in

გადასახადებს ყველანი ვიხდით

“რამდენი გაქვს ხელფასი?” ადამიანების დიდი ნაწილი ამ კითხვაზე გვეტყვის თანხას, რომელსაც ხელზე იღებს. არადა, ჩვენი ხელფასი გაცილებით მეტია და სანამ ანგარიშზე ჩაგვერიცხება, ავტომატურად ეჭრება საშემოსავლო გადასახადი, მთელი თანხის 20%. ხოლო შემდეგ, როცა მის ხარჯვას ვიწყებთ, ყველა ახალი პროდუქტის ყიდვისას კვლავ გვეჭრება გადასახადი.

ალბათ, ვინმე იკითხავს, “რა აზრი აქვს? ჩემთვის მთავარია ჯიბეში რამდენი ფული მედება”, რაც რაღაც მხრივ მართალია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს იმის აღქმა, რომ ბიუჯეტში წასული ფული – რეალურად ჩვენი ფულია, ის, რაც ანგარიშზე გვქონდა და ჩამოგვეჭრა. 

ეს სტატია არ ეხება კითხვებს კარგია თუ ცუდი გადასახადები, რომელი გადასახადი უნდა დავტოვოთ და რამდენი % უნდა იყოს – სანამ მაქამდე მივალთ, აუცილებელია გვქონდეს აღქმა, რომ ჩვენ ყველანი, მდიდრები, ღარიბები, დასაქმებულები, უმუშევრები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები, დიასახლისები, იურისტები – ვიხდით გადასახადებს. 

ბიუჯეტში წასული ჩვენი გადასახადები უნდა იხარჯებოდეს ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტებზე. მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ჰქონდეს აღქმა, რომ ფული, რომელიც ჩამოეჭრა – არის არა ხარკი, რომელიც გადაიხადა, არამედ საფასური იმ პროექტებისა, რომელიც მის სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს და ინტერესდებოდეს, მართლაც ასე ხდება თუ არა. თუ ადამიანისთვის მოსაწონი პროექტი გაკეთდება, იცოდეს, რომ თავისი დამსახურებაცაა და წვლილი მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში. ხოლო იმაში, რაც არ მოეწონება, იცოდეს, რომ თავისი ფული გაიფლანგა.

მაგალითად, ამერიკაში, მოქალაქეებს სრულად ერიცხებათ ხელფასი და ისინი ვალდებულები არიან, თავად გადარიცხონ გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტში. ეს მათ საშუალებას არ აძლევს, დაივიწყონ – რომ ქვეყნის ბიუჯეტი მათი ფულია. 

საქართველოში არსებობს 2 ტიპის: არაპირდაპირი და პირდაპირი გადასახადები. 

პირდაპირი გადასახადის ძირითადი სახე საშემოსავლო გადასახადია. ყოველთვის, როცა გვერიცხება ხელფასი, მისი 20% ავტომატურად მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. ანუ, თუ ხელზე აიღე 1000 ლარი ნიშნავს, რომ შენი რეალური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩამოჭრამდე 1250 ლარია. 

თუმცა, ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არაოფიციალურად იღებს ხელფასს და, შესაბამისად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს. არიან თუ არა ისინი ბოლომდე გათავისუფლებულები გადასახადებისგან? მოკლე პასუხია – არა, ჩვენ ყველანი ვიხდით გადასახადებს. გრძელი პასუხისთვის კი განაგრძე კითხვა. 

როცა მაღაზიაში შევდივართ და რაიმე პროდუქტს ვყიდულობთ, მის ფასში შედის სხვადასხვა ტიპის გადასახადიც. 

დღგ, ანუ დამატებული ღირებულების გადასახადი – არაპირდაპირი გადასახადია, რომელსაც ადამიანი პირდაპირ არ იხდის, უხდის ბიზნესს და ბიზნესი აძლევს ბიუჯეტს. როცა ადამიანი მაღაზიაში ყიდულობს მაგალითად – წყალს, მის ფასში შესულია დღგ. თითქმის ყველა პროდუქტის ფასში შედის დღგ – 18%, რომელსაც ჩვენ ისე ვიხდით, თითქოს მთლიანად კომპანიას ვაძლევდეთ, არადა – სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება. 

არსებობს სხვა არაპირდაპირი გადასახადიც, მაგალითაც აქციზი. სააქციზო პროდუქტებია თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, ბენზინი და ა.შ. ანუ თუ სიგარეტს იყიდი, მოგიწევს გადაიხადო მისი ფასის 18% დღგ და აქციზი, 20 ღერზე 1.70 თეთრი. 

ძალიან მნიშვნელოვანი გადასახადია აქციზი ბენზინზე. პროდუქტების უმეტესობას წარმოების ადგილიდან გასაყიდ წერტილამდე გადაადგილება სჭირდება. მისი ტრანსპორტირების ხარჯი შედის პროდუქტის ფასში. ბენზინზე აქციზი აძვირებს პროდუქტების გადაადგილებას და შესაბამისად მათ საბოლოო ფასსაც. 

ამათ გარდა, არსებობს სხვა სახის გადასახადებიც, მაგალითად იმპორტის და მოგების გადასახადები. 

ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 85%-ზე მეტს, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები შეადგენს. ანუ თანხა, რომელიც გვეჭრება ხელფასებიდან, დამატებული ღირებულების, აქციზის თუ სხვა გადასახადის სახით – მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება სხვადასხვა სახის პროექტები. 

ამის გარდა, ბიუჯეტი იმ ვალებითაც ივსება, რომელსაც სხვა ქვეყნები გვაძლევენ. ახლა საქართველოს ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა და შეადგენს კანონმდებლობით დაშვებულ ზედა ზღვარს – მთლიანი მშპ-ს 60%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანას მშპ-ს 100%-ის ტოლი საგარეო ვალი აქვს, ჩვენთვის, როგორც ღარიბი ქვეყნისთვის, ეს უფრო დიდი ტვირთია, ვიდრე მათთვის. 

ქვეყნის ვალი ისევ მისი მოსახლეობის გადასახდელია. ანუ, ჩვენი გადასახადების ნაწილი იხარჯება იმაში, რომ ქვეყნის ვალი გავისტუმროთ. საქართველოს მოქალაქეს დაბადებისას უკვე რამოდენიმე 1000 ლარი აქვს ვალი, რომლის გადახდა გადასახადებით მოუწევს. 

ისევ გავიმეორებთ, რაც უკვე ვთქვით – ამ სტატიის მიზანი არ არის კარგი და ცუდი გადასახადების გამოვლენა.

როგორი ტიპის და რა დონის გადასახადიც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა აცნობიერებდეს – რომ ბიუჯეტი მათი ფულით ივსება. ნებისმიერი არაეფექტური, არასწორი დანახარჯი – ჩვენი ფულის ფლანგვაა, სწორი დანახარჯი კი ჩვენი ფულის ეფექტურად დახარჯვა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ და რაში იხარჯება ფული, როგორი ეკონომიკური შედეგი მოჰყვა ან მოჰყვება ამა თუ იმ რეგულაციასა და სუბსიდირებას. 

ამით არდაინტერესება, იგივეა საფულე რომ სხვას მიაბარო, კონკრეტული დავალებით და არ დაინტერესდე სინამდვილეში დახარჯა თუ არა ისე, როგორც შენ გინდოდა. იმიტომ, რომ ბიუჯეტი – ეს შენი ფულია, ქვეყნის მოსახლეობის საერთო საფულეა.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ე

როდისაა ერთი ჭიქა წყალი ძვირი?