in

ილიას ეკონომიკური პოლემიკა

“ეკონომიკურს მხარეს პირველი ადგილი უნდა დაეთმოს სხვა საზრუნავთა შორის; ეკონომიკური ცხოვრების მოედანზე უნდა ვეძიოთ ღონე ჩვენის გაძლიერებისა” – ეს ფრაზა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. 

სიტყვები “ეკონომიკა”, “ფული”, “ბანკი”, “აღებ-მიცემობა”, “ვაჭრობის თავისუფალი პრინციპი” და ა.შ.  რელიგიასთან პირდაპირ ასოციაციური არ არის, ამიტომ მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგ, ილიას ეკონომიკური მოსაზრებები ნაწილობრივ გადაიფარა. 

თუმცა, ილია საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ერთ-ერთი ან ყველაზე მთავარი ფიგურაა. მისი პუბლიცისტიკა და წერილების დიდი ნაწილი ეხება ხედვებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ. ილიას აზრები ჩვენს ეკონომიკას და დროს უსწრებს, ამიტომ ის დღესაც აქტუალურია და როგორც თავად ილია – “მართალია”. “ილიას გზაზე” სიარულში კი არაფერი დაგვეხმარება ისე, როგორც სხვადასხვა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხზე, მისი აზრების გათვალისწინება.

აქტიური სოციალური და ეკონომიკური საქმიანობების გამო, ილიას თავის თანამედროვეობაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა: წერეთელი, ნიკოლაძე, ყიფიანი, ჟორდანია…  პირველი ქართული სათავადაზნაური ბანკის დამაარსებელს, ბევრი კრიტიკოსისთვის მოუწია პასუხის გაცემა წერილებითა და სტატიებით. სავარაუდოდ, მაშინ რომ სოციალურ ქსელებს ეარსება, დღეს ილიასა და დანარჩენების კამათის სქრინები გვექნებოდა შემონახული. 

ნახეთ მისი პოლემიკა ნ.ნიკოლაძესთან და ა.წერეთელთან (წერილების სრულ ვერსიას სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკებში იპოვით): 

ილია VS ნ.ნიკოლაძე

გაზეთ “დროებაში” ნ.ნიკოლაძეს სტატია „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაუბეჭდავს, რაზეც ილიამ ვრცლად ისეთი პასუხი გასცა, რომელსაც დასკვნაში დაუწერა: 

“მე რომ უფ. ნიკოლაძის ადგილს ვყოფილიყავ, ხელს მოვიჭრიდი და იმისთანა სტატიას კი არ დავსწერდი, რომელიც უმეცრებასა და უვიცობას საღერღელს უხსნის და ფრთას ასხამს.”

მაინც რას წერს ნიკოლაძე და რას პასუხობს ილია? 

ნიკოლაძე ამბობს, ბანკის წესდების შემადგენელის მიზანი ის უნდა იყოს, რომ მამულები არ წაგვივიდეს ხელიდანო, რაზეც ილია პასუხობს: “როგორ? მამულს გირაოდ აძლევს ბანკსა და თუ პირობა არ შეუსრულე, გინდა, რომ მამული ისევ შენ დაგრჩეს. მაშ გირაო რის გირაოღაა? განა ეგ შესაძლებელია?”

ეს რომ ფაქტობრივად შეუძლებელია, ამას ნიკოლაძეც ხვდება და თავის სტატიაში წერს: “თუ ეგ შეუძლებელია, ისე მაინც უნდა მოხერხებულიყოო საქმე, რომ გარემთიელებს არ შეესყიდათ ჩვენი მამულებიო”

ამისთვის ნიკოლაძეს ერთი გზაც მოუფიქრებია, რომელსაც ილია “სასაცილოდ”, ვაჭრობის თავისუფალი კონკურენციის მომსპობად და ადამიანის პირადი თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს. 

ნიკოლაძე: ვთქვათ მყავს 20 მეზობელი 

(ილია: რომ არ მყავდეს?)

ნიკოლაძე: მეზობლები, რომელთაც ჩემი მამულის უცხო ხელში ჩავარდნა ეწყინებათ

(ილია: რომ არ ეწყინოთ?)

ნიკოლაძე: დავუშვათ ჩემი მამული მოსწონს და მომგებიანად მიაჩნია სამეზობლოს

(ილია: რომ არ მიაჩნდეს?)

ნიკოლაძე: ასეთ სამეზობლოს წინასწარ გაურიგდეს ბანკი, რომ თუ დამგირავებელი კრედიტს ვერ გადაიხდის, გლეხებმა წინასწარ შეთანხმებულ ფასში იყიდონ ეს მამული.

ილია: “მეზობლებმა რომ გითხრან, ჩვენსას როგორ ვუპატრონოთ ის არ ვიცით, თქვენი რაღად გვინდაო მაშინ? ან მამულის პატრონი რომ მოსულიყო და ეთქვა, ერთი ურიაა და მეტს მაძლევს მიწაში, არ ვარ თანახმა მეზობელს უფრო იაფად მივყიდოო – მაშინ რა ძალით, რა სამართლით, რა კანონით შეუკრავდით ხელ-ფეხს მამულის პატრონს?”

