in

ჩრდილოეთ კორეის “ეკონომიკა”

თანამედროვე მსოფლიოში ძნელი წარმოსადგენია ეკონომიკა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გარეშე. თუმცა, არსებობს ისეთი ჩაკეტილი ქვეყანაც, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა. საინტერესოა, როგორ მუშაობს მისი ეკონომიკა?

ქვეყნის ნომინალური მშპ 28 მლრდ აშშ დოლარია. ისინი არ ვაჭრობენ საერთაშორისო ბაზარზე და მათი ეკონომიკა ძირითადად უცხოურ დახმარებებზე დგას. 

როგორ იღებს უცხოურ დახმარებებს ჩრდ კორეა? 

ჩრდ კორეას ზოგჯერ ატირებულ ბავშვს ადარებენ, რომელიც არ გაჩუმდება, სანამ შოკოლადს არ უყიდი. მათი “იარაღი” ბირთვული ენერგიაა. ქვეყანას აგრესიული პოლიტიკა აქვს – მუქარების გამო აშშ იძულებულია, რომ დასამშვიდებლად სანქციები შეუმსუბუქოს ან საკვებით დაეხმაროს. 

რაღაც დროის შემდეგ მუქარები ისევ მეორდება. და მსოფლიო ისევ მზადაა, ჩრდ კორეას დაეხმარება გაუგზავნოს. ბირთვული შესაძლებლობა არის ის ძალა, რომელმაც ჩრდ კორეის ტოტალიტარული რეჟიმი დღემდე მოიყვანა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გაყოფის მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიები იყო, სამხრეთ ნაწილი კაპიტალისტური, ჩრდილოეთი კი კომუნისტური იყო. შედეგად ორი ქვეყანა გაჩნდა – ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. 

ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა, კომუნისტური ჩინეთისა და სსრკ-ს დახმარებით სამხრეთ კორეაზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ჩრდილოეთ კორეაში მთავრობა განკარგავდა წარმოებას, ინვესტიციებსა და კაპიტალურ საქონელს. მისი ეკონომიკა ცენტრალურად იყო დაგეგმილი. კორეის უზენაესი სახალხო კრება იმუშავებდა გეგმებს, რომლებიც  თავდაპირველად პორტების მშენებლობაზე, მოსავლიანობის ზრდაზე, სავაჭრო შეთანხმებების მიღებასა და ჯარის განვითარებაზე აკეთებდა აქცენტებს.

მართალია, ომის შემდეგ ჩრდ კორეამ ძალიან დაბალი საფეხურიდან დაიწყო განვითარება, თუმცა შეძლო ბუნებრივი რესურსების კომუნისტი პარტნიორებისთვის მიყიდვა. სანაცვლოდ კი ტექნიკას და იმ გამოცდილებას იღებდა, რომელიც ინდუსტრიალიზაციაში დაეხმარებოდა. 

ჩრდილოეთ კორეის განვითარების ტემპი 1960-იანი წლების შუიდან შენელდა. ამ დროს მთავრობა მეოთხე ცენტრალურ გეგმას ასრულებდა. ეს შვიდწლიანი გეგმა მოიაზრებდა ინდუსტრიალიზაციას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, თუმცა ცხადი იყო, რომ ჩრდ კორეა ვერ შეძლებდა ამ გეგმის შესრულებას. 

ამ პერიოდში კაპიტალისტური ქვეყნები, განსაკუთრებით კი აშშ, გააქტიურდნენ. მათ სურდათ, რომ კომუნიზმის გავრცელება შეეჩერებინათ. ამიტომ ჩრდ კორეის მთავრობამ თავდაცვაზე დაიწყო ბიუჯეტის ხარჯვა. 1965 წელს ეკონომიკით მცირე სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეას ზრდის ტემპით გაუსწრო.

ზრდის ტემპის ვარდნამ ჩრდ კორეა 70-იანი წლების კრიზისამდე მიიყვანა. ქვეყანა ცდილობდა, ბიუჯეტი საგარეო ვალით შეევსო, რის გამოც ძალიან დიდი ვალი დაედო. მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტის 25%-ს ჯარს ახარჯავდა.

ცუდად და მეტისმეტად დაგეგმილი ეკონომიკისა და დიდი თავდაცვითი ხარჯების გამო 80-იან წლებში ჩრდ კორეის საგარეო ვალმა იმ ნიშნულს მიაღწია, რომლის შემდეგაც აღარ შეეძლოთ სესხება. ამ ფინანსურ პრობლემას გვალვაც მოჰყვა, რამაც შიმშილობა გამოიწვია. გარდაცვლილთა ზუსტ რაოდენობას მალავენ, სავარაუდო რიცხვები კი განსხვავდება ერთმანეთისგან და 200 000-დან 3 000 000-მდე მერყეობს. 

გლეხების მოყვანილ მოსავალს მთავრობა ანაწილებდა. ეს მოდელი მუშაობდა 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში. თუმცა 1994 წელს საკვების პორცია 450, 1997 წელს კი 128 გრამამდე შემცირდა. მთავრობას შეეძლო მოსახლეობის მხოლოდ 6%-ის დაპურება. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სამხრეთის მეზობელმა ჩრდ კორეას მარტივად გადაუსწრო ეკონომიკაში და გააგრძელა ზრდა.

1980-იან წლებში ჩრდ კორეას ძალიან უჭირდა. ის ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის იმედზე იყო. ეს ქვეყნები მზად იყვნენ, დახმარებოდნენ ჩრდ კორეას ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ. მათ სხვა მიზეზიც ჰქონდათ – სურდათ, მსოფლიოსთვის დაემტკიცებინათ, რომ კომუნიზმს მომავალი აქვს. 

1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩრდ კორეამ მოკავშირე დაკარგა. მას მოუწია ადაპტაცია. მალე მთავრობამ ახალი სამწლიანი გეგმა გამოცხადა. აქცენტი კეთდებოდა სოფლის მეურნეობაზე, მსუბუქ მრეწველობასა და უცხოურ ვაჭრობაზე. გეგმა კარგად ჟღერდა, თუმცა შესრულება მარტივი არ იყო. 

ჩრდ კორეას აღარ ჰქონდა სასუქის მარაგი, რომელსაც წარსულში საბჭოთა კავშირი აწვდიდა. ტექნიკური ცოდნის სიმწირის  გამო ვერ აშენებდნენ საჭირო მანქანა-დანადგარებს. ვერც უცხოეთიდან ყიდულობდნენ, რადგან მათთან საქმის დაჭერა არავის სურდა. შესაბამისად, ინფრასტრუქტურაში ივნესტიციები უაზრო აღმოჩნდა. საგარეო ვალის გამო შეუძლებელი იყო უცხოელებთან შეთანხმებების მიღწევა. ქვეყანა ვერ აწარმოებდა იმდენ საქონელს რომ ევაჭრა. 

ვაჭრობის არ ქონა ისეთი მცირე ეკონომიკისთვის, როგორიც ჩრდ კორეას ჰქონდა, დამღუპველი აღმოჩნდა. 

ქვეყნის ეკონომიკა იმ ზღვრამდე მივიდა, რომ მზად იყვნენ ნებისმიერი რამ ეღონათ ეკონომიკის გადასარჩენად. შედეგად ჩრდ კორეაში კერძო საკუთრების იდეა გაჩნდა. 2009-2013 წლებში მცირე საწარმოების შეზღუდვებით, თუმცა მაინც პრივატიზაცია დაიწყო. 

2014 წელს საწარმოების აქტი შეიცვალა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს უფლება მიეცათ, უცხოელებთან ეთანამშრომლათ და ინვესტიციები არასამთავრობო შიდა არხებიდან მიეღოთ. 

2016 წლისთვის ეკონომიკური ლიბერალიზაცია გაიზარდა, კერძო და სახელმწიფო ფირმებმა ქვეყანას მათი მთლიანი შემოსავლის 20 და 50% მისცეს.

ოფიციალურად თითქმის ყველა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, თუმცა 2010 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% ამბობდა, რომ არაოფიციალურად მუშაობდა. ყველა ცდილობს, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს, ამ გზით გამდიდრებაც კია შესაძლებელი.

გათხოვილ ქალებს შეუძლიათ, საჯარო სამსახურში მუშაობის ნაცვლად სრულ განაკვეთზე მომუშავე დიასახლისად დარეგისტრირდნენ. ეს მათ კერძოდ დასაქმების საშუალებას აძლევს. ქალები ქუჩაში ყიდიან საკვებს, შინ გაკეთებულ ან იმპორტირებულ საქონელს, მაგალითად რუსულ სიგარეტს და ჩინურ ლუდს. ისინი მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ამიტომ, ქალთა უფლებები ჩრდ კორეაში საკმაოდ ძლიერია (რამდენადაც შეიძლება ადამიანის უფლება იყოს ძლიერი ჩრ.კორეაში)

არაოფიციალური ტრანზაქციები ძირითადად ჩინურ ვალუტა უანშია. 2009 წელს ქვეყანაში ბანკნოტები შეიცვალა. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 100 000 ჩრდ კორეული უანის გაცვლა შეეძლო, რის გამოც ბევრმა ოჯახმა დანაზოგის სრულად გადაცვლა ვერ შეძლო. ამ შემთხვევის შემდეგ კორეელები თავიანთ ვალუტას აღარ ენდობიან.

მთავრობამ არალეგალური საქმიანობების შესახებ იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ არ რეაბილიტირებულა ოცდაათწლიანი შიმშილისგან. არაოფიციალურ საქმიანობაში მოსახლეობის ყველა ფენაა ჩართული. 

რატომ აწყობს ჩინეთს ჩრდ კორეის არსებობა? 

ჩრდ კორეის დაშლის შემთხვევაში 25 მლნ არაკვლიფიციური კორეელი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში მიგრირდება, სადაც ეკონომიკა ისედაც სუსტია. გარდა ამისა, ჩრდ კორეა ბუფერია სამხრეთში განლაგებულ აშშ ძალებსა და ჩინეთს შორის. ჩინეთს არ სურს მის საზღვრებთან აშშ-ს შეირაღებული ძალები იხილოს.

ჩინეთი არაფერს აკეთებს, რადგან აწყობს ჩრდ კორეის სტაბილურობა. არცერთი მხარე არ დგამს დრამატულ ნაბიჯს – ჩრდ კორეასაც არ სურს მოკავშირის დაკარგვა, რადგან მაგალითი აქვს, როგორ გაუჭირდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ჩრდ კორეა წლების განმავლობაში იღებდა უამრავ დახმარებას, სარგებლობდა სესხის შემსუბუქების პროგრამებით. თუმცა ამჟამად სამხრეთ კორეის ეკონომიკა 60-ჯერ აღემატება ჩრდ კორეის ეკონომიკას, ეს კი კერძო სექტორის არსებობისა და სწორი ინვესტიციების შედეგია.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინფლაცია

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ბ