალუტაში გადახურდავება გჭირდებათ. მაგრამ როგორ უნდა გაიგოთ რამდენი ლარია საჭირო სხვა ქვეყანაში სასურველი ნივთის საყიდლად, რომელიც მაგალითად 100 ევრო ღირს? ამისთვის ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცვლით კურსს იყენებენ, რომელიც არის ის თანაფარდობა, რომლითაც ერთი ვალუტა გადაიცვლება მეორე ვალუტაში. მაგალითად, თუ გაცვლითი კურსი ლარი/ევრო 2.80-ია, 100 ევროიანი ტანაცმლის შესაძენად თქვენ 280 ქართული ლარი დაგჭირდებათ. ახლა კი, სანამ შევისწავლით გაცვლითი კურსის ტიპებს და მისი დადგენის მექანიზმებს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ვალუტა და რითი განსხვავდება ის ფულისგან.
ფული და ვალუტა
ტერმინები ფული და ვალუტა ხშირად ერთმანეთის შემცვლელად იხმარება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავშირებულია, მათ განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ. ფული შედარებით ფართო ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ღირებულების არამატერიალურ სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის საქონლისა და მომსახურების გაცვლას და დაგროვებას. ვალუტა კი ფულის ხელშესახები ფორმაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვალუტა არის ფული ქაღალდისა და მონეტების სახით, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება. სხვადასხვა ვალუტა იქმნება და გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნების მიერ მთელს მსოფლიოში. მაგალითად, შვედეთი ოფიციალურ ვალუტად შვედურ ფრანკს იყენებს, ამერიკა დოლარს, თურქეთი ლირას და ა.შ. თუმცა ყველა ქვეყანას არ აქვს თავისი ვალუტა. ევროზონის შემადგენელი ქვეყნები, მაგალითად გერმანია და საფრანგეთი, იყენებენ “ევროს” და გააჩნიათ ერთმანეთის მსგავსი მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ძირითადად ევროპის ცენტრალური ბანკი წარმართავს. ასევე, მსოფლიში 8 ქვეყანა ამერიკულ დოლარს ოფიციალურ ვალუტად იყენებს და 65 ქვეყანა თავის ვალუტას პირდაპირ უერთებს მას.
სავალუტო ბაზარები
სწორედ სავალუტო ბაზარები განსაზღვრავენ ვალუტების გაცვლით კურსს მთელს მსოფლიოში. ეს გლობალური ბაზრები შედგება ბანკებისგან, დილერებისგან, კომერციული კომპანიებისგან, ცენტრალური ბანკებისგან, ჰეჯ-ფონდებისგან, ინვესტორებისგან და სხვა საინვესტიციო აქტორებისგან. ამ ბაზრებზე მონაწილეებს შეუძლიათ იყიდონ, გაყიდონ და გაცვალონ სხვადასხვა ვალუტები. ვალუტები ყოველთვის წყვილ-წყვილად ივაჭრება, ამიტომ ამ წყვილში ერთი ვალუტის ღირებულება შედარებითია მეორესთან მიმართებით და არა აბსოლიტური. მაგალითად ქართულ ლარს სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებით განსხვავებული კურსი და სიძლიერე აქვს. ეს შედარებითი “სიძლიერე” განსაზღვრავს თუ რამდენი A ქვეყნის ვალუტაა საჭირო B ქვეყნის ვალუტის საყიდლად და პირიქით. გაცვლით კურსზე და ვალუტის სიძლიერეზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, როგორიცაა ვალუტაზე მოთხოვნა, ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღე, ეროვნული ბანკის მოქმედეგები და სხვა ეკონომიკური ფაქტორები. საბოლოოდ გლობალურ ბაზრებზე ამ ურთიერთობის (ფასის) დამყარება სავალუტო ბაზრის მთავარი ფუნქციაა.
მცურავი vs ფიქსირებული გაცვლითი კურსი
ფიქსირებული, იგივე უცვლელი გაცვლითი კურსი არის ისეთი ვალუტის კურსი, რომელსაც მთავრობა (ცენტრალური ბანკი) ადგენს და ინარჩუნებს, როგორც ოფიციალური გაცვლით განაკვეთს. რადგან ვალუტების ღირებულება წყვილებში განისაძღვრება, მსგავსი ფიქსირებული ფასები ხშირად მიბმულია ძირითად მსოფლიო ვალუტებთან (ჩვეულებრივ, აშშ დოლართან, მაგრამ ასევე ალტერნატივებია: ევრო, იენი და სხვა). ადგილობრივი ვალუტის კურსის შენარჩუნების მიზნით, ცენტრალური ბანკი ყიდულობს და ყიდის საკუთარ ვალუტას სავალუტო ბაზარზე იმ ვალუტის სანაცვლოდ, რომლითაც ის არის მიბმული. რადგან მსგავსი ოპერაციები მუდმივი სავალუტო კურსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ცენტრალური ბანკები ცდილობენ ჰქონდეთ დიდი სავალუტო რეზერვები. ამ რეზერვებში შეიძლება შედიოდეს, ოქრო, ვერცხლი, ამერიკული დოლარი და ნავთობიც კი.
ფიქსირებული კურსისგან განსხვავებით, მცურავი გაცვლითი კურსი კი განისაზღვრება კერძო ბაზრების მიერ მოთხოვნა-მიწოდების გზით. მცურავ განაკვეთს ხშირად უწოდებენ “თვითკორექტირებადს”, რადგან ნებისმიერი აცდენა მიწოდებასა და მოთხოვნაში ავტომატურად გამოსწორდება ბაზარზე. მაგალითად, თუ ვალუტაზე მოთხოვნა მაღალია, მისი ღირებულება გაიზრდება. ამ ვალუტის ღირებულების გაზრდით კი, ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ მეტი პროდუქტი იყიდონ სხვა ქვეყნებიდან ვიდრე ადრე შეეძლოთ. შესაბამისად, იმპორტირებული საქონელი მოსახლეობისთვის გაიაფდება და ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდება. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს უფრო ნაკლებ სამუშაო ადგილს, და ა.შ, რაც გამოიწვევს ავტომატურ ბაზრის კორექტირებას და დააბალანსებს (შეცვლის) სავალუტო განაკვეთს. ამ სისტემაში, გაცვლითი კურსი მუდმივად იცვლება და ამიტომაც უწოდებენ მას “მცურავს”. ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსი კარგად მუშაობს განვითარებადი ეკონომიკებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სტაბილური მონეტარული პოლიტიკა, რადგან ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მცურავი გაცვლითი კურსი კი უკეთესად მუშაობს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ სტაბილური და ეფექტური მონეტარული პოლიტიკა.
GIPHY App Key not set. Please check settings