ილიას სხვებზე მიწის მიყიდვა არ უხაროდა, ის ამას სამწუხარო მოვლენას უწოდებდა, თუმცა მაინც წინააღმდეგი იყო ადამიანისთვის შეეზღუდათ საკუთარი ქონების განკარგვა – ეს მისი აზრით პირადი თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ეკონომიკისთვის წამგებიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. 

ილია vs აკაკი

გაზეთ “ივერიაში”, აკაკი წერეთლის სტატიას, 1886 წლის 24 მაისს უპასუხა ილიამ. აკაკის ბანკის გახსნა გაუპროტესტებია, უთქვამს: ყველაფერს შესაფერისი დრო სჭირდება და ჩვენი ხალხისთვის ბანკი ჯერ ადრე იყო, ვერ მოიხმარენ კეთილადო. 

ილია პასუხობს, რომ ეს არგუმენტი “ხშირად ახლის წინააღმდეგ მოჰყავთ ხოლმე ძველის მომხრეებს” და ის, რაც ერთმა საზოგადოებამ საუკუნეების მომზადების შედეგად შექმნა, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ავითვისოთო. საადგილმამულო ბანკი ისეთ ქვეყნებშიც გახსნილა სადაც მიწათმფლობელთა საქმე ბევრად უარესი იყო, მაგრამ მაინც გამოადგათო. 

აკაკი წერს: ჩვენმა ხალხმა, დღესაც არ იცის, თუ როგორ უნდა მოხმარება ფულსაო; ბანკიდან გამოტანილ კრედიტს, ქართველი ეგრევე გაფლანგავს და ვალი დარჩებაო. 

ილია პასუხობს, ეს იგივეა რკინიგზის გაყვანის წინააღმდეგი იყო იმ მიზეზით, რომ ქართველი სახლში აღარ დადგება და ოჯახებზე საბოლოოდ ხელს აიღებსო. 

“ნუთუ აქედამ ის გამოდის, რომ რკინისგზა ჩვენთვის მავნებელია? არა გვგონია. როგორც რკინისგზა არ არის მავნებელი იმით, რომ ადვილად სასიარულო სახსარი მოგვცა, ისეც ბანკი, რომ ძნელად საშოვარი ფული ადვილად საშოვარი გაგვიხადა. ბანკი არაფერს შუაშია, თუ ვინმე ფულს გაიტანს იმისათვის, რომ წყალში გადაჰყაროს, ან ტყუილ-უბრალოდ, უხეიროდ გაჰფლანგოს. განა უბანკოდ დიდ-დიდნი მამულები კი არ გაუფლანგავთ!.. გამოდის, რომ მამულები არა ჰქონოდათ, არც გაჰფლანგავდნენ. მაშ მამულის ქონვაც მავნებელი ყოფილა. ვის დაუშრია წყალი იმიტომ, რომ ზოგიერთს გაუფრთხილებელს კაცს არჩობს? არა, ბატონებო! თუ ვალის ამღებმა ვალი იმიტომ აიღო, რომ ფული შეჭამოს, იმას არა უშველის-რა, იმას არა იხსნის-რა მიწასთან გასწორებისაგან. ყოველი წესი, რიგი, დაწყობილობა, სიკეთე, მარტო წინდახედულის, ფრთხილის, გონიერის კაცისათვის არის ქვეყნიერებაზედ და არა გიჟისა და დამთხვეულისათვის. გიჟი, დამთხვეული, დღეს იქნება თუ ხვალე, კლდეზედ უნდა გადავარდეს, ამ ბედს იგი არსად არ წაუვა. აქაო და ქვეყანაზედ გიჟები არიანო, ჭკუიანებისათვისაც ხელმოსაცვლელს და ხელთშესაწყობსაც ნურას იზამთო, — ეგ მეტისმეტი თავდაუჭერელი, შეუწყნარებელი და საუბედურო სურვილია.”

ჭავჭავაძე აუცილებლად მიიჩნევდა, რომ ადამიანს კრედიტი “მეტი ფულის საშოვნელად” გამოეტანა და ეკონომიკურად გაძლიერებულიყო და არა.”ჭერში ქუდის სროლით ლხინში” გაეფლანგა. ვინც “ფულს საქმეს მოახმარებს და შემოსავალს გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი მისწრაფებაა”, ხოლო ვინც გაფლანგავს იმისთვის მავნებელიო. 

“ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“: https://gdi.ge/uploads/other/1/1008.pdf

“პოლემიკა დიმიტრი ყიფიანთან და აკაკი წერეთელთან”: https://gdi.ge/uploads/other/1/1013.pdf

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკონომიკის ანბანური ტესტი | გ

ილიას ფრაზებს გამოიცნობ?