in

კერძო საკუთრება საქართველოში

ტერმინი “საკუთარი” პირველივე ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში, “შუშანიკის წამებაში”, გვხვდება – როდესაც იაკობ ხუცესი ვარსქენის მსახურს მოიხსენიებს “საკუთრებით”.  თუმცა, დღევანდელი იურიდიული მნიშვნელობით, ეს ტერმინი IX-X საუკუნეში მოღვაწე ბ.ზარზმელის თხზულებაში გვხვდება, რომელშიც მოთხრობილია როგორ “განუთვსა საკუთრებაში” მამული გ.ჩორჩანელმა დისშვილებს. 

მიუხედავად იმისა, რომ პირველი საბუთი ამ ტერმინით IX საუკუნეში გვხვდება, ივანე ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ცნება დღევანდელი მნიშვნელობით უფრო ადრეც არსებობდა. მისი აზრით, კერძო საკუთრება ჯერ წარჩინებულთა წრეებში გაჩნდა და შემდეგ სხვა ფენებშიც გავრცელდა. 

ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ტერმინი “საკუთრება” ბერძნული სიტყვიდან მოდის და ნიშნავს საზრუნავს, მოსავლელს. “საზოგადო” “საკუთარისგან” კი განსხვავდება იმით, რომ საზოგადოების თითოეული წევრის განსაკუთრებული მზრუნველობა არ სჭირდება. 

უკვე მე-XI საუკუნის “ნიკორწმინდის სიგელში” გაფორმებულია ყიდვა-გაყიდვის საბუთი და ჩამოთვლილია თუ რა იყიდეს, რა ფასად. ასევე 1020 წლის საბუთში მელქისედეკ კათალიკოსს აქვს მცხეთის ტაძრისთვის შეძენილი უძრავი საკუთრების ჩამონათვალი. 

საქართველოში განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა ტერმინებს “საკუთრება” და “ქონება”. 

ქონება იყო ის, რისი ქონის უფლებაც გქონდა, თუმცა საკუთრებისგან განსხვავებით, ბოლომდე შენი არ იყო. მაგალითად, შიომღვიმისათვის შესაწირ საბუთში ჭიაბერი წერს, რომ შეწირვის უფლება მეფე თამარმა მისცა. 

ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ მეფისგან უფლების აღების აუცილებლობა “ამტკიცებს, რომ ჭიაბერის “ქონებას” კერძო საკუთრების თვისება არა ჰქონია”. 

რაიმეს “ქონის” უფლებას თუ არა მხოლოდ 1, არამედ მომავალ თაობებსაც აძლევდნენ, საბუთში უნდა მიეთითებინათ, რომ მიცემული იყო “ყოველთა მომვალთა მათთადა”. 

თუმცა, რიგ შემთხვევებში,  შესაძლებელი იყო კერძო საკუთრების ან ქონების ჩამორთმევა. მაგალითად მაშინ, როცა: 

  1. მესაკუთრე უმემკვიდრეოდ გარდაიცვლებოდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს, რომ ვინმე ლიპარიტ რატის ძე სწორედ ასე, უმემკვიდროდ გარდაიცვალა, ამიტომ “მამული მისი აღიღო მეფემან”. 
  2. თუ საკუთრებაზე ვინმე გარეშე პირს გაუჩნდებოდა პრეტენზია, მესაკუთრე კი უფლების დამამტკიცებელ საბუთს ვერ წარმოადგენდა.  
  3. თუ მესაკუთრე 30 წელი არ ისარგებლებდა თავისი საკუთრებით, მის მაგივრად კი სხვა მოიხმარდა “მიუმძლავრებლად”.
  4. თუ ძველი მეფისგან მიცემულ ქონებას, ახალი მეფე არ განუახლებდა. 
  5. თუ ვინმე ქონებას სხვას რაიმე პირობით გადასცემდა, ამ პირობას კი ქონების მფლობელი დაარღვევდა. 

ანუ, საქართველოში კერძო საკუთრების ცნება მინიმუმ IX საუკუნიდან ჩნდება, თუმცა ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით უფრო ადრეც არსებობდა.  გვხვდება ორი ტერმინი “საკუთრება” და “ქონება”. საკუთრება განუსაზღვრელ, ქონება კი შეზღუდულ უფლებებს მოიცავდა.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის მე-7 ტომი

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ფუნქციის ძიებაში

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ა