in

კონკურენციის მნიშვნელობა

კონკურენცია ეკონომიკური წინსვლისთვის მამოძრავებელი ძალაა. კონკურენციის დამსახურებაა, რომ ამდენი არჩევანი და ხარისხიანი ალტერნატივები გვაქვს. კონკურენციას აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ფუნქციები.

სოციალური ფუნქციები:

კონკურენცია ეხმარება ბაზრის მონაწილეებს, რომ საბაზისო ეკონომიკური თავისუფლება ჰქონდეთ. კონკურენცია ხელს უშლის მხოლოდ ერთი მოთამაშის გაძლიერებას და ხელს უწყობს ბაზარზე რამდენიმე ძალის არსებობას. კონკურენციულ გარემოში რთულია, რომ ბაზარზე დომინაცია მხოლოდ ერთ კომპანიას ჰქონდეს.

კონკურენცია გულისხმობს ალტერნატივების არსებობას და მათ შორის არჩევანის თავისუფლებას – მომხმარებლებს თავად შეუძლიათ მრავალი პროდუქტისა და მომსახურებისგან ის აარჩიონ, რომელიც უკეთ აკმაყოფილებს მათ სურვილებსა და შესაძლებლობებს. იმის გარდა, რომ ალტერნატივების არსებობა მომხმარებლისთვის ხელსაყრელია, ის ასევე ხელს უწყობს ინოვაციებსა და მეწარმეობის განვითარებას.

ეკონომიკური ფუნქციები:

კონკურენცია ხელს უწყობს ეფექტიან საბაზრო პროცესებსა და შედეგებს. რას ნიშნავს ეს? კონკურენტულ ბაზრებზე ფასები და პროდუქციის ზღვრული დანახარჯი თანხვედრაშია, რესურსები ოპტიმალურადაა გადანაწილებული და იზრდება საზოგადოების მთლიანი კეთილდღეობა. გარდა ამისა, კონკურენციის პირობებში კომპანიები ცდილობენ, ისეთი გზებით აწარმოონ პროდუქტი, რომ მაქსიმალური შესაძლო შედეგი მიიღონ. ამის გამო ნაკლებად იფლანგება რესურსები და მცირდება წარმოების ზღვრული ხარჯები. კონკურენცია ასევე ახალისებს კომპანიებს, რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი თუ მომსახურება შესთავაზონ.

შეგიმჩნევია, რომ თუ ტექნიკის რომელიმე კომპანია მობილურ ტელეფონს ახალ ფუნქციებს უმატებს, სხვა კომპანიებიც მალევე ცდილობენ მომხმარებელს სიახლე შესთავაზონ? ბაზრის მონაწილეები მუდმივად ცდილობენ დახვეწონ პროდუქტი და უფრო მიმზიდველი გახადონ მომხმარებლისთვის. შედეგად მომხმარებელს უკეთესი არჩევანი აქვთ და იზრდება მათი კმაყოფილებაც.

კონკურენცია ხელს უწყობს რესურსების მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოყენებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე აისახება. იმის გამო, რომ ბაზარზე ალტერნატივები არსებობს, კომპანიებს აქვთ მოტივაცია, რომ სწრაფად ადაპტირდნენ და მოერგონ მოთხოვნებს, რადგან არსებობს შანსი, რომ თუ ისინი ვერ უპასუხებენ ახალ გამოწვევებს, ამას მათი კონკურენტები შეძლებენ. ამის მაგალითია რესტორნების ქცევა პანდემიის პერიოდში – მათი დიდი ნაწილი მოერგო არსებულ სიტუაციას და მომხმარებელს მიტანის სერვისი შესთავაზა.

სულაც არაა გასაკვირი, რომ კონკურენცია ინოვაციას უწყობს ხელს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები პირდაპირ თუ ირიბად უბიძგებენ კომპანიებს, რომ იპოვონ ახალი დაბალხარჯიანი გზები პროდუქციის საწარმოებლად. სწორედ ამ პროცესში ჩნდება ინოვაციები. ინოვაციური შეიძლება იყოს წარმოების მეთოდი, პროდუქტი, ორგანიზაციის სტრუქტურა, მიწოდების ხერხი, მარკეტინგი ან სხვა რამ.

თავისი ფუნქციებით კონკურენცია ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. ეკონომიკური თავისუფლება, ეფექტიან საბაზრო პროცესები, რესურსების გონივრული გამოყენება და ინოვაციები ეხმარება როგორც ბიზნესებს, ასევე მომხმარებლებს და საბოლოოდ მთლიან ეკონომიკას.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ონლაინ გადარიცხვები

“ივერია” 1877 წლის 3 მარტი