შვეიცარია მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, სადაც მშპ 1 სულ მოსახლეზე 80 000 დოლარია.
ის 26 ადმინისტრაციულ ერთეულად, კანტონებადაა დაყოფილი, რომელთაც კონსტიტუცია, საგარეო პოლიტიკა და ვალუტა აერთიანებთ, დანარჩენ გადაწყვეტილებებში კი დამოუკიდებლები არიან.
შვეიცარიის წარმატება ბევრმა ფაქტორმა: პოლიტ-ეკონომიკურმა წყობამ, განათლებისა და სასამართლო სისტემებმა და ზოგადად, ქვეყნის საზოგადოებამ განაპირობა. შვეიცარიაში პირდაპირი დემოკრატიაა, რეფერენდუმის, ანუ სახალხო გამოკითხვით საფუძველზე წყვეტენ სხვადასხვა დონის მნიშვნელობის საკითხს, იქნება ეს ცვლილება კონსტიტუციაში, საგადასახადო თუ სატრანსპორტო სისტემაში თუ უბრალოდ გადაწყვეტილება ახალი სკოლის აშენების შესახებ.
საგადასახადო სისტემა კანტონების მიხედვით ცვლადია. მაგალითად თუ ერთ კანტონში 14%-იანი საშემოსავლოს გადახდა გიწევს, მეორეში მხოლოდ 4% მოგიწევს, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით შვეიცარიის გადასახადები მცირეა.
განათლების გამართული სისტემა მოსწავლეებსა და სტუდენტებს მსოფლიოში კონკურენტუნარიან განათლებას აძლევს, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა კი სტაბილურობისა და სამართლიანობის შეგრძნებას აჩენს ადამიანებში.
შვეიცარელები შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გამოირჩევიან და ზოგიერთი ქარხანა და ოფისი მუშაობას დილის 7 საათზეც კი იწყებს.
შვეიცარია გამორჩეულია საბანკო სისტემით, რომელიც იმდენად სანდოა, რომ უარყოფითი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც კი მზად არიან ფული შვეიცარიის ბანკში შეინახონ. ანუ, თუ სხვა ქვეყანაში ბანკი ფულის შეტანის შემთხვევაში თვითონ გიმატებს თანხას, შვეიცარიის ბანკი, პირიქით – გართმევს. თუმცა, ბევრი ბიზნესმენი მზად არის დაცულობასა და უსაფრთხოებაში ეს თანხა გადაიხადოს.
როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, შვეიცარიის მთლიანი შიდა პროდუქტის 74% მოდის სერვისებზე, 25 % წარმოებაზე, აგრარულ სექტორზე კი მხოლოდ 1%.
სიტყვა „შვეიცარული“ „ხარისხიანის“ სინონიმადაა ნაქცევი: ნესტლე, სვოჩი, ვიქტორინოქსი, როლექსი მსოფლიოში ცნობილი შვეიცარული ბრენდებია. სხვათაშორის, შვეიცარულია შტადლერის მატარებელიც, რომელიც თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მოძრაობს.
Special thanks to Dr. Martin Janssen, Professor of Financial Economics and Founder of ECOFIN Group, for coworking on this video
GIPHY App Key not set. Please check settings