in

გიფენის და ვებლენის პროდუქტები – მოთხოვნა-მიწოდების ხარვეზი

ტრადიციული მოთხოვნის კანონი გვასწავლის, რომ როდესაც საქონელზე ფასი იზრდება მოთხოვნის რაოდენობა, ანუ გაყიდული ერთეულები, მცირდება. ასევე პირიქით, როცა პროდუქტი იაფდება მისი ყიდვის სურვილი მეტ ადამიანს უჩნდება. იმის მიუხედავად, რომ ეკონომისტები მოთხოვნის კანონს უნივერსალურად აღიქვამენ, მას მაინც აქვს რამდენიმე გამონაკლისი. ასეთებია გიფენის (Giffen) და ვებლენის (Veblen) პროდუქტები. 

  გიფენის პროდუქტები 1800-იანი წლების ბოლოს გამორჩეული შოტლანდიელი ეკონომისტის, რობერტ გიფენის, სახელს უკავშირდება. ის კონცენტრირდება დაბალბიუჯეტურ, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვან პროდუქტებზე, როგორებიცაა პური ან ბრინჯი, რომლებსაც ცოტა შემცვლელი ყავს ანუ იგივე ფასში სხვა მსგავსი პროდუქტის ყიდვა შეუძლებელია. ხოლო ვებლენის პროდუქტები კი პირიქით, არის ძვირადღირებული და ექსკლუზიური პროდუქტები, მაგალითად დიზაინერების ხელნაკეთი აქსესუარები.

ორივე შემთხვევაში, როცა პროდუქტის ფასი იზრდება, ასევე იზრდება მასზე მოთხოვნაც, რაც ეწინააღმდეგება მოთხოვნის ფუნდამენტურ კანონს. გიფენის პროდუქტების შემთხვევაში ამის მთავარი მიზეზი მყიდველების სიღარიბე და უალტერნატივობაა. მაგალითისთვის ავიღოთ დაბალ შემოსავლიანი ადამიანები, რომელთათვისაც პურის ფასი ისე გაიზარდა, რომ სხვა პროდუქტები მაგალითად ხორცი ხელმიუწვდომელია. ამ შემთხვევაში ხორცზე მოთხოვნა შემცირდება, რადგან ის მათთვის ზედმეტად ძვირია. პურზე მოთხოვნა კი გაიზრდება, გაზრდილი ფასების მიუხედავად, რადგან პური ერთადერთია რისი ყიდვაც მათ შეუძლიათ. მსგავსი პროდუქტების არსებობის თვალსაჩინო მაგალითია 2007 წელს ჰარვარდის ეკონომისტების მიერ ჩატარებული კვლევა ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში, სადაც ბრინჯი მოსახლეობის ძირითადი საკვებია. ექსპერიმენტის ფარგლებში ოჯახები რომლებსაც სპეციალური ვაუჩერებით ბრინჯის ფასი შეუმცირდათ, უფრო ნაკლებს მოიხმარდნენ ადრინდელთან შედარებით. ბრინჯზე დაზოგილი თანხით მათ შეეძლოთ სხვა პროდუქტები ეყიდათ და მეტად ჩაენაცვლებინათ ის. და პირიქით, როდესაც ოჯახებს ფასის შეღავათი მოუხსნეს, მათ ვეღარ შეძლეს სხვა პროდუქტების ყიდვა და მეტი ბრინჯის მოხმარება განაგრძეს.

  მსგავსი უკიდურესობაა ვებლენის პროდუქტებიც, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება ძვირადღირებულ სამკაულებს და საათებს, იახტებს და ა.შ. ისინი მათი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე სტატუსის სიმბოლოდ აღიქმება და რაც უფრო მაღალფასიანია, მით უფრო მიმზიდველია ისინი მდიდარი ხალხისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები თავს გრძნობენ უფრო მნიშვნელოვნად და განსაკუთრებულად, როდესაც ყიდულობენ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელზეც სხვებს ხელი არ მიუწვდებათ. ასევე, საზოგადოდ, მომხმარებელები პროდუქტებს აღიქვამენ მეტად ხარისხიანად, თუ მათი ფასი მაღალია.

ხშირად კომპანია თავის საქონელს ერთ რეგიონში და ერთი ტექნოლოგიით ამზადებს, მაგრამ მის ერთ ნაწილს ყიდის როგორც პრემიუმ დონის პროდუქტს, ხოლო მეორეს ფართო მასშტაბზე გაცილებით დაბალ ფასად. ეს ყველაფერი კი ძირითადად მარკეტინგის და ბრენდულობის დამსახურებაა.

მსგავსად, როდესაც პროდუქტი აღქმულია როგორც ძნელად მოსაპოვებელი ფასის ან ტირაჟის გამო, მდიდარი ადამიანები მზად არიან მასში მეტი და მეტი გადაიხადონ. ეს ეფექტი მეტად შესამჩნევია ხელოვნების სამყაროში. გარდაცვლილი არტისტების მხატვრობები, როგორებიცაა ლეონარდო დავინჩის “მონა ლიზა”, მუნკის “კივილი” და სხვები შეფასებულია მილიონობით დოლარად, რადგან მცირე რაოდენობით არსებობენ. მსგავსი კოლოსალური ფასები აუცილებლად მათ ხარისხს არ ასახავს, არამედ მათ ექსტრემალურ ექსკლუზიურობას.

 როგორც ავღნიშნეთ ორივე პროდუქტის მოთხოვნა იზრდება მათი ფასის ზრდასთან ერთად, მაგრამ განსხვავება პროდუქტის ტიპშია. ვებლენის საქონელი არის ფუფუნების საგანი, რომელიც აღნიშნავს საზოგადოებაში არსებულ სტატუსს, როგორიცაა მანქანები, იახტები, კარგი ღვინოები. ხოლო გიფენის საქონელი არის აუცილებელი საქონელი, როგორიცაა ბრინჯი, კარტოფილი და ხორბალი. ფასების ზრდისას მათი მოთხოვნა რჩება მაღალი, რადგან მათთვის მზა შემცვლელი არ არსებობს. ვებლენის საქონელის უამრავი პრაქტიკული მაგალითი არსებობს. გიფენის საქონელი კი, თავის მხრივ, შედარებით იშვიათია და იმდენად თეორიულია, რომ ზოგიერთი ეკონომისტი მის არსებობას საერთოდ საეჭვოდ მიიჩნევს. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

რამდენად კარგად იცნობ ფულს?

ურბანიზაციის მნიშვნელობა ეკონომიკისთვის