in

ინფლაცია

სანამ დავიწყებთ საუბარს იმაზე, თუ რა არის ინფლაცია – ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს –  “რატომ უნდა ვიცოდე საერთოდ რაიმე ინფლაციის შესახებ, რაში მაინტერესებს?” უნდა ვიცოდეთ იმიტომ, რომ ინფლაცია პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი ახლობლების ცხოვრების ხარისხზე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენნიშნაა შენი ხელფასი, მთავარია რა რაოდენობის პროდუქტის ყიდვა შეუძლია მას.  

ინფლაცია პროდუქტებისა და სერვისების საერთო ფასების ზრდაა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფულის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებაა და კიდევ სხვანაირად რომ ვთქვათ – იმ ფასის ზრდაა, რომლის გადახდაც ცხოვრებისთვის გვიწევს. მას ხანდახან ფარულ გადასახადსაც უწოდებენ. 

ინფლაციას რამოდენიმე მიზეზი იწვევს. ერთ-ერთი (თუმცა, არა ერთადერთი) მიზეზი ფულადი მასის ზრდაა.

მოდით, წარმოვიდგინოთ ყველა ფული და ყველა პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუ ფულის რაოდენობა პროდუქტებისა და სერვისების ჯამურ ღირებულებას ბევრად გადააჭარბებს, გამოვა, რომ ფული მეტი გვაქვს, ვიდრე ის – რასაც ეს ფული ყიდულობს. ამიტომ, ფულის ღირებულება პროდუქტთან მიმართებაში დაეცემა, ფასები კი გაიზრდება.

ზოგჯერ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება, ხალხს ფული აღარ ჰყოფნის, მთავრობა ვეღარ იხდის სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულების ხელფასებს ან ქვეყნის ვალებს – ის იღებს (ბევრის მოსაზრებით საეჭვო) გადაწყვეტილებას დაბეჭდოს დამატებითი ფული.

მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიამ სხვა ქვეყნებისთვის ფულადი ვალდებულების დასაფარად დიდი რაოდენობით კუპიურების ბეჭდვა დაიწყო, რამაც ჰიპერინფლაცია გამოიწვია (ზოგი ფიქრობს, რომ ეს გერმანიამ სპეციალურად გააკეთა, რათა ჰიპერინფლაცია გამოეწვია და აღარ გადაეხადა თანხა, თუმცა რაც უნდა ყოფილიყო მოტივი, ფაქტი ფაქტად რჩება – მთავრობის მიერ ფულის დამატებით, დიდი მასის ბეჭდვას ჰიპერინფლაცია მოჰყვა).

სადამდე შეიძლება მივიდეს ინფლაცია, ამას მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ უნგრული კუპიურაც გვიჩვენებს, რომელზეც არც მეტი არც ნაკლები რიცხვი 10 000 000 წერია.

ხოლო ზიმბაბვეში ფასები საშუალოდ 15 წუთში ერთხელ იზრდებოდა. თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, 92-94 წლებში, საქართველოში ინფლაციამ 4000-5000%-ს  და პურის ფასმა ხუთ მილიონ კუპონს მიაღწია.  

ფულის მასის ზრდის გარდა, ინფლაცია შეიძლება გამოიწვიოს რეგულაციებმა, არასტაბილურმა შიდა ან გარე პოლიტიკურმა ვითარებამ, ოლიგოპოლიურმა შეთანხმებებმა ან რომელიმე პროდუქტზე ფასის მოულოდნელმა ზრდამ.

მაგალითად საწვავი, ყველა სხვა პროდუქტის დისტრიბუციისთვის გამოიყენება და ამიტომ ყველაფრის ფასში მისი ღირებულებაც შედის. თუ რაიმე მიზეზით საწვავი გაძვირდება, ის ჯაჭვურად, თითქმის ყველაფრის გაძვირებას გამოიწვევს. 

არსებობს მცოცავი ინფლაცია (10%-ის ფარგლებში), გალოპირებული (20-200%-იანი ინფლაცია) და ჰიპერინფლაცია (როცა ფასები ძალიან სწრაფად და დიდი მაჩვენებლით იზრდება). 

მცოცავი ინფლაცია ბევრ განვითარებად ქვეყანას აქვს. თუმცა, ინფლაციას “გუნდის ეფექტი” ახასიათებს – მოსახლეობას, ბიზნესებს, ინვესტორებს და მთავრობას აშინებს, ეს შიში კი კიდევ უფრო მეტად აფერხებს ეკონომიკის განვითარებას. 

დიდი ინფლაცია იწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას,  მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის კლებას, ეროვნული ბანკის მიერ  რეფინანსირების განაკვეთის ზრდას – რაც თავის მხრივ კომერციულ ბანკებში ადამიანებს უძვირებს კრედიტს, ბიზნესებს აქვთ ნაკლები მოგება, მოსახლეობას ეზრდება ხარჯები, იზრდება უთანასწორობის დონე და ა.შ. 

მაგრამ, თუ ინფლაცია ასეთი ცუდია, რატომ ამბობენ, რომ მცირე დონით სასარგებლოა?

თუ ფასები სულ კლებისკენ მიდის, მოსახლეობას ფულის შენახვის მოტივაცია უჩნდება და გადაწყვეტს, ზოგიერთი პროდუქტი ჯერ არ იყიდოს. ეს ეკონომიკური გარიგებების რაოდენობას და შესაბამისად ეკონომიკას აფერხებს.

როცა ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, ეს ნიშნავს რომ საშუალო ადამიანს მეტი თანხა და შესაბამისად მეტი პროდუქტის ყიდვის სურვილი უჩნდება. ანუ, ქვეყანაში ჯამური მოთხოვნა იზრდება. მოთხოვნის ზრდა კი, როგორც წესი, ფასების მატებას იწვევს. ასეთი მიზეზით გამოწვეული ინფლაცია მცირეა და მიზნობრივ დონედ ითვლება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ინფლაცია “სასარგებლოდ” მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, როცა მცირე დონეზეა. საქართველოში ინფლაციის სასურველ დონედ ეროვნული ბანკი 0-3%-მდე ინფლაციას ასახელებს, თუმცა ამჟამად ინფლაცია 12.8%-ია, რაც ქვეყანაში პროდუქტებისა და სერვისების ფასებზეც აისახა. 

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ა

ჩრდილოეთ კორეის “ეკონომიკა”