ეკონომიკური ჯაჭვი ბევრი რგოლისგან: ბიზნესისგან, დასაქმებულისგან, ფინანსური ინსიტუტებისგან, მომხმარებლებისგან და ა.შ. შედგება და ნებისმიერ მათგანში ცვლილება დანარჩენებზეც აისახება.
დავუშვათ, გიორგი რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ბუღალტერია, ფლობს სახლს, რომელსაც ტურისტებზე აქირავებს. სახლს კი დასუფთავების ერთ-ერთი კომპანია ულაგებს. გამოდის, რომ გიორგი თან დასაქმებულია, თან დამსაქმებელი, თან კი ტურისტებს სერვისს უწევს. ამასთანავე ის ყოველდღიურად ჩადის უბნის მაღაზიაში, სადაც შოკოლადსა და პურს ყიდულობს, ანუ ის მომხმარებელიცაა. მას შემდეგ რაც პანდემიის გამო საზღვრები ჩაიკეტა, ტურისტები ვეღარ შემოვიდნენ ქვეყანაში, შესაბამისად გიორგიმ ვეღარ გააქირავა სახლი და აღარც დასუფთავების კომპანია დასჭირდა. სამშენებლო კომპანიამ უფრო ნაკლები სახლები გაყიდა, ვიდრე ელოდებოდა, ამიტომ გიორგის ხელფასი დააკლეს. ანუ გიორგის დააკლდა შემოსავალი ტურისტებისგან და ხელფასიდან – შესაბამისად მაღაზიაში ახლა მხოლოდ პურს ყიდულობს და შოკოლადს ვეღარ.
გამოდის, რომ შოკოლადის კომპანიასაც დააკლდა შემოსავლები იმის გამო, რომ სამშენებლო სექტორმა ნაკლები ბინა გაყიდა – ამიტომ იძულებული გახდა თავისი თანამშრომელი მარისთვისაც დაეკლო ხელფასი.
უფრო მეტიც, მას მანამდე შოკოლადი ექსპორტზეც გაჰქონდა, რასაც პანდემიის გამო ვეღარ ახერხებს, ამიტომ დროებით მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლება მოუწია. რეგულაციების შედეგად ბევრმა ბიზნესმა: კინომ, კაფე-ბარებმა, დასავენებელმა ცენტრებმა და ა.შ. ვეღარ შეძლეს ან შეზღუდულად შეძლეს მუშაობის გაგრძელება და შემცირდა წარმოებაც და შემოსავალიც. მუშაობის გაგრძელება გაუჭირდათ თვითდასაქმებულებსაც: ხელოსნებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, აგრარულ ბაზრებში მომუშავეებს და ა.შ. ყველა: გიორგი, მარი, სამშენებლო და დასუფთავების კომპანია, შოკოლადის ქარხანა, მძღოლი და მაღაზია – ბიუჯეტში გადასახადებს იხდიდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც შემოსავლის რაოდენობა შეუმცირდათ, შეუმცირდათ ასევე ბიუჯეტში გადასახდელი თანხა და ქვეყნის ბიუჯეტშიც ნაკლები ფული შეგროვდა.
ამგვარად პანდემიამ ბევრ ქვეყანაში მოთხოვნა-მიწოდების, ფისკალური და ფინანსური შოკი გამოიწვია და საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3%-იან შემცირებას პროგნოზირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